ახალი წელი “საფარის” საქმიანობაში წარმატებით დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციას წარმოებაში ჰქონდა ადგილობრივი მასშტაბით უპრეცედენტო, სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული საქმე “თამარ სამხარაძე შალვა რამიშვილის წინააღმდეგ”.
დღეს, 3 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლის თანახმადაც, შალვა რამიშვილს, ყოფილი თანამშრომლისთვის, თათია სამხარაძისთვის, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, 2 000 ლარის გადახდა დაეკისრა.
“თამარ სამხარაძის საქმე შალვა რამიშვილის წინააღმდეგ” ეხებოდა სექსუალურ შევიწროებას, რომელსაც თამარი მისი უშუალო ხელმძღვანელის, შალვას მხრიდან განიცდიდა წლების განმავლობაში. სექსუალური შევიწროება გამოიხატებოდა შალვა რამიშვილის მიერ გამუდმებული სექსუალური შინაარსის კომენტარებში თამარის გარეგნობაზე, ჩაცმულობაზე, ასაკზე, სქესსა და პირად ცხოვრებაზე. აღნიშნული ქმნიდა მტრულ სამუშაო გარემოს, რაც შევიწროების ერთ-ერთი ფორმაა.
რაც შეეხება სექსუალური შევიწროების ფორმას – “მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ”, იგი გამოხატული იყო შალვა რამიშვილის მიერ სექსუალური კავშირის დამყარების შეთავაზებაში კარიერულ წინსვლის და მფარველობის სანაცვლოდ. სექსუალური კავშირის დამყარების შესახებ შეთავაზებამ თამარი იძულებული გახადა, სამსახურიდან წასულიყო. სექსუალური შევიწროების შემთხვევაში განსაკუთრებით რთულია მტკიცებულებების მოპოვება, რადგან, როგორც ეს თამარის შემთხვევაში მოხდა, სექსუალური კავშირის დამყარების შესახებ შეთავაზება გაკეთდა განმარტოებით, მოწმეების გარეშე. შესაბამისად, თამარს ჰქონდა ერთადერთი გზა სიმართლის დასამტკიცებლად – ფარული აუდიო ჩანაწერის გაკეთება.
მარი კურტანიძე, “საფარის” იურისტი: “სასამრთლომ დასაშვებად სცნო აუდიო ჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც დადასტურებულია სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. აღნიშნულ შემთხვევაში, თამარი მოქმედებდა თვითდახმარების ფარგლებში და ფარული აუდიო ჩანაწერის გაკეთება წარმოადგენდა ერთადერთ საშუალებას უფლებების დასაცავად. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, მოპასუხე მხარე და მისი წარმომადგენელი არ გამოცხადნენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა თამარ სამხარაძის სარჩელი და შალვა რამიშვილის დააკისრა სექსუალური შევიწროებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება, 2 000 ლარის ოდენობით.
ჩვენ, ასევე, ვითხოვდით მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლისთვის, თამარის სამი თვის ხელფასის ოდენობით. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლოს განმარტება არ გაუკეთებია. შესაბამისად, ველოდებით სასამართლო გადაწყვეტილებას. თამარ სამხარაძისთვის და ჩვენთვის, უმთავრესი იყო, სასამართლოს დაედასტურებინა სექსუალური შევიწროების ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა სექსუალური შევიწროების რეგულირების თვალსაზრისით ბევრ ხარვეზს შეიცავს – იგი არ არის განსაზღვრული საქართველოს კანონით დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, შრომის კოდექსი მოიცავს შევიწროებას, თუმცა, კონკრეტულად სექსუალურ შევიწროებაზე საუბარი არ არის. ამასთან, სექსუალურ შევიწროების თემა ჩვენს საზოგადოებაში ტაბუს წარმოადგენს და ქალებს დღემდე უჭირთ ამ პრობლემაზე საუბარი. სწორედ ამიტომ, საქართველოში სამართალწარმოება ამ საკითხზე განვითარებული არ არის. აღნიშნული საქმე პრეცედენტულია და ვიმედოვნებთ, რომ ბევრ ქალს მისცემს იმედს და გამბედაობას, რომ თავიანთ გამოცდილებაზე ისაუბრონ და სამართლებრივი გზებით ეცადონ დარღვეული უფლებების აღდგენას”.
“თათია სამხარაძე შალვა რამიშვილის წინააღმდეგ” ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე იყო, რადგან თათია იყო პირველი ქალი საქართველოში, ვინც სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ აღიმაღლა ხმა და ქართულ სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ფიგურას დაუპირისპირდა. 2016 წლის 8 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე, თათიამ სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროებას ღია ბრძოლა გამოუცხადა. შალვა რამიშვილი შევოწროების ფაქტს არ აღიარებდა და დღესაც, სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგაც კი, ამტკიცებს, რომ “პროცესი მოიგო”.