თანასწორობის პოლიტიკა

ბრიტანელმა ტელეწამყვანმა BBC-ის თანაბარი ანაზღაურების საკითხზე სარჩელი მოუგო

ლონდონის შრომითი დავების ტრიბუნალმა ბრიტანელი ჟურნალისტის, წიგნების ავტორისა და ტელეწამყვანის სამირა აჰმედის (Samira Ahmed) სარჩელი განიხილა. სამირა დამსაქმებელს იმაში ედავებოდა, რომ ერთი და იგივე სამუშაოში, მას გაცილებით ნაკლები ანაზღაურება ჰქონდა, ვიდრე – მის კოლეგა კაცს. სასამართლომ სამირას სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 2010 წლის თანასწორი უფლებებისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის კანონის თანახმად, აჰმედის სამუშაო ანალოგიურია მისი ტელეწამყვანი კოლეგის ჯერემი ვაინის (Jeremy Vine) სამუშაოსი, შესაბამისად, მისი საპირწონეც.

სამირა აჰმედმა BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი 2019 წლის ოქტომბერში შეიტანა, სადაც დამსაქმებელს იმაში სდებდა ბრალს, რომ იგი ერთნაირი სამუშაოს შემსრულებელ თანამშრომელ ქალებს და კაცებს სხვადასხვა ანაზღაურებას უხდიდა. როგორც მოსარჩელე ამტკიცებდა, საინფორმაციო პროგრამა Newswatch-ის ერთი 15-წუთიანი გამოშვების წაყვანისთვის, იგი იღებდა $440–465-ს, ხოლო მისი კოლეგა ჯერემი ვაინი, 15-წუთიანი პროგრამა Points of View-ის წაყვანისთვის, ანალოგიური სამუშაოსთვის $3 000-ს იღებს. BBC-ის ადვოკატები ირწმუნებოდნენ, რომ ის ორი საინფორმაციო პროგრამა შინაარსით და სტრუქტურით მაინც სხვადასხვაა, ხოლო ჯერემი ვაინი ბრიტანელ მაყურებელში გაცილებით დიდი პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე – სამირა აჰმედი, რომ ჯერემის პროგრამაც გაცილებით ცნობილია მაყურებლისთვის, და რომ ზოგადად, Points of View-ზე მუშაობაზე გაცილებით დიდი ანაზღაურება იყო დაწესებული, ვიდრე – Newswatch-ში.

მაგრამ, ორივე მხარის არგუმენტების განხილვის შემდეგ, ტრიბუნალმა განაცხადა, რომ ამ ორ პროგრამას შორის შინაარსობრივი და რეიტინგული განსხვავებები იმას არ ნიშნავს, რომ მათი წამყვანები სხვადასხვა სამუშაოს ასრულებენ, რაც სხვადასხვაგვარად უნდა შეფასდეს. შესაბამისად, BBC-მ „ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რომ სხვაობა შრომის ანაზღაურებაში რაღაც არსებითი ფაქტორით აიხსნება, რომელიც არ უკავშირდება მოსარჩელის დისკრიმინაციას სქესობრივი ნიშნით“.

აჰმედის მტკიცებით, წლების მანძილზე, პროგრამა Newswatch-ზე მუშაობისას მას BBC-მ არ გადაუხადა $700 000-ზე მეტი, მაგრამ ტრიბუნალმა ეს საკითხი არ განიხილა. იგი უკვე BBC-ისა და აჰმედის კერძო მოლაპარაკების საგანია, უკვე სხვა სასამართლო ინსტანციაში. თავად კომპანიის მონაცემებით, მის წინააღმდეგ თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების საკითხში 70-მდე მსგავსი პრეტენზია არსებობს.

theguardian.com