სექსუალური შევიწროება

ანგელოზები ჯოჯოხეთში – ქალთმოძულეობის კულტურა Victoria’s Secret-ში

Times-ის გამოძიებამ Victoria’s Secret-ში მოდელებისა და თანამშრომლების ფართოდ გავრცელებული ბულინგისა და შევიწროების პრაქტიკა აღმოაჩინა. კომპანია ამის გამო „სინანულს“ გამოთქვამს.

Victoria ‘s Secret-მა მილიონობით ქალის „ქალურობა“ განსაზღვრა. მოდელებისთვის „ვიქტორიას ანგელოზის“ ტიტული საერთაშორისო ვარსკვლავობის გარანტიაა.

თუმცა, კომპანიის შიგნით, საქმე არცთუ ისე გლამურულად გამოიყურებოდა – მისმა ორმა ხელმძღვანელმა აქ ქალთმოძულეობის, დამცირებისა და შევიწროების კულტურა დაამკვიდრა. ეს ყველაფერი კარგად ჩანს 30 ამჟამინდელ და ყოფილ ხელმძღვანელთან, თანამშრომელთან, კონტრაქტით დასაქმებულთან და მოდელთან ინტერვიუებიდან, ასევე სასამართლო საქმეებიდან და სხვა დოკუმენტებიდან.

ედ რაზეკი (Ed Razek) ათწლეულების განმავლობაში იყო L Brands-ის, ერთ-ერთი ტოპ მენეჯერი (Victoria ‘s Secret  მისი შვილობილი კომპანიაა), რომლის მისამართითაც არაერთხელ გაჟღერებულა უკადრისი ქმედებების ბრალდებები. იგი ეტორღიალებოდა მოდელებს, მათთან ფიზიკურ კონტაქტს ცდილობდა, თავის მუხლებზე დაჯდომას სთავაზობდა, გამუდმებით უწმაწურ ჟესტებს აკეთებდა მათი მისამართით. ზოგიერთი ქალი ამას აპროტესტებდა, თუმცა, ხელმძღვანელობის მხრიდან რეპრესიებს აწყდებოდა. ერთ-ერთმა მოდელმა, ენდი მუიზმა (Andi Muise), განაცხადა, რომ Victoria ‘s Secret-მა მისი ჩვენებებისთვის დაქირავება მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მან მისტერ რაზეკის მსგავს ქმედებებს კეთილგანწყობით არ უპასუხა.

ბრენდის რიგი მოდელები თანახმანი იყვნენ, Victoria ‘s Secret-ის ცნობილ ფოტოგრაფთან შიშვლებს ეპოზიორათ, მაგრამ ისინი ხშირად ამაში ანაზღაურებასაც არ იღებდნენ. ამ ფოტოთაგან ზოგიერთი ყავის მაგიდისთვის განკუთვნილ წიგნში ხვდებოდა.

მსგავსი ატმოსფეროს შექმნა ზემოდან მოდიოდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მთავარი მარკეტოლოგი რაზეკი დაუმარცხებელი იყო. ეს თავგასულობა მას სტიმულს აძლევდა, უკიდურესად დაემცირებინა ქალები.

„ჩემთვის, როგორც დამოუკიდებელ ქალად აღზრდილი ადამიანისთვის, ყველაზე საგანგაშო ის იყო, რომ მსგავსი შეურაცხმყოფელი ქცევები კომპანიაში ფესვგადგმული და ნორმალიზებული იყო. ყველაფერს, რასაც კომპანიაში ადამიანები აპროტესტებდნენ, ხელმძღვანელობაში არამხოლოდ აიგნორებდნენ, არამედ გამპროტესტებლებს სჯიდნენ კიდეც“, – იხსენებს კეისი ქროუ ტეილორი (Casey Crowe Taylor), ყოფილი თანამშრომელი საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში.

სილამაზისა და სექსუალობის განმსაზღვრელი საზოგადოებრივი ნორმები მრავალი წლის მანძილზე იცვლება, ითვალისწინებს სხეულის ტიპების, კანის ფერისა და გენდერული იდენტობის ფართო სპექტრს. თუმცა, Victoria ‘s Secret ამას გულმოდგინედ აიგნორებდა. მისი ძირითადი სარეკლამო კამპანიები კაცის სტერეოტიპულ ფანტაზიაზე იყო მორგებული – რეჟისორმა მაიკლ ბეიმ (Michael Bay) სატელევიზიო რგოლი გადაიღო. შილიფად ჩაცმული მოდელები აქ ვერტმფრენების, მოტოციკლებისა და ცეცხლოვანი აფეთქებების ფონზე მოძრაობენ, რაც სრულიად აცდენილია იმისგან, თუ რა სურთ სინამდვილეში თავად ქალებს.

გაყიდვების შემცირების გამო, კომპანია Victoria ‘s Secret მაღაზიებს ხურავს. შესაბამისად, ბაზარზე მისი აქციების ღირებულებაც დაეცა. კომპანიის რამდენიმე ყოფილმა და ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ როგორც კი ისინი კომპანიის „პორნო“ იმიჯისგან გათავისუფლებას შეეცდებოდნენ, მათ მაშინვე თავიდან იცილებდნენ. სამი მათგანი კომპანიიდან გაათავისუფლეს კიდეც.

Victoria ‘s Secret-ის ანაქრონული მარკეტინგის კრიტიკა ყოვლისმომცველი 2018 წელს გახდა, როცა რაზეკმა თავის შოუში plus-size და ტრანსგენდერი მოდელების ჩართვის იდეა სრულიად დააიგნორა.

შარშან ზაფხულში, კომპანია L Brands-ის დამაარსებელი და ხელმძღვანელი ლესლი ვექსნერი (Leslie Wexner) საერთაშორისო სექს დამნაშავესთან ჯეფრი ეპშტეინთან კავშირში ამხილეს. ეპშტეინი, რომელიც ვექსნერის მრავალმილიარდიან ქონებას მართავდა, მოდელებს Victoria ‘s Secret-ის ქასთინგის თანამშრომლად ეცნობოდა და ამას მათ მიმართ ბოროტად იყენებდა – თავს ესხმოდა მათ და სექსუალურ კავშირს აიძულებდა. ეპშტეინისთვის სექს ტრეფიკინგის ბრალდებების წაყენებამ Victoria ‘s Secret-ის ბიზნეს პრობლემები უმწვავეს საზოგადოებრივ კრიზისში გადაზარდა.

„მთელი ჩემი დანაზოგი Victoria ‘s Secret-ის თეთრეულის შეძენაში მივახარჯე, იმის იმედით, რომ ქასთინგი გამევლო. მაგრამ, ამის ნაცვლად, მოვხვდი პროსტიტუციაში ჩაბმის ქასთინგზე. თითქოს ჯოჯოხეთში აღმოვჩნდი!“, – ამბობს ჯეინ დოუ (Jane Doe), ერთ-ერთი მომჩივანი ეპშტეინის საქმეზე.

L Brands-ის სამმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ 1990-იანების შუა ხანებში გააფრთხილეს ვექსნერი ეპშტეინის საქმიანობაზე ქალების სექს ტრეფიკში ჩართვის კუთხით, თუმცა, ვექსნერის მხრიდან ამას სამარისებური სიჩუმე მოჰყვა.

მაჩოისტური სულისკვეთებით გაჟღენთილ შოუებში, Victoria ‘s Secret-ის „ფრთოსან“ სუპერმოდელთა შერჩევისას, რაზეკი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. 2000 წლიდან მოყოლებული, მისი გავლენა კომპანიაში განუზომლად იზრდებოდა. ვექსნერი მის ესთეტიკურ „გემოვნებას“ სრულიად ეთანხმებოდა. როდესაც კოლუმბუსში, Victoria ‘s Secret-ის სათაო ოფისში, კომპანიის თანამშრომელმა ვექსნერს ჰკითხა, რას ფიქრობდა ინდუსტრიაში სხვადასხვა ტიპის სხეულისთვის მორგებული პროდუქციის გამოშვებაზე, ამ უკანასკნელმა მას უპასუხა: „არავინ მიდის პლასტიკური ოპერაციის გასაკეთებლად გასიების მიზნით“.

მოდელების თქმით, რაზეკი მათ ხშირად ახსენებდა, რომ მათი კარიერის მის ხელში იყო. „მე ვფლობ ძალაუფლებას. შემიძლია, გაიძულო, ან მოგსპო“, – იხსენებს თავის ურთიერთობას რაზეკთან ალისა მილერი (Alyssa Miller). რაზეკი მოდელებს ტელეფონის ნომრებს სძალავდა, ხელით ეხებოდა შიშველ ინტიმურ ადგილებზე, მათ აიძულებდა, კალთაში ჩასხდომოდნენ ან კერძო ვახშმებზე გაყოლოდნენ.

Victoria ‘s Secret -ში რაზეკის ვაჟიც მუშაობდა, რომელიც ასევე სასტიკად ექცეოდა ქალ თანამშრომლებს.

ასევე, კომპანიაში მომუშავე მორიგი მოძალადე იყო ფოტოგრაფი რასელ ჯეიმსი. ანაზღაურების სახით, იგი დღეში ხანდახან ათობით ათას დოლარს იღებდა. მოდელებთან ფოტოსესიების დასრულების შემდეგ, ფოტოგრაფი დროდადრო მათ ეკითხებოდა, ხომ არ სურდათ შიშველი პოზირება, რაზეც, ხშირად თანხმობას იღებდა. ეს ფოტოსესიები კონტრაქტით გათვალისწინებული არ ყოფილა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოდელებს დამატებით ანაზღაურებას არ უხდიდნენ. გოგონები სრულიად უსასყიდლოდ პოზირებდნენ შიშვლები ჯეიმსის წიგნებისთვის ან პორტრეტების სერიებისთვის. ასევე, ყოფილა შემთხვევები, როდესაც მოდელები ანაზღაურების გარეშე „საქველმოქმედო“ წვეულებებზე მიუყვანიათ, სადაც მათ წვეულების მდიდარი სტუმრები სექსს სთავაზობდნენ.

რაზეკი თანამდებობას 2019 წლის აგვისტოდან ჩამოშორდა, მოდელების შერჩევასთან დაკავშირებული რეაქციული კომენტარის გამო. მოგვიანებით, მან ამაზე ბოდიშიც კი მოიხადა.

nytimes.com