ნინო გოდერძიშვილმა, თავისი მოქმედი ადვოკატის ლ. ჯ-ის მიერ მის მიმართ ჩადენილი ფსიქოლოგიური ძალადობის, სექსუალური შევიწროების, ადევნების ფაქტებთან დაკავშირებით, დახმარებისათვის საფარს 2020 წლის სექტემბრის დასაწყისში მიმართა.
ნინოს სოციალური ქსელის Facebook-ის მეშვეობით დაუკავშირდა ადვოკატი ლ. ჯ., რომელიც სამართლებრივი კონსულტაციისას კლიენტის სექსუალურ შევიწროებას შეუდგა. მიმოწერის დროს, იგი ნინოს დროდადრო უგზავნიდა თავის პირად ფოტოებს/ვიდეოებს, და სხვადასხვა ხერხებით ცდილობდა, იგი ურთიერთობაზე დაეთანხმებინა.
როდესაც მსხვერპლმა ამ შეთავაზებებზე მტკიცე პროტესტი გამოხატა, ადვოკატმა ლ. ჯ-მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას, უწოდა „უტვინო“, „გოიმი“, „სოფლელი“, „განათხოვარი“, მოკლედ, მის ყოველმხრივ დისკრედიტაციას შეეცადა.
უამრავი შეურაცხმყოფელი გამოხდომის შედეგად, ნინომ ადვოკატს მასთან კონტაქტის ყველანაირი საშუალება დაუბლოკა.
ამის შემდეგ, მოძალადეს კვლავ ჰქონდა მასთან დაკავშირების მცდელობები 3 სხვადასხვა ფეისბუქ პროფილიდან, რომლებიც ნინომ ასევე დაბლოკა.
გარდა ამისა, ადვოკატი თვალს ადევნებდა ნინოს აქტივობას ფეისბუქზე, “დიღმის მასივის” ჯგუფში, სადაც ასევე თვითონაცაა გაწევრიანებული და ამ ჯგუფში მსხვერპლის კომენტარის გამოყენებით, შეძლო საცხოვრებელი მისამართის გაგება და ამ მისამართზე მისვლა, რაც ნინოსთვის უკიდურესად არასასურველი და გამაღიზიანებელი იყო.
ამ ფაქტების საფუძველზე, სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენის მიზნით, საფარმა სახალხო დამცველსა და ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას მიმართა.
ამ ფაქტის შემდეგ, ადვოკატმა ლ. ჯ-მა დაურეკა ნინო გოდერძიშვილს და დაჟინებით მოსთხოვა შეხვედრა, რაზე უარის მიღების შემდეგ, თავის პირად ფეისბუქ გვერდებზე და ასევე სხვადასხვა საჯარო ჯგუფებში გამოაქვეყნა შეურაცხმყოფელი საჯარო პოსტები, რომელსაც დაურთო ნინოს ფეისბუქიდან უნებართვოდ აღებული, მოპარული პირადი ფოტო.
ამ პოსტებზე, უამრავი ადამიანი საჯარო კომენტარებით შეურაცხყოფას აყენებს ნინოს. კომენტარებში განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა თავად ადვოკატი ლ. ჯ., რომელიც მსხვერპლს მტრულ, შეურაცხმყოფელ, ღირსების შემლახავ გარემოს უქმნის.
აღნიშნული ფაქტების საფუძველზე, 2020 წლის 30 ნოემბერს, საფარმა საგამოძიებო ორგანოს მიმართა. ამასთანავე, ნინოს დაცვის უზრუნველსაყოფად, ოპერატიული რეაგირებისათვის, მოთხოვნილ იქნა შემაკავებელი ორდერის გამოცემა.
2020 წლის 2 დეკემბერს, მოძალადე ადვოკატის მიმართ, ნინოს დაცვის მიზნით, შემაკავებელი ორდერი გამოიცა.
მოძალდემ ორდერი გაასაჩივრა.
აღსანიშნავია, რომ მთელი სამართალწარმოების სტადიებზე, მოძალადე და მისი ადვოკატები ნინოს მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ.
საფარის მოტივირებული შუამდგომლობის შესაბამისად, სასამართლო სხდომა დაიხურა და ინკამერა პროცესი მიმდინარეობდა. საქმეში ფიგურირებს უამრავი პირდაპირი სახის მტკიცებულება, რაც ადასტურებს ლ. ჯ-ის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის ჩადენას ნინოს მიმართ.
2020 წლის 30 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ თამარ მეშველიანმა გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, არ დაკმაყოფილდა მოძალადე ლ. ჯ-ის სარჩელი და ძალაში დარჩა ნინოს დაცვის უზრუნველსაყოფად გამოცემული შემაკავებელი ორდერი.