"საფარის" საქმეები

საფარის საქმე: გენდერული დისკრიმინაცია ხელვაჩაურის სკოლაში

2023 წლის 18 თებერვალს საფარის იურისტმა აჭარაში, ნინო ირემაძემ, ხელვაჩაურის ერთერთი საჯარო სკოლის მოსწავლეების სახელით სახალხო დამცველს მიმართა. ის ითხოვდა სკოლაში გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენას, რადგან, სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით უკვე წლებია, რაც გოგოებს უნიფორმის – ქვედაბოლოსა და თეთრი ზედატანის ტარება ევალებათ, რაც სკოლის მოსწავლეებს უთანასწორო პირობებში ამყოფებს.

მოსწავლეებმა დირექტორთან მოლაპარაკება ბევრჯერ სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ისინი ითხოვდნენ, სკოლის უნიფორმას დაემატოს შარვალიც და გოგოებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გადაწყვიტონ, შარვალს ატარებენ თუ კაბას. დირექტორის თქმით, მან გოგოებისთვის შარვლის ტარება მხოლოდ ზამთარში დაუშვა, რადგან სეზონური პირობები გაითვალისწინა. საფარის აზრით, ეს გადაწყვეტილება დროებითია და მხოლოდ პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ემსახურება.

საფარის მიმართვის შემდეგ, სახალხო დამცველმა გამოიკვლია საკითხი და ხელვაჩაურის სკოლაში გენდერული დისკრიმინაცია დაადგინა, ხოლო სკოლის დირექციას მოუწოდა აღმოფხვრას ისეთი მიდგომები, რომელიც ხელს უწყობს გოგოების მიმართ მავნე სტერეოტიპული პრაქტიკის განვითარებას. სახალხო დამცველმა ასევე გასცა რეკომენდაცია, რომ სკოლამ გადაწყვეტილებები „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს შეუსაბამოს.

სახალხო დამცველის განცხადება სრულად შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.

ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია: 
ცხელი ხაზი:
+995 599 407 603
0322 307 603
ელ. ფოსტა: info@sapari.ge