სექსუალური ძალადობა

ბრაზილია რისხვის ქარცეცხლში: გაუპატიურების 10 წლის მსხვერპლის ვინაობა გასაჯაროებულია

გოგონას სახელი აბორტის წინააღმდეგ მებრძოლმა აქტივისტებმა გაასაჯაროეს, რადგან მისთვის ორსულობის შეწყვეტაში ხელის შეშლას აპირებდნენ. აბორტის მოწინააღმდეგეები იმ საავადმყოფოსთან შეიკრიბნენ, სადაც გოგონასთვის ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ.

გაუპატიურების შემდეგ დაორსულებულ 10 წლის გოგონაზე სავარაუდო მოძალადე პოლიციამ უკვე დააპატიმრა.

ამ ამბავმა ბრაზილიაში საყოველთაო რისხვა გამოიწვია. მოსამართლემ Google-ს, Facebook-სა და Twitter-ს ბავშვთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის წაშლა მოსთხოვა. მოსამართლე სამუელ მირანდა გონსალეს სუარესმა კომპანიებს 24 საათი მისცა ამისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დღეში 50 000 რეალის (9 000$) ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრებათ.

ბრაზილიაში აბორტებთან დაკავშირებული კანონი საკმაოდ მკაცრია, თუმცა, გაუპატიურების შემთხვევაში აბორტი ნებადართულია მაშინ, თუ დედის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშაა, ან ნაყოფს თანდაყოლილი ანენცეფალია აღენიშნება – იშვიათი მდგომარეობა, როდესაც ტვინისა და თავის ქალის ნაწილის განვითარება ფერხდება.

მიუხედავად იმისა, რომ გოგონას ორსულობის შეწყვეტისთვის სრულიად კანონიერი საფუძველი ჰქონდა, აბორტის მოწინააღმდეგეები ყველანაირად ცდილობდნენ, ამისთვის ხელი შეეშალათ. მათ იმ საავადმყოფოს ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყვეს, სადაც ოპერაცია ტარდებოდა: პერსონალს „მკვლელებს“ უწოდებდნენ, რაღაც მომენტში კი შენობის შტურმით აღებაც კი სცადეს. ბოლოს, ისინი სამხედრო პოლიციამ დაშალა.

სავარაუდოდ, გოგონას ვინაობაც ულტრამემარჯვენე აქტივისტმა სარა ჟირომინიმ გაასაჯაროვა, ცნობილმა ფსევდონიმით სარა ვინტერი.

ჯერჯერობით ცნობილი არაა, აპირებენ თუ არა მისთვის ამის გამო ბრალის წაყენებას, მაგრამ სავარაუდოდ, მას ბრალს ძალადობისკენ მოწოდებაში წაუყენებენ.

ჟირომინი ულტრამემარჯვენე დაჯგუფება Os 300 do Brasil-ის ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერია.

bbc.com