ანა ჭიღვარიას ბლოგი
ევროსაბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციაზე (2011), 36-ე მუხლში, გაუპატიურებას შემდეგნაირად განმარტავს: სხვა ადამიანის სხეულთან სქესობრივი ბუნების არაკონსენსუალურ ვაგინალურ, ანალურ ან ორალურ კავშირში შესვლა სხეულის ნებისმიერი ნაწილით ან რაიმე საგნით; სტატიაში გაუპატიურება დანახულია, როგორც მძიმე მატრავმირებელი მოვლენა – ტრავმული სტრესი, რომელიც გულისხმობს ადამიანის უსაფრთხოებაზე მიმართულ უეცარ, მასიურ, დაუძლეველ მუქარას და მოიცავს შიშის, უმწეობისა და საშინელების განცდას (American Psychiatric Association, 2000).
გაუპატიურება, შესაძლოა, გამოვლინდეს სხვადასხვა სახის ურთიერთობებში. გაუპატიურება თავის თავში გულისხმობს მრავლობითი ფორმის ზიანს, როგორც ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის, ასევე სოციალური ფუნქციონირების კუთხით. გამოწვეული ზიანი მძიმდება მაშინ, როდესაც სექსუალური ძალადობა განმეორებადია (მაგ. ოჯახში ძალადობა, წამება და ა.შ.). ამ შემთხვევაში, ინდივიდი პერმანენტულად განიცდის მისი სიცოცხლისთვის საშიშ გამოცდილებას, რაც იწვევს ე. წ. დასწავლილ უმწეობას (seligman, 1969). მ. სელიგმანის კონცეფციის თანახმად, დასწავლილი უმწეობა არის მდგომარეობა, როცა სუბიექტი დარწმუნებულია, რომ სიტუაცია, რომელშიც ის აღმოჩნდა და რომელიც მას არ მოსწონს, საერთოდ არ არის დამოკიდებული მის ქცევაზე, მის ძალისხმევაზე; იგი ურიგდება ბედს, პასიურია და არ ეძებს გამოსავალს არა მხოლოდ ამ კონკრეტული, არამედ ნებისმიერი მდგომარეობიდან. გაუპატიურების მსხვერპლი, რომელიც ოჯახში ძალადობის ციკლში ცხოვრობს, სპეციფიკური ფსიქოლოგიური მახასიათებლებით გამოირჩევა. ერთ-ერთ მახასიათებელს წარმოადგენს სწორედ დასწავლილი უმწეობა. ინტიმური პარტნიორისგან (მეუღლის, სექსუალური პარტნიორის და ა. შ.) სექსუალური ძალადობის გამოცდილების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ ძალადობის ციკლზე, რომელიც შედგება კონკრეტული ეტაპებისგან: დაძაბულობის ესკალაცია, ძალადობრივი ინციდენტი, თაფლობის თვე, სიჩუმე (walker, 1979). აღნიშნული ოთხი საფეხური მიუთითებს მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობაზე და აქვს დროში განგრძობითი და პერმანენტული სახე. აქვე, აუცილებელია, ვისაუბროთ ტრავმულ ბმაზე. დატონი და ფეინთერი (Dutton and Painter, 1981) ტრავმულ ბმას განსაზღვრავენ, როგორც „ძლიერ ემოციურ კავშირს, რომელიც ვითარდება ორ პიროვნებას შორის, სადაც ერთ-ერთი პიროვნება პერიოდულად, დროგამოშვებით აწუხებს, სცემს, ცუდად ეპყრობა, ძალადობს და აშინებს მეორეს“.
მერი დე იანგი (1992) კიდევ უფრო შორს მიდის და ირწმუნება, რომ ძალადობრივი ტრავმა ქმნის ძლიერ ემოციურ კავშირს, რომელიც ხასიათდება კოგნიტური დამახინჯებით/კოგნიტური შეცდომითა და სპეციფიკური ქცევითი სტრატეგიით, რომელიც საბოლოოდ განამტკიცებს მოძალადესა და მის ძალას. აღნიშნული კავშირი გამოირჩევა ორმხრივი ემოციური დამოკიდებულებით მოძალადესა და მსხვერპლს შორის, ასევე განვითარებით, რადგან მოძალადე ხასიათდება დროდადრო ძალის მოკრებით (Barglas, 1998). მაგალითად, ქმარი გარკვეული დროის მანძილზე შეიძლება იყოს მოძალადე, შემდეგ კი მისი ქცევა შეიცვალოს ინტენსიური, მგზნებარე სიყვარულით. ეს ქცევა არა მხოლოდ აძლიერებს ემოციურ კავშირს, არამედ ტოვებს მსხვერპლის თვითშეფასებას მოძალადის ხელში. ორივე, მოძალადეც და მსხვერპლიც, იტანჯება კოგნიტური შეცდომებით, რომელიც ითრევს ბრალეულობის გრძნობას, პასუხისმგებლობას, ძალასა და ნდობას. საბოლოოდ, ქცევით სტრატეგიაში ორივე მხარისთვის ხშირად ადგილი აქვს: მსხვერპლისთვის რევიქტიმიზაციის, ხოლო მოძალადისთვის – ძალადობრივი აქტის რისკს. ინტიმური პარტნიორის ძალადობის შემთხვევაში, მსხვერპლს, როგორც წესი, უჩნდება მოძალადის მიახლოების შიში, რაც ფაქტობრივად ქმნის ძალადობის ესკალაციას. მოძალადე სხვა მხრივ იგივეს აკეთებს, თავის ქმედებებს დაძაბულობით, ფრუსტრაციით და წუხილით ცვლის.
ტრავმული მოვლენა განაპირობებს ინდივიდის მოწყვლადობას ფსიქიკური აშლილობების მიმართ. კვლევები გვიჩვენებს, რომ სექსუალური თავდასხმის გამოცდილება, რომელიც მთავრდება გაუპატიურებით, დაკავშირებულია მაღალი ხარისხის ზიანთან და დამალულია, განსხვავებით სხვა ტრავმებისგან (Kessler et al., 1995; Kilpatrick et al., 1987; Resnick et al., 1993). კონკრეტულად კი, გაუპატიურების მსხვერპლ ქალებში იზრდება რისკი შემდეგი აშლილობების განვითარებისა – პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, დეპრესია, ნარკოტიკების, ალკოჰოლისა და ნიკოტინის მოხმარება და ბოროტად გამოყენება, შფოთვითი აშლილობები და ჯანმრთელობისთვის სარისკო ქცევები (Kessler et al., 1995; Kilpatrick, Acierno, Resnick, Saunders, & Best, 1997; Kilpatrick et al., 2003; Resnick, et al., 1993; Steketee & Foa, 1987). სექსუალური თავდასხმის მსხვერპლებში ასევე მაღალია თვითდადანაშაულება და დაბალი თვითშეფასება (Foa & Riggs, 1994), პრობლემები სექსუალურ ცხოვრებაში (Becker, Skinner, Abel, & Cichon, 1986), ასევე პრობლემები სამუშაოსა და სოციალურ ფუნქციონირებაში (Resick, Calhoun, Atkeson, & Ellis, 1981). გაუპატიურების მსხვერპლთაგან 33%-ს უფიქრია თვითმკვლელობაზე, ხოლო 13%-ს ჰქონია თვითმკვლელობის მცდელობა (Kilpatrick et al., 1992; Burgess and Holmstrom, 1974). ორმა პიონერმა მკვლევარმა, ვინც გაუპატიურებაზე ქალის რეაქციას იკვლევდა, შემოიტანა ტერმინი ,,გაუპატიურების ტრავმის სინდრომი“. მას შემდეგ, რაც პოსტტრავმული სტრესული აშლილობა დამატებულ იქნა ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ სახელმძღვანელოში (DSM-III; APA, 1980), ბევრი პტსა-ს განიხილავდა, როგორც გაუპატიურების შედეგს.
პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, DSM–5-ის მიხედვით, განისაზღვრება შემდეგნაირად – გადავადებული ან გაჭიანურებული ფსიქიკური აშლილობა, რომელიც ვითარდება ისეთი კატასტროფული ხასიათის ხანმოკლე ან გახანგრძლივებული სტრესული მოვლენის შემდეგ, რომელიც თითქმის ყოველ ადამიანში იწვევს დისტრესს. სტრესული ფაქტორებიდან, აღსანიშნავია ბუნებრივი და ხელოვნური კატასტროფები, სერიოზული უბედური შემთხვევები, ხანგრძლივი საომარი მოქმედებები, სხვა ადამიანების ძალადობრივი სიკვდილის შესწრება-ნახვა, წამების, ტერორიზმის, გაუპატიურების და სხვა დანაშაულებრივი ქმედების მსხვერპლის როლში ყოფნა და მისთ. პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოსტიკურ მახასიათებლებში გამოიყოფა შემდეგი კრიტერიუმები: A. მატრავმირებელი მოვლენის არსებობა; B. მატრავმირებელი მოვლენის განმეორებითი განცდა (ინტრუზიები); C. თავის არიდება ყველაფერ იმისთვის, რაც რაიმე სახით ადამიანს ახსენებს მატრავმირებელ მოვლენას; D. უარყოფითი ცვლილებები კოგნიციასა და განწყობაში; E. ტრავმულ მოვლენასთან ასოცირებული მნიშვნელოვანი ცვლილებები აღგზნებასა და რეაქტიულობაში; F. ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმები უნდა გრძელდებოდეს ერთ თვეზე მეტ ხანს; G. აშლილობა იწვევს მძიმე ემოციურ მდგომარეობას და დარღვევებს სოციალურ, პროფესიულ და სხვა მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ სფეროებში; H. ზიანი არ მიეკუთვნება ნივთიერებათა ავად მოხმარებას ან სხვა სამედიცინო მდგომარეობას (APA, 2013).
ეპიდემიოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ გაუპატიურება და სექსუალური თავდასხმა სხვა ტრავმულ გამოცდილებებთან შედარებით პტსა-ის განვითარების გაცილებით უფრო მაღალი რისკის შემცველია (Kessler et al., 1995; Kilpatrick, et al., 1989; Resnick et al., 1993). გაუპატიურების მსხვერპლებში პტსა-ს განვითარება 5-ჯერ უფრო სავარაუდოა, ვიდრე პტსა-ს არგანვითარება, იმ ქალებთან შედარებით, ვისაც მსგავსი ტრავმა არ გადაუტანია (Kilpatrick et al., 1992). Frazier-მა (2002) მიმოიხილა ფსიქოლოგიური ლიტერატურა გაუპატიურების ტრავმის სინდრომზე (Rape Trauma Sindrome RTS) და მის შესაბამის სიმპტომატიკაზე. გაუპატიურების ტრავმის სინდრომის (RTS) მეტაანალიზმა აჩვენა, რომ პტსა-ის სიმპტომები მსხვერპლებში მრავლობითად აღინიშნება. ხოლო, რაც უფრო ახლოს იყო გაუპატიურების განმარტება იურიდიულ დეფინიციასთან და გაუპატიურების შემთხვევა რაც უფრო ახლო იყო დროის მიხედვით, მსხვერპლებს მით უფრო ახასიათებდათ პტსა-ის სიმპტომები. გაუპატიურების მსხვერპლებს პტსა-ის უფრო ძლიერი სიმპტომები აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც პოსტტრავმული სტრესული აშლილობა სხვა სტრესორისგან აქვთ გამოწვეული.
გაუპატიურება, ასევე, დაკავშირებულია მნიშვნელოვანი სიღრმის დეპრესიასთან (Atkeson, Calhoun, Resick, & Ellis, 1982; Kilpatrick, Resick, 1993; Resick, &Veronen, 1981; Steketee & Foa, 1987). DSM-5-ში დეპრესია წარმოადგენს კლინიკური მდგომარეობების ჯგუფს, რომელსაც ახასიათებს გუნება-განწყობის დაქვეითება, საკუთარ აფექტებზე კონტროლის უნარის დაკარგვა და მძიმე ტანჯვის სუბიექტური შეგრძნება. ასევე, გამოხატულია ცხოვრების ინტერესისა და ენერგიის დაქვეითება, ბრალეულობის განცდები, ცვლილებები კოგნიტურ შესაძლებლობებში, მეტყველების, ვეგეტატიური ფუნქციების (ძილი, მადა, სექსუალური აქტივობის და სხვა ბიოლოგიური რიტმები) სფეროში (APA, 2013). Frank and Stewart (1984) – მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ გაუპატიურებული ქალების 43% თვითშეფასების დროს ავლენს დეპრესიის სიმპტომებს. ამასთანავე, დეპრესიისა და პტსა-ის კომორბიდობა შემაშფოთებლად დიდია: ერთი მეორედი იმ ადამიანებისა ვისაც პტსა აღენიშნება, ასევე ავლენს, დეპრესიის სიმპტომებს (Kessler et al., 1995).
ნაციონალური კომორბიდული კვლევების მიხედვით, პტსა-ის მქონე ქალებისა და მამაკაცების 80%-ს, დეპრესიის გარდა, აქვს სხვა კომორბიდული დაავადებები, უმეტესაც აფექტური, შფოთვითი და/ან ნივთიერებათა ავადმოხმარებით გამოწვეული აშლილობები(Kessler, Sonnega, Bromet, Hughes, & Nelson, 1995). გაუპატიურებასთან დაკავშირებული შიში (სახლში მარტო დარჩენის შიში, უცხო მამაკაცების შიში) და შფოთვითი სიმპტომები (Veronen & Kilpatrick, 1983).
შფოთვითი აშლილობა – მის ძირითად ნიშან-თვისებას შვოთვის ისეთი ფსიქიკური და ფიზიკური სიმპტომები წარმოადგენს, რომლებიც თავს იჩენს თავის ტვინის ორგანული დაავადებების ან სხვა ფსიქიკური აშლილობების გარეშე. შფოთვითი აშლილობების დროს, სიმპტომები გამოიხატება ფსიქოლოგიურ და ვეგეტატიურ აღგზნებაში, კუნთების დაძაბულობაში, ჰიპერვენტილაციაში და ძილის დარღვევებში, თავის მხრივ ზემოთ აღნიშნული სიმპტომთა გამოხატვის ხუთი მიმართულება თავის თავში მოიცავს სხვადასხვა მახასიათებლებს (Geldner, Cowen, & Harrison, 2006).
კვლევების მიხედვით, გაუპატიურების მსხვერპლებში ასევე მაღალია პანიკური შეტევები (Nixon, Resick, & Griffin, 2004), ძილის პრობლემები და ღამის კოშმარები, ჯანმრთელობის პრობლემები და სომატური ჩივილები (Clum, Nishith, & Resick, 2001).