ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე ბრალდებული კაცი ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად ცნეს დამნაშავედ. სქესის ნიშნით ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის მას 8 წელი მიესაჯა.
ამავე საქმეზე დაკავებულ კიდევ ოთხ კაცს თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი 10 იანვარს გამოუტანა. სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების, ჯგუფურად და სქესის ნიშნით ჩადენილი დამამცირებელ მოპყრობისთვის თითოეულს 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. აღსანიშნავია, რომ ოთხივე მათგანს ბრალი წარდგენილი ჰქონდა 143-ე მუხლითაც, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, თუმცა ამ ნაწილში სასამართლომ ისინი გაამართლა. ამ გადაწყვეტილებას “საფარი” სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს – მოვითხოვთ, ოთხივე მათგანის დამნაშავედ ცნობას ხანუმ ჯეირანოვასთვის თავისუფლების აღკვეთის გამოც.
ხუთივე კაცი 2022 წელს, მხოლოდ მას შემდეგ გააკავეს, რაც გაეროს ქალთა კომიტეტმა (CEDAW) გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. კომიტეტს “საფარმა” ადამიანის უფლებათა ცენტრსა (HRC) და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) თანამშრომლობით, 2018 წელს მიმართა.
კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა ჩაატაროს სწრაფი, საფუძვლიანი და დამოუკიდებელი გამოძიება ჯეირანოვას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, დასაჯოს პასუხისმგებელი პირების, ჯეირანოვას შვილებს კი ბოდიში მოუხადოს და ადეკვატური კომპენსაცია გადაუხადოს.
CEDAW-ს გადაწყვეტილების შემდეგ, ხანუმ ჯეირანივას შვილებისთვის კომპენსაციის განსაზღვრის მოთხოვნით”საფარმა” თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართა. 2022 წლის ოქტომბერში სახელმწიფოს ჯეირანოვას ორი შვილისთვის, ჯამში 100 000 ლარს გადახდა დაეკისრა. მოპასუხე უწყებამ, ფინანსთა სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და “ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით” კომპენსაციის ოდენობის შემცირება მოითხოვა. სააპელაციო სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ხანუმ ჯეირანოვა 2014 წლის 18 სექტემბერს გარდაიცვალა. პროკურატურის ვერსიით, მან თავი მოიკლა. 2 დღით ადრე, 16 სექტემბერს მას თანასოფლელი კაცები თავს დაესხნენ და სოფლის ცენტრში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდარს შეესწრნენ ჯეირანოვას არასრუწლოვანი შვილებიც.