დიდ ბრიტანეთში, სამეფო საპროკურორო სამსახური პროკურორებს ინფორმაციას დაუგზავნის გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის შესახებ არსებული მითებისა და სტერეოტიპების მიმოხილვით. ეს მას შემდეგ გაკეთდა, რაც სექსუალური ძალადობის საქმეებში საბრალდებო განაჩენების რიცხვი მკვეთრად შემცირდა. სამეფო საპროკურორო სამსახური კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა იმის გამო, რომ სასამართლოში განსახილველი საქმეების შერჩევის წესი შეცვალა, რის გამოც, გაუპატიურების უამრავი შემთხვევა განხილვის მიღმა დარჩა.
“პოტენციურად, ეს არის სიგნალი იმის შესახებ, რომ გაუპატიურება ფაქტიურად დეკრიმინალიზებულია. ძალიან ნაკლებსავარაუდოა, რომ ადამიანი ოდესმე სისხლის სამართლის პასუხისგების წინაშე დადგეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა დაზარალებულის დათრობა ფიქსირდება. რა მესიჯს უგზავნის ეს კაცებს, რომლებსაც გაუპატიურება აქვთ განზრახული? ეს ნამდვილად საგანგაშო გზავნილია”, – ამბობს ორგანიზაცია Centre for Women’s Justice-ის დამაარსებელი ჰარიეტ ვისტრიჩი.
ახლა, პროკურორებს სპეციალური სახელმძღვანელო დაეგზავნებათ, სადაც ნათქვამია, რომ “გაუპატიურებას, შესაძლოა, დამანგრეველი შედეგები მოჰყვეს დაზარალებულისთვის, ოჯახებისთვის და მთელი საზოგადოებებისთვის, და ჩვენ თითქმის ყოველთვის ვეცდებით, სასამართლოში პასუხი ვაგებინოთ მათ, ვის წინააღმდეგაც საკმაო სამხილები არსებობს”. დოკუმენტში მოყვანილია იმ მითების და სტერეოტიპების ჩამონათვალი, რომლებსაც მსხვერპლის დადანაშაულების გამოწვევა და მოძალადის გამართლება შეუძლიათ. მათ შორისაა მითი იმის შესახებ, რომ ძალადობას დაზარალებულის სამოსი ან ფლირტისთვის მზაობა იწვევს, და სტერეოტიპი, თითქოს გაუპატიურება ყოველთვის სისასტიკეს უკავშირდება. ასევე, სახელმძღვანელოში საუბარია ონლაინ ურთიერთობებზეც და აღნიშნულია, რომ გაცნობების აპლიკაციებში “სექსტინგი” და ფოტოების გაცვლა სქესობრივ კავშირზე თანხმობას როდი ნიშნავს.
საპროკურორო სამსახურის ხელმძღვანელმა გაუპატიურების საკითხებში შივონ ბლეიქმა აღნიშნა, რომ ინფორმაცია სახელმძღვანელოში მოცემული მუდმივად განახლდება, რადგან “მსოფლიო მუდმივად იცვლება”.