ეკონომიკაshe / სიახლეები

ახალი სოციალური საწარმო „ტექგოგო“ ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის შეიქმნა

იმ პრობლემებს შორის, რომელიც ქალებს ძალადობის პირობებში ცხოვრებას აიძულებს, ეკონომიკური დამოკიდებულება ერთ-ერთი პირველია. ძალადობის დაუსრულებელი ჯაჭვის გაწყვეტა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ქალს საკუთარი შემოსავალი ექნება და ეკონომიკურად ფეხზე მყარად დგომა შეეძლება, რათა ღირსეულად იცხოვროს დამოუკიდებლად. ერთი თვეა, რაც მარნეულში, ევროკავშირისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, ახალი პირველი ციფრული სოციალური საწარმო „ტექგოგო“ გაიხსნა. იგი სწორედ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით შეიქმნა, რათა ჩვენ ირგვლივ უფრო და უფრო გაიზარდოს ეკონომიკურად დამოუკიდებელი ქალების რიცხვი. პროექტის ავტორი თეო ქავთარაშვილი თავად გვიამბობს იმის შესახებ, თუ რა შესაძლებლობებს სთავაზობს „ტექგოგო“ იმ ქალებს, რომლებსაც ეკონომიკური ხელშეწყობა ყველაზე მეტად სჭირდებათ.

თეო ქავთარაშვილი: ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ 2020 წელს მონაწილეობას ვიღებდი “საფარისა” და Human Rights Foundation-ის ერთობლივ პროექტში, რომელიც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ეხებოდა. მას შემდეგ, ძალიან მინდოდა, ჩემი ცოდნა და გამოცდილება გამომეყენებინა ქალების ეკონომიკური გაძლიერების საქმეში. მაშინვე აქტიურად დავიწყე იდეებზე მუშაობა, დავწერე ბიზნეს პროექტი, რომელიც გავგზავნე საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) საგრანტო კონკურსზე. იდეამ გაიმარჯვა და შედეგად, დავაარსეთ ეს სოციალური საწარმო, რომლის მიზანიცაა ქალების ეკონომიკური გაძლიერება და შრომის ბაზარზე მათი ინტეგრაციის მხარდაჭერა.

უპირველესად, ჩემი მიზანი იყო, ქალებისთვის თანაბარი შესაძლებლობებისა და გარემოს შექმნაში მიმეღო მონაწილეობა, რათა მათ ბარიერების გარეშე შეძლონ თავიანთი ნიჭისა და პოტენციალის რეალიზება, ეკონომიკურად გახდნენ დამოუკიდებლები და გაძლიერდნენ.

„ტექგოგო“ იმდენად თვალშისაცემი და მრავლისმთქმელი დასახელებაა, რომ არ შემიძლია, მის შესახებ არ გკითხო…

საწარმოს დასახელებაც ჩემი იდეაა. მინდოდა, ქართულადაც და ინგლისურადაც ადვილად აღსაქმელი ყოფილიყო. ქართულად “ტექგოგო”, ინგლისურად კი Techgogo – გამხნევების წახალისების, მოტივაციის მომცემი ფორმულაა, ფემინისტური სლოგანის, We Can Do It-ის, მსგავსი.

ვიცი, რომ პროექტში ერთდროულად ბევრ საქმიანობას ითავსებ…

ვარ “ტექგოგოს” დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი. არამარტო ცოდნის გავრცელების კუთხით, არამედ პერსონალურადაც ვცდილობ, პროექტის ყველა მონაწილესთან ყოველდღიურად მქონდეს ურთიერთობა, როგორც ქალთან – ქალს. მინდა, მათთვის მხარდამჭერი ადამიანი ვიყო, ვცდილობ, თავდაჯერება გავუღვივო, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა ჩავუნერგო.

„ტექგოგოს“ მდებარეობად მარნეულის არჩევა რა კრიტერიუმებით გადაწყვიტეთ?

რადგან ჩვენი მიზანია ქალების მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერება (ამ ეტაპზე ვმუშაობთ მარტოხელა დედებთან და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან), სწორედ ამ რეგიონში დავინახეთ უფრო მეტი საჭიროება იმისა, რომ ქალებს მეტი შესაძლებლობა სჭირდებათ. ამ რეგიონში ქალების ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მწირი შესაძლებლობები არსებობს. ამას ხელს უშლის გენდერული, სოციალური, რელიგიური, კულტურული ბარიერები. შესაბამისად, აქ მეტად საჭიროებენ ქალები მხარდაჭერას.

როდესაც ჩვენ ქვემო ქართლის რეგიონში ამ პროექტით ჩამოვედით, აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ძალიან ბევრ ქალს სურს, განვითარდეს, საკუთარი ცხოვრება შეცვალოს, იყოს ეკონომიკურად დამოუკიდებელი და მათ აქამდე არ ჰქონიათ ამის საშუალება. ისინი ამბობდნენ, რომ საკუთარი ძალებით ცდილობდნენ ციფრულ პროფესიებთან დაკავშირებული ცოდნის მიღებას – ონლაინ გაკვეთილებით, თუმცა, აქ იყო ენობრივი დაბრკოლება – ინგლისური ენის ვერფლობის გამო. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ ქალებმა განივითარონ როგორც ციფრული უნარები, ასევე – შეისწავლონ ინგლისური ენაც, რაც მათ შრომის ბაზარზე დამკვიდრებაში ძალიან დაეხმარება.

ამ ეტაპზე, რა პროფესიებს შეისწავლიან ბენეფიციარები?

ქალები ჩვენთან უშუალოდ ციფრულ პროფესიებს შეისწავლიან. „ტექგოგოს“ ფუნქციონირების მიზანი შედგება ორი კომპონენტისგან – ერთია, რომ საწარმო ქალებს ციფრული პროფესიების დაუფლებაში უწყობს ხელს, მეორე კი მათი დასაქმებაა.

ამ ეტაპზე, ქალები შეისწავლიან ციფრულ მარკეტინგს, გრაფიკულ დიზაინს, UX/UI-დიზაინს, და შემდგომში, ისინი დასაქმდებიან სოციალური საწარმოს სარეკლამო სააგენტოში, ან დავეხმარებით მათ შრომის ბაზარზე ინტეგრაციაში და რეკომენდაციას გავუწევთ სხვადასხვა ორგანიზაციასა თუ კომპანიაში სამუშაოდ. ჩვენს ბენეფიციარებს გრაფიკული დიზაინის, სოციალური მედია მენეჯმენტისა და ციფრული მარკეტინგის 6 თვიანი კურსის დაუფლებას ვთავაზობთ.

ციფრული პროფესიების სწავლებაზე არჩევანის შეჩერება შრომით ბაზარზე ქალების კონკურენტუნარიანობის მიზნით გადაწყდა?

რა თქმა უნდა. ციფრული პროფესიები არის ერთ-ერთი მოკლე გზა ქალების ეკონომიკური გაძლიერებისკენ, რადგან ეს პროფესიები დღესდღეობით შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადია. მათ დაუფლებას არ სჭირდება დიდი დრო. ამ პროფესიების მცოდნე ადამიანს შემდგომში საკუთარი თავის და ცოდნის განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს, და ჩვენი მიზანიც ზუსტად ესაა – ქალების ეკონომიკური გაძლიერება, რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში.

პროექტის ბენეფიციარები როგორ შეხვდნენ თქვენ მიერ შეთავაზებულ სიახლეს? გაფართოებას თუ გეგმავთ?

ქალები არიან ძალიან მოტივირებულები, უნდათ, რომ თავიანი ცხოვრება მართონ. შესაბამისად, ისინი ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი სწავლის პროცესში.

ამჟამად, ჩვენი შეთავაზებით 12 ქალი სარგებლობს. სამომავლოდ, ჩვენ აუცილებლად ვგეგმავთ მსგავსი სოციალური საწარმოების გახსნას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რადგან ვიცით, რომ რეგიონებში ქალების ეკონომიკური დამოუკიდებლობის მხრივ ძალზე ცუდი მდგომარეობაა.

საფარს ბევრი ბენეფიციარი ჰყავს, ვისაც ეკონომიკურად კონკურენტუნარიანი პროფესიების დაუფლება და შემდეგ მუშაობა ესაჭიროება. მათთვის თუ გამოიძებნება ადგილი თქვენთან?

ჩვენი მიზანი სწორედ ქალების მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებაა, იმ ქალებისა, რომლებსაც არ ან ვერ მიეცათ საშუალება, ჰქონოდათ თავიანთი პროფესია, დასაქმებულნი ყოფილიყვნენ და წარმატება მოეპოვებინათ, სხვადასხვა დამაბრკოლებელი ფაქტორის გამო. ამიტომაც, აუცილებლად ჩავრთავთ ჩვენს პროექტში საფარის ბენეფიციარებს, რადგან ამ ქალებს აქვთ ეს საჭიროება – ჰყავდეთ მხარდამჭერი გარემო, შეისწავლონ ეს პროფესიები და თამამად შეუდგნენ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მზადებას.

ესაუბრა შორენა გაბუნია