სექსუალობა / სექსუალური ძალადობა

პაკისტანში ქალწულობის ტესტით შემოწმება აიკრძალა

უფლებადამცველი ჯგუფების დიდი ძალისხმევა პაკისტანში გამარჯვებით დასრულდა: ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ ე. წ. “ორი თითის ტესტი” (two-finger virginity test) აკრძალა, რომლის მეშვეობითაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს ქალწულობას უმოწმებდნენ. ქალაქ ლაჰორის (Lahore) უმაღლესმა სასამართლომ ამგვარი პრაქტიკა არაკანონიერად და არაკონსტიტუციურად ცნო.

ასევე, ქალწულობის შემოწმების ამგვარი ხერხი ძალადობისგან დაზარალებული პირის ღირსების შელახვად შეფასდა. ამ პროცედურას, როგორც წესი, არანაირი მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ “ორი თითის ტესტის” ჩატარება მსხვერპლი ქალის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომაა, რადგან იგი სწორედ სქესის ნიშნით ტარდება.

ეს დისკრიმინაციული პრაქტიკა რამდენიმე ქვეყანამ უკვე არაადამიანურ მოპყრობად ცნო. მათ შორისაა პაკისტანის მეზობლები – ინდოეთი (2013 წ) და ბანგლადეში (2018 წ).

დადგენილება ისტორიულია, იგი პაკისტანში ოფიციალურ დონეზე პირველად კრძალავს გაუპატიურების მსხვერპლი ქალბის მსგავსი წესით გასინჯვას.

გარდა ამისა, სასამართლომ ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს დაავალა, ცვლილებები შეიტანოს ყველა დადგენილებაში, სადაც ამ მეთოდის გამოყენებაა გათვალისწინებული. ასევე, ფართოდ უნდა გაიშალოს საინფორმაციო კამპანიები, რათა ამგვარი ტესტების ჩატარების საჭიროების არარსებობაში ყველა დარწმუნდეს.

2020 წლის მარტში, 2 პეტიცია დარეგსტრირდა საკანონმდებლო დონეზე “ორი თითის ტესტის” აკრძალვის მოთხოვნით.

ე. წ. “ორი თითის ტესტი” ქალწულობის შესამოწმებლად გამოიყენება და გულისხმობს პროცედურას, როდესაც ექიმი ქალის ვაგინას ერთი ან ორი თითით ამოწმებს და ამით საქალწულე აპკის არსებობა-არარსებობას ადგენს. ამ შემოწმებამ უნდა აჩვენოს, ჰქონდა თუ არა გოგონას სქესობრივი კონტაქტი, და იყო თუ არა იგი ძალადობრივი ხასიათის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ “ორი თითის ტესტს” არანაირი სამეცნიერო ან სამედიცინო ჩვენება არ აქვს. გარდა ამისა, იგი ხშირად იმდენად მტკივნეული და დამამცირებელია გოგონებისთვის, რომ დროთა განმავლობაში, შესაძლოა, მათ ვერც მოიცილონ ეს დამატებითი ტრავმები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მანამდე გაუპატიურება გამოიარეს.

independent.co.uk