"საფარის" საქმეები / სიახლეები / ქალზე ძალადობა

ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე ბრალდებულებს 5,5 წლით პატიმრობა მიესაჯათ

ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე ბრალდებულ 4 კაცს 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, რაც ჯგუფურად და სქესის ნიშნით ჩადენილ დამამცირებელ მოპყრობას გულისხმობს.

“ბრალდებულები მიიჩნევდნენ რა, რომ დაზარალებული, ქალისთვის შეუფერებელ საქციელს სჩადიოდა, იგი ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც იძულებით ჩასვეს ავტომანქანაში და სოფლის ცენტრში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მიიყვანეს. ბრალდებულები დაზარალებულს სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით  დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო იგი უნდა დასჯილიყო. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ქმედებამ დაზარალებულის მორალური ტანჯვა გამოიწვია”, – ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ოთხივე მათგანს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლითაც, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, თუმცა ამ ნაწილში სასამართლომ ისინი გაამართლა. ამ გადაწყვეტილებას “საფარი”  სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს – მოვითხოვთ მათ გასამართლებას ყველა წარდგენილი მუხლით.

დამამცირებელი მოპყრობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით საქმეზე ბრალდებულია კიდევ ერთი კაცი. მისი საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ამ დრომდე განიხილავს.

ხუთივე კაცი 2022 წელს, მხოლოდ მას შემდეგ გააკავეს, რაც გაეროს ქალთა კომიტეტმა (CEDAW) გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. კომიტეტს “საფარმა” ადამიანის უფლებათა ცენტრსა (HRC) და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) თანამშრომლობით, 2018 წელს მიმართა.

კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა ჩაატაროს სწრაფი, საფუძვლიანი და დამოუკიდებელი გამოძიება ჯეირანოვას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, დასაჯოს პასუხისმგებელი პირების, ჯეირანოვას შვილებს კი ბოდიში მოუხადოს და ადეკვატური კომპენსაცია გადაუხადოს.

CEDAW-ს გადაწყვეტილების შემდეგ, ხანუმ ჯეირანივას შვილებისთვის კომპენსაციის განსაზღვრის მოთხოვნით”საფარმა” თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართა. 2022 წლის ოქტომბერში სახელმწიფოს ჯეირანოვას ორი შვილისთვის, ჯამში 100 000 ლარს გადახდა დაეკისრა.

ხანუმ ჯეირანოვა 2014 წლის 18 სექტემბერს გარდაიცვალა. პროკურატურის ვერსიით, მან თავი მოიკლა. 2 დღით ადრე, 16 სექტემბერს მას თანასოფლელი კაცები თავს დაესხნენ და სოფლის ცენტრში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდარს შეესწრნენ ჯეირანოვას არასრუწლოვანი შვილებიც.