"საფარის" საქმეები / სიახლეები

საფარის საქმე: დედამ წლების განმავლობაში უნახავ შვილებთან შეხვედრის უფლება მოიპოვა

sapari

ამა წლის ივნისში, საფარს მომართა ბენეფიციარმა. მას ბავშვების ნახვის უფლებას არ აძლევდა ყოფილი მეუღლე, რომელსაც ისინი თავისთან ჰყავს წაყვანილი. ყოფილი მეუღლეები ერთმანეთს საზღვარგარეთ ყოფნის დროს, 2016 წელს დაშორდნენ, მათ ორი შვილი ჰყავთ. დაშორებისას, ისინი შეთანხმდნენ, რომ ბიჭს მამა წაიყვანდა საქართველოში, თავისთან საცხოვრებლად, ხოლო როგორც კი დედა საქართველოში დაბრუნდებოდა, იგი ბავშვს დაიბრუნებდა.

საფარის ბენეფიციარი მართლაც 6 თვეში ჩამოვიდა საქართველოში, ბავშვის წამოსაყვანად მიაკითხა ყოფილ მეუღლეს, მაგრამ ბავშვმა მასთან დაბრუნება არ ისურვა, რადგან მამის ზეგავლენით, დედის მიმართ იგი უკვე ნეგატიურად იყო განწყობილი. დედა პერიოდულად აკითხავდა მას, რომ ბაღში მაინც ენახა და საჩუქრები მიეტანა.

2019 წელს, საფარის ბენეფიციარი კვლავ დაქორწინდა. მას მესამე შვილი შეეძინა. 2021 წლის აგვისტოში, მას სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლამ მოუწია. რადგან ბავშვის ქვეყნიდან გაყვანისთვის ორივე მშობლის თანხმობაა საჭირო, მან ყოფილ ქმარს სთხოვა ნებართვა პირველი ქორწინებიდან მასთან მცხოვრები ბავშვის თან წაყვანაზე, მაგრამ უარი მიიღო. ქალი იძულებული გახდა, გოგონა დედამისთან დაეტოვებინა და სამკურნალოდ ისე წასულიყო.

დაახლოებით ორ თვეში, ბავშვის მამამ უბრალოდ სანახავად წაიყვანა გოგონა, მაგრამ თავისთან საცხოვრებლად დაიტოვა და ყველანაირი კონტაქტი დაბლოკა ბავშვის ბებიასთან. ამის შემდეგ, დედამ ფაქტობრივად მეორე შვილთან ურთიერთობის საშუალებაც დაკარგა.

საფარმა სასამართლოს მიმართა და ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მოითხოვა. ორგანიზაციის შუამდგომლობით, საქმეში ფსიქოლოგიც ჩაერთო, რათა დადგენილიყო მათი ფსიქოემოციური მდგომარეობა ამ მოვლენების შემდეგ.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის დასკვნით, ბავშვები დედის მიმართ წყენას გამოხატავდნენ. განსაკუთრებული მიუღებლობა აღმოაჩნდა ბიჭს, რომელიც დედასთან ყოველგვარ ურთიერთობაზე უარს ამბობდა. მისი თქმით, დედა წლების განმავლობაში არ ჰყავდა ნანახი და თავს მისგან მიტოვებულად გრძნობდა, მაშინ, როდესაც სინამდვილეში, მამა უკრძალავდა მათ დედას მათთან მისვლას. ასევე, მიტოვებულად გრძნობდა თავს და წყენას გამოხატავდა გოგონაც.

რეალურად, დედა ბევრჯერ ეცადა ბავშვების ნახვას. მიუხედავად იმისა, რომ მათი ძალით წამოყვანა მამისგან არასოდეს უცდია, მას ორჯერ გამოუწერა პოლიციამ შემაკავებელი ორდერი (ერთ-ერთი შემთხვევისას, ქალი საქართველოში ფიზიკურად არ იმყოფებოდა). ამის მიზეზი ისაა, რომ დედის მხრიდან გოგონაზე ძალადობის ბრალდებით, მამამ პოლიციას მიმართა თბილისის არასრულწლოვანთა დეპარტამენტს. მართალია, დედა ბრალდებულად არ უცვნიათ და საქმე ახლაც მიმდინარეობს, მაგრამ ბავშვებზე დავის სასამართლო პროცესებში მამას ეს “არგუმენტი” აქვს ხელზე დახვეული.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის შუალედურ დასკვნაში ნათქვამია, რომ აუცილებელია, ბავშვებს ორივე მშობელთან ჰქონდეთ ურთიერთობა და ემოციური კავშირი და ორივე მხარესთან ჰარმონიული ურთიერთობა ჩამოყალიბდეს.

31 ოქტომბერს, საფარმა სასამართლოში დროებითი განკარგულების გამოცემა იშუამდგომლა და მოითხოვა, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დედისთვის სასამართლოს თავისი შვილების ნახვის უფლება მიეცა. მოთხოვნის მიხედვით, დედას ბავშვები კვირაში ერთხელ უნდა მოენახულებინა, კლასის დამრიგებლების თანდასწრებით. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

სოცმუშაკისა და კლასების ხელმძღვანელების დახმარებით, დედამ ამდენი ხნის შემდეგ პირველად შეძლო შვილების ნახვა. ისინი გაოცებულნი დარჩნენ, რადგან ბავშვები დედასთან ურთიერთობებზე მათთან სულ სხვაგვარად საუბრობდნენ, დედის პირადად ნახვის დროს კი მის მიმართ სულ სხვა დამოკიდებულებები გამოამჟღავნეს (ამჟამად, ბიჭი 10 წლისაა, გოგონა – 8-ის).

საფარის ადვოკატი მარი ზურაბაშვილი აღნიშნავს, რომ დედისა და ბავშვების პირადი კომუნიკაცია აუცილებელი იყო საქმის მსვლელობისთვის სამართლიანი გზის მისაცემად. მას იმედი აქვს, რომ ეს შეხვედრები ბავშვებს საშუალებას მისცემს, ობიექტურად დაინახონ რეალობა და უფროსების მანიპულაციებს ნაკლებად დაექვემდებარონ. დედისთვისაც და ბავშვებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთთან უშუალო ურთიერთობა, რის უფლებასაც აქამდე არ აძლევდა მათ ყოფილი ქმარი და ამით, მათი ურთიერთობების სრულიად გაწყვეტას ისახავდა მიზნად.

სასამართლო დავა კვლავ გრძელდება და მის შესახებ სიახლეებს კვლავ შეგატყობინებთ.