ელისო რუხაძე წელს ქალი უფლებადამცველების პრესტიჟული ჯილდოს – კატო მიქელაძის პრემიის ნომინანტია. მესამე წელია, რაც ელისო საფარში სისხლის სამართლის საქმეებზე მუშაობს. ამ ხნის მანძილზე, მან ათეულობით ძალადობის მსხვერპლის საქმის წარმატებით გაძღოლა შეძლო. არასრულწლოვანთა უფლებებზე იგი 10 წელზე მეტია, რაც მუშაობს, ქალთა უფლებების მიმართულებით საქმიანობის გამოცდილება კი საფარში შეიძინა.
ელისო რუხაძე: ქალთა უფლებებზე მუშაობის ინტერესი მაშინ გამიჩნდა, როდესაც ბოსტონში, ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის (International Bar Association/IBA) ეგიდით გამართულ კონფერენციაზე, 10 დღის მანძილზე ყოველდღიურად გენდერის ექსპერტებთან შეხვედრები გვქონდა. იქ მივიღე ინსპირაცია – ქალთა უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობა ჩემი ინტერესის სფეროდ იქცა, თუმცა, ეს შეუძლებელი იყო იურიდიული დახმარების სამსახურში, სადაც მაშინ ვმუშაობდი (2013). აქ ვახორციელებდი სავალდებულო იურიდიულ დახმარებას, ამიტომაც, საქმეების გარკვეულ კატეგორიაზე ისე მიწევდა მუშაობა, რომ არჩევანის უფლება არ მქონდა. ამის გამო, განსაკუთრებით ვაფასებ იმ გარემოებას, რომ საფარში მაქვს შესაძლებლობა, ვაკეთო ის საქმე, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს და ამავდროულად, სრულ თანხმობაში ვიყო ჩემს შინაგან მრწამსთან. შეიძლება, ეს ფაქტორი სხვა იურისტებისთვის მნიშვნელოვანი არ იყოს, მაგრამ ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, ჩემი საქმიანობა ემთხვეოდეს ჩემს მორალურ პრინციპებს და ღირებულებებს. დასანანია, რომ აქამდე ამის შესაძლებლობა არც ერთ სამსახურში არ მომცემია.
ასევე, 2015 წელს, ქუთაისის დემოკრატიის სკოლაში, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის ორგანიზებით, გავიარე სალექციო კურსი „ქალთა უფლებები და გენდერი“. ამან ხელი შემიწყო, დასახელებულ საკითხებზე სწორი ხედვის ჩამოყალიბებაში და უკვე დავიწყე ისეთი სამსახურის ძიება, სადაც ამ საკითხებზე მუშაობის საშუალება მექნებოდა.
ძალადობის უმძიმესი საქმეების მსხვერპლებთან გიწევს ურთიერთობა. როგორ ახერხებ მათთან კომუნიკაციის დამყარებას?
გამომდინარე იქიდან, რომ განქორწინება გამომივლია, ძალიან კარგად მესმის იმ ტრავმების, რაც მსგავსი მოვლენების დროს იჩენს ხოლმე თავს ადამიანის ცხოვრებაში. ჩემთვის კარგადაა ნაცნობი მსხვერპლი ქალის ფსიქოტრავმული ნიშნები. არ ვარ ფსიქოლოგი და არც ამის გამოცდილება მაქვს, მაგრამ ხანდახან მსხვერპლი მართლაც ისეთ მდგომარეობაშია, რომ მასთან საჭიროზე მეტი საუბარი მიწევს, ელემენტარული კომუნიკაციის დასამყარებლად. უბრალოდ, იმ მომენტში სხვა გამოსავალი არ არსებობს. საბედნიეროდ, საფართან თანამშრომლობს ორგანიზაცია “წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი”, რომელიც ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს ჩვენთან მოსულ ძალადობის მსხვერპლებს. ეს სერვისი საფარის ბენეფიციარებისთვის არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, რის გარეშეც უკიდურესად გამიჭირდებოდა მათთვის იურიდიული დახმარების გაწევა.
ანუ, ძალადობის მსხვერპლებთან მუშაობისას, ასე ვთქვათ, მოსამზადებელი ეტაპის გავლაც საჭიროა?
ყველაზე რთულია პირველად მოსულ მსხვერპლთან ნდობაში შესვლა – მას ჰგონია, რომ მთელი სამყარო მის წინააღმდეგაა მიმართული. მსხვერპლს ხშირად უჭირს ძალადობრივი ქმედებების იდენტიფიცირება, ძალადობა ხშირად ნორმად და ურთიერთობის ერთ-ერთ ფორმად მიაჩნია, პირად ურთიერთობებში მომხდარი ძალადობის ფაქტების გასაჯაროება ესირცხვილება, ძალადობის გამომწვევ ფაქტორად, გარემოს ჩაგონებით, საკუთარ თავს მიიჩნევს. ერთობლივი მუშაობის შედეგად ეს პრობლემები თუ გადავლახეთ, უკვე რეალურად მაშინაა შესაძლებელი მსხვერპლისთვის იურიდიული დახმარების გაწევა, მანამდე იგი ძალზე მოწყვლადია.
შენი მუშაობის წყალობით, საფარში უკვე ბევრი წარმატებით დასრულებული საქმე არსებობს…
მსხვერპლების უმეტესობა სასოწარკვეთილი მოდის, ყველაფრის იმედი გადაწურული აქვს. თუ იგი ემოციურად მზად არაა პოლიციასთან ურთიერთობისთვის, მისი ჩვენება არადამაჯერებელი, ფრაგმენტულია და შესაძლოა, პირიქით, ისე შეუბრუნონ საქმე, რომ მოძალადედ თვითონ გამოიყვანონ. საფარში მსგავსი საქმე არაერთხელ შემოსულა. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ქალები დღეს არა მოძალადის, არამედ მსხვერპლის სტატუსით არიან და ყველაფერი კეთდება მათ დასახმარებლად. მსხვერპლისთვის განსაკუთრებულად მატრავმირებელია მსგავსი ქეისები და ამ დროს ძალზე რთულია სიმართლის მტკიცების პროცესი.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებისა, მუშაობაში ხელი კიდევ რამ შეიძლება შეგიშალოს?
ფსიქოლოგის სერვისის არარსებობამ, ბევრმა საქმემ, პოლიციის არასენსიტიურმა მიდგომამ მსხვერპლების საქმეების მიმართ, მოძალადის დამცველთა მხრიდან თავდასხმებმა და ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ, მსხვერპლის და ჩემი დაშინების მიზნით. პირად ნომერზე და სოციალურ ქსელებში მომდის მუქარის შეტყობინებები და ეს ჩემს ყოველდღიურ სამუშაო პროცესზე ნეგატიურად აისახება. მსგავს საქმეებზე რამდენჯერმე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიასაც მივმართე, კოლეგიალობისა და ეთიკური პრინციპების დარღვევების გამო. ჩემთვის გასაკვირი და კატეგორიულად მიუღებელია კოლეგების მხრიდან ფინანსური ინტერესის გამო პროფესიული ეთიკისა და ელემენტარული მორალური ღირებულებების უგულებელყოფა.
იმ პირობებში, როდესაც ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა ორგანიზაციაში ძალზე ინტენსიურია და შენთვის იშვიათად თუ არსებობს დასვენების დღეები და საათები, – როგორ ახერხებ სამი შვილისთვის ყურადღების გადანაწილებას?
არასამუშაო დღეებსა და საათებში მუშაობა ჩემთვის არის სრულიად ჩვეულებრივი რეჟიმი და ამას უკვე შევეგუე. მართალი გითხრა, იმდენად ვარ ჩართული მუშაობაში, რომ ხშირად ვერც კი ვამჩნევ, როგორ გადის დრო… ვერ ვიტყვი, რომ ჩემი შვილების მისახედად საჭირო დრო და ენერგია მრჩება, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ, მათთვის ჩემი მოუცლელობა მინიმალურად საგრძნობი იყოს.
ესაუბრა შორენა გაბუნია