ადრეული ქორწინება

საუდის არაბეთში არასრულწლოვანთა ქორწინება შეიზღუდა

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ადრეული ქორწინების თავიდან ასაცილებლად ქორწინების ასაკობრივი ზღვარი გაზარდა. ამიერიდან, პირებს, რომლებსაც ჯერ 18 წელი არ შესრულებიათ, ქორწინებისთვის სასამართლოს სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ. მოსამართლეები ვალდებულნი არიან, დარწმუნდნენ იმაში, რომ ქორწინება არასრულწლოვანი ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, იქნება ეს ქალი, თუ კაცი. ამასთანავე, ხელისუფლებამ 15 წელზე უმცროს პირთა ქორწინება სრულიად აკრძალა.
საუდის არაბეთის იუსტიციის მინისტრის ვალიდ ბინ მუჰამედ ალ-სამაანის (Walid bin Mohammed Al-Samaani) მიერ გამოქვეყნებული მემორანდუმი ითვალისწინებს იმ პირთა პასუხისგებაში მიცემასაც, რომლებიც არასრულწლოვან ადამიანებს დაქორწინებაში ეხმარებიან.
ადრე, საუდის არაბეთის საკონსულტაციო საბჭომ ქვეყანაში ადრეული ქორწინების აკრძალვას მისცა ხმა. მანამდე, არასრულწლოვნის ქორწინებას მისი ორი ან სამი ნათესავი უნდა დასთანხმებოდა.
მსოფლიოში ადრეული ქორწინება დღემდე გავრცელებულია. 2019 წელს იუნისეფის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ყველაზე ხშირად არასრულწლოვნები ქორწინდებიან აფრიკის, სამხრეთ აზიის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ყოველწლიურად, მსოფლიოში 18 წელს მიუღწეველი დაახლ. 12 მილიონი გოგონა ქორწინდება.

arabnews.com