"საფარის" საქმეები / იურიდიული დახმარება

ყოფილ მეუღლეზე არაერთგზის მოძალადე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

კავშირი „საფარი“ 2019 წლიდან იცავს ძალადობის მსხვერპლი ქალის ნ. ს.-ს  ინტერესებს. ის წლების მანძილზე განიცდიდა ძალადობას თავისი ყოფილი მეუღლის ჯ. ს.-ს მხრიდან.

2019 წლის 7 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ჯ. ს., მეუღლეზე განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების გამო, ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

თუმცა, სასჯელის  მოხდის შემდეგ, მოძალადემ კვლავ განაგრძო ძალადობრივი  ქმედებები ყოფილი მეუღლის მიმართ. 2019 წლის 25 ივლისს და 12 სექტემბერს, მის მიმართ კვლავ გამოიცა შემაკავებელი ორდერები. გარდა ამისა, დაიწყო გამოძიება მისი მხრიდან ნ. ს.-ს მიმართ განხორციელებული მუქარის მუხლით.

საფარის საქმეში ჩართვის შემდეგ, საქმის მასალების გაცნობისას გამოიკვეთა, რომ მოძალადე მსხვერპლის მიმართ ადევნებას ახორციელებდა. ორგანიზაციამ წერილობით მიმართა პროკურატურას, დანიშნულიყო სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა მსხვერპლის ფსიქო-ტრავმული ნიშნების დასადგენად. საფარის იურისტების ძალისხმევის შედეგად, მუქარის კვალიფიკაციასთან ერთად, მოძალადეს ბრალი დამატებით ადევნების მუხლით წაეყენა.

სასამართლომ  ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა.

მაგრამ, ბრალდებულმა, მიუხედავად იმისა, რომ გირაოს ქვეშ იმყოფებოდა, კვლავ ჩაიდინა დანაშაული და 2020 წლის 4 და 18 იანვარს, ყოფილ მეუღლეზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადა. ზემოთხსენებულ დანაშაულზე სასჯელი გათვალისწინებულია სს კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით.

შსს-მ მოძალადე დააკავა, მოგვიანებით კი იგი დაპატიმრებულ იქნა სასამართლოს მიერ.

ამრიგად, ჯ. ს.-ს ბრალი წაეყენა ნ. ს.-ს მიმართ განხორციელებული  ძალადობრივი ქმედებების არაერთგზის ჩადენაში. 2020 წლის 10 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი  ჯ. ს.-ს  მიმართ. მას 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ასევე, ბიუჯეტის სასარგებლოდ  გადაირიცხა მის მიერ გირაოში გადახდილი 5000 ლარი.