სიახლეები

საფარი მანდატურების მხრიდან ძალადობის საქმეზე ბრალის წარდგენას ითხოვს

ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია საფარი 11 დაზარალებულს იცავს, რომელთა მიმართ, სხვადასხვა დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსმა და ამავე სამსახურის თანამშრომლებმა ფიზიკურად იძალადეს . 

ძალადობის ფაქტებზე გამოძიება თბილისის პროკურატურაში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. პროკურატურას უკვე აქვს საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, თუმცა ამ დრომდე არც ერთ მოქალაქეს დაზარალებულის სტატუსი არ მინიჭებია, ხოლო მოძალადეების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა

ორგანიზაცია საფარი ამ ეტაპზე 11 პირს იცავს. თერთმეტი დაზარალებულიდან რვა ქალია. თუმცა, დაზარალებულთა რაოდენობა, რეალურად, მეტია, რაც ძალადობის სისტემურ ხასიათს წარმოაჩენს.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საფარმა სამართალდამცავ ორგანოებს არაერთი მტკიცებულება მიაწოდა: გამოიკითხნენ დაზარალებულები და მოწმეები; დაარქივდა და დათვალიერდა სასამართლოს შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები; საქმეში ჩაიდო ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც მანდატურის სამსახურის უფროსისა და თანამშრომლების მიერ უსაფუძვლოდ, მრავალჯერად განხორციელებულ ძალადობასა და დაზარალებულთათვის მიყენებულ ფიზიკურ დაზიანებებს ასახავს. 

მანდატურები დაზარალებულებზე ყოველგვარი მიზეზის გარეშე, არაპროპორციული ძალის გამოყენებით ძალადობდნენ, მათ შორის: სახეში ხელისა და მუშტის დარტყმით, დაზარალებულთა წაქცევით, ხელისა და წიხლის კვრით, შენობიდან ძალის გამოყენებით გამოგდებით, თრევითა და არაერთგზისი სიტყვიერი შეურაცხყოფით. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, არასათანადო მოპყრობისა და ფიზიკური ძალადობის ნიშნები აშკარაა.

გამოძიებას დამატებით ვაცნობეთ იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც დაზარალებულებმა ძალადობის შედეგად მიმართეს სამედიცინო დაწესებულებებს და საჭირო გახდა მათთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა. 

დაზიანებებისა და ძალადობის რამოდენიმე კონკრეტული მაგალითი:

  • დაზარალებული ქალი სასამართლოს შენობიდან გამოათრიეს და ხელის კვრით გამოაგდეს, რის შედეგადაც იგი სასამართლოს კიბესთან ქვის ფილაზე დაენარცხა. დაუზიანდა ხელი და ფეხი;
  • დაზარალებული კაცს სასამართლოს დერეფანში სცემა მანდატურის სამსახურის უფროსმა, მატიაშვილმა. დაზარალებულს აქვს დაზიანება მარჯვენა თვალის ქვეშ. იმავე დღეს ჩაწერილია ინტერვიუ, რომელიც გამოძიების მასალებშია წარმოდგენილი. ცემის ამსახველი ვიდეომასალა გამოძიებისთვის გადაცემულია;
  • დაზარალებული ქალი ორჯერ, სხვადასხვა დროს, გახდა მატიაშვილის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ქალს აღენიშნებოდა წინამხრის ნაწილის დაჟეჟილობა, თითების დაჟეჟილობა ფრჩხილების ტრავმით. დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, რადგან ხელს ვერ ამოძრავებდა. 
  • დაზარალებული ქალი მანდატურებმაალყაში მოაქციეს, ძირს დააგდეს და ურტყეს სახეში და გვერდებში არაპროპორციული ძალის გამოყენებით;
  • დაზარალებულ ქალს  მატიაშვილმა მუშტი დაარტყა ქვედა ყბის არეში.

შესაბამისად, მოვუწოდებთ თბილისის პროკურატურას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიება, დაზარალებულებს მიანიჭოს კანონით გათვალისწინებული სტატუსი და მტკიცებულებათა საფუძველზე დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ყველა მოძალადე პირის მიმართ.

მოვუწოდებთ საქართველოს სახალხო დამცველს, მისი კონსტიტუციური მანდატის ფარგლებში, განახორციელოს ეფექტიანი მონიტორინგი თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის საქმიანობაზე, შეისწავლოს აღნიშნული ძალადობრივი ფაქტები და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები ადამიანის უფლებების დარღვევების პრევენციის მიზნით.