სამწუხაროდ, მისი ისტორია უნიკალური არაა. ორგანიზაცია Save The Children-ის მონაცემებით, 2013 წელს იორდანიაში მცხოვრები სირიელი ლტოლვილებიდან 15-17 წლის ყოველი მეოთხე გოგონა გათხოვილია. 11 ოქტომბერს, გოგონების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მოხსენებაში საქველმოქმედო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მსოფლიოში 15 წელზე უმცროსი გოგონა ყოველ 7 წამში თხოვდება. ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ავღანეთი, იემენი, ინდოეთი და სომალი, გოგონებს 10 წლის ასაკშიც კი ათხოვებენ. მათი ქმრები ხშირ შემთხვევაში მათზე ბევრად უფროსები არიან.
ხადრას (Khadra) ექიმობა სურდა, მაგრამ 15 წლის ასაკში, როდესაც ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა, მამამ იგი ლამის ორჯერ უფროს კაცზე გაათხოვა. ქორწინების უღლის გამო, ხადრას სკოლის დატოვება მოუხდა. ქმრის შეურაცხყოფებსა და ფიზიკურ დამცირებას უსიტყვოდ იტანდა, როდესაც შეიტყო, რომ ორსულადაა. რთული ორსულობისა და საკეისრო კვეთის მეშვეობით მშობიარობის შემდეგ, სამი დღე უგონო მდგომარეობაში იყო. ბავშვის მოვლაში ჩაფლულმა აღმოაჩინა, რომ სკოლაში ვეღარასოდეს დაბრუნდებოდა.
„ადრეული ქორწინება გოგონების დისკრიმინაციის დასაბამია. მათ ამ დროს ძირითად უფლებას – სწავლის უფლებას ართმევენ, – აცხადებს ორგანიზაცია Save The Children-ის ხელმძღვანელი ჰელე თორნინგ-შმიდტი (Helle Thorning-Schmidt), – გოგონები, რომლებიც ძალზე ადრე თხოვდებიან, ნაწილობრივ სკოლაში სიარულის საშუალებას მოკლებულნი არიან. ამის გამო, ხშირად ისინი ოჯახში ძალადობის, აბუჩად აგდებისა და გაუპატიურების მსხვერპლნი ხდებიან. გარდა ამისა, ისინი ადრე ორსულდებიან, სქესობრივად გადამდები სხვადასხვა დაავადებები ემართებათ, მათ შორის აივ ინფექციაც. მათი ორგანიზმი მშობიარობისთვის მზად არაა, რამაც შესაძლოა დამღუპველი გავლენა იქონიოს მათ და მათი შვილების ჯანმრთელობაზე“.
გაეროს ბავშვთა ფონდის შეფასებით, ბავშვის ასაკში გათხოვილი გოგონების რიცხვი 2030 წლისთვის ამჟამინდელი 700 მილიონიდან 950 მილიონს გადააჭარბებს. ორგანიზაცია Save The Children მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდებს, ეს სავალალო პრობლემა დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული კანონების მეშვეობით გადაჭრან.