სექსუალური ძალადობა

ამერიკულმა გამომცემლობამ ვუდი ალენის მემუარების გამოქვეყნებაზე უარი განაცხადა

წიგნის გამომცემლობამ Hachette Book Group (HBG) უარი განაცხადა ვუდი ალენის (Woody Allen) მემუარების  Apropos of Nothing („არაფრის შესახებ“) გამოქვეყნებაზე. მემუარები გაყიდვაში აპრილის დასაწყისში უნდა ჩაშვებულიყო. გამომცემლობამ, რომელსაც წიგნის გამოცემის უფლება შეძენილი ჰქონდა, გადაწყვიტა, ავტორისთვის ეს უფლება უკან დაებრუნებინა. დასახელებული მემუარების გამოქვეყნებაზე უარი კიდევ რამდენიმე მსხვილმა გამომცემლობამ თქვა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის ნიშნად, რომელთა რიცხვში რეჟისორის შვილობილი დილან ფეროუცაა (Dylan Farrow), HBG-ის რამდენიმე თანამშრომელი წიგნის გამოსვლასთან დაკავშირებით გაიფიცა. გაფიცულ თანამშრომლებთან საუბრის შემდეგ, გამომცემლობამ ალენის მემუარების დაბეჭდვა შეუძლებლად მიიჩნია.

დილან ფეროუ იხსენებს, რომ ვუდი ალენმა იგი შვიდი წლის ასაკში გააუპატიურა. თავად რეჟისორი ამ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ დილანზე ზეწოლა დედამისმა, მსახიობმა მია ფეროუმ (Mia Farrow) განახორციელა, რომელთანაც ალენმა 12 წელი გაატარა და რომელსაც მისი უფროსი შვილობილის, სუნ-ი პრევინის (Soon-Yi Previn) გამო დაშორდა. საბოლოოდ, ალენი სუნ-იზე დაქორწინდა კიდეც. გამოძიებამ ვუდი ალენის ბრალეულობისა და დილან ფეროუს გაუპატიურების მტკიცებულებები ვერ იპოვა, რის გამოც რეჟისორისთვის ბრალი არავის წარუდგენია.

დილან ფეროუმ განაცხადა, რომ HBG-ს მისთვის არ მიუმართავს ალენის წიგნში მოყვანილი ფაქტების შემოწმების მიზნით, და გამომცემლობა ძირითადი მოვალეობების უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა. ვუდი ალენის წინააღმდეგ მის ბრალდებებს რეჟისორის შვილმა, რონან ფეროუმაც (Ronan Farrow) დაუჭირა მხარი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჰარვი ვაინშტაინის ძალადობებზე წერა დაიწყო. გავლენიანი ადამიანების მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ მან Hachette-ში წიგნიც კი გამოუშვა, სათაურით „დაიჭირე და მოკალი“ (Catch and Kill).

რონან ფეროუმ HBG ასევე იმის გამო გააკრიტიკა, რომ იგი მის დობილს ალენის მემუარებთან დაკავშირებით არ დაეკონტაქტა. „ასეთი ქმედებები გამომცემლობა Hachette-ის მხრიდან უკიდურესად არაპროფესიულია ბევრი აშკარა მიზეზის გამო. ეს ადასტურებს მორალური ღირებულებებისა და თანაგრძნობის არარსებობას სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა მიმართ“, – განაცხადა მან.

და-ძმამ დიდი მადლობა გადაუხადა გამომცემლობის გაფიცულ თანამშრომლებს.

სავარაუდოდ, ალენის მემუარებს გამომცემლობა Grand Central Publishing დაბეჭდავს. Amazon-ის სტრიმინგის სერვისმა იგივე მიზეზით გააუქმა რეჟისორთან კონტრაქტი, მისი ოთხი ფილმის გამოშვებასთან დაკავშირებით. საპასუხოდ, ალენმა ამაზონის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა 68 მილიონის მოთხოვნით, სასამართლო გრძელდება.

ასევე, აშშ-ში ვუდი ალენის ბოლო ფილმს, „წვიმიანი დღე ნიუ-იორკში“ (A Rainy Day in New York, 2019), ფაქტიურად ბოიკოტი გამოუცხადეს. ფილმის მსახიობებმა ტიმოტი შალამემ (Timothée Chalamet) და რებეკა ჰოლმა (Rebecca Hall), რეჟისორის მიმართ ბრალდებების ფონზე, თავიანთი ჰონორარები Time’s Up-ის ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ფონდს გადასცეს.

variety.com