რამდენიმე ხნის წინ, ბარსელონაში სასამართლომ 14 წლის გოგონას ჯგუფურ გაუპატიურებაში ბრალდებული 5 კაცი მსუბუქი მუხლებით გაასამართლა.
მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ გაუპატიურებული გოგონა უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, და ამის გამო, მისი აზრით, ბრალდებულებს არც ძალა გამოუყენებიათ, და არც მსხვერპლის იძულება.
კაცებს 10-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, რადგან მათ მიმართ სექსუალური თავდასხმის მუხლი იქნა გამოყენებული. ისინი რომ გაუპატიურების მუხლით დასჯილიყვნენ, სასჯელი 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით განისაზღვრებოდა.
სასამართლოს განჩინებით, 2016 წელს, კატალონიის ქალაქ მანრესას მიტოვებულ ფაბრიკაში ჩატარებულ წვეულებაზე, 5 კაცი სექსუალურად თავს დაესხა 14 წლის გოგონას.
ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ კაცებმა რიგრიგობით გააუპატიურეს გოგონა, რომელიც ძლიერი ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიების ვერსიით, ერთ-ერთი ბრალდებული, ბრიან ანდერს მ., დანარჩენ ბრალდებულებს შემდეგი სიტყვებით მიმართავდა: „ახლა შენი ჯერია, მხოლოდ 15 წუთი გაქვს, იჩქარე!“.
თავად გოგონა ამბობს, რომ მომხდარი ძალზე ცუდად ახსოვს, მაგრამ მან დაინახა, თუ როგორ იქნევდა ერთ-ერთი ბრალდებული პისტოლეტს.
დანაშაულს ყველა ბრალდებული უარყოფდა, თუმცა, მსხვერპლის ქვედა საცვალზე ერთ-ერთი ბრალდებულის დნმ იპოვეს.
გაზეთ El Pais-ს სასამართლოს გადაწყვეტილების ციტატა მოჰყავს: „იმდენად, რამდენადაც მსხვერპლი ვერ აცნობიერებდა, რას აკეთებდა, იგი ვერ დაეთანხმებოდა ან შეეწინააღმდეგებოდა ბრალდებულებთან სექსუალურ კავშირს. ამგვარად, ბრალდებულებს შეეძლოთ, სქესობრივი აქტები ჩაეტარებინათ ძალადობისა და მუქარის გამოყენების გარეშე”.
სასამართლომ გაკვირვებაც კი გამოხატა იმის გამო, რომ ბრალდების მხარემ საქმეზე გაუპატიურების გაცილებით მკაცრი მუხლის გამოყენება მოითხოვა.
ამ მოვლენას საზოგადოების მძაფრი რეზონანსი მოჰყვა. სასამართლო გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად, ესპანელი ქალები ქუჩაში გავიდნენ.
“მოსამართლე არ ვარ და არ ვიცი, რამდენწლიან ციხეს იმსახურებენ ისინი, მაგრამ ის კი კარგად ვიცი, რომ ეს გაუპატიურებაა!”, – განაცხადა ბარსელონის მერმა ადა კოლომ (Ada Colau).
პროტესტის აქციას ახალგაზრდა ჟურნალისტი ნოემი ლოპეს ტრუხილიოც (Noemí López Trujillo) შეუერთდა, რომელიც გენდერული უთანასწორობის პრობლემებზე მუშაობს. მას მიაჩნია, რომ კანონი ქალებს გაუპატიურებისგან არასაკმარისად იცავს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქალს ალკოჰოლი ან ნარკოტიკები აქვს მიღებული.
„ეს ნამდვილი კოშმარია! ქალები მუდმივად საშიშროების წინაშე დგანან! ჩვენ გვსურს, რომ კანონმა აგრესიისგან დაგვიცვას და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას. ეს არ არის სექსუალური გამოყენება, ეს გაუპატიურებაა!“, – ამბობს ჟურნალისტი.
თუმცა, დასახელებული ქეისი ესპანეთში გაუპატიურების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ პირველი პროტესტი არაა.
2016 წელს, 18 წლის ესპანელმა გოგონამ პამპლონაში ხარების რბოლის დროს მომხდარ გაუპატიურებაში 5 კაცი დაადანაშაულა. თავდამსხმელებმა გოგონა სადარბაზოში შეათრიეს და ყველაფერი ვიდეოზე გადაიღეს.
თავდაპირველად, სასამართლომ ისინი დამნაშავეებად გაცილებით მსუბუქი მუხლით ცნო, რადგან, პოლიციის ანგარიშის თანახმად, გოგონა პასიური და ნეიტრალური იყო.
ამ გადაწყვეტილებამ, ქვეყანაში მასობრივი პროტესტები გამოიწვია, რომელიც რამდენიმე თვის მანძილზე გაგრძელდა. მათი გაჩერება მხოლოდ ესპანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ შეძლო, რომელმაც კაცები გაუპატიურებაში დამნაშავეებად ცნო. ასევე, ქვეყნის პრემიერი ხალხს დაპირდა, რომ ამ კუთხით არსებული საკანონმდებლო ხარვეზების გასწორებაზე იზრუნებდა.
პროტესტის მონაწილეები კანონში იმის დაკონკრეტებას ითხოვდნენ, რომ გაუპატიურებად მიიჩნევა ნებისმიერი სქესობრივი აქტი, რომელიც ორივე მხრის თანხმობის გარეშე მოხდება.
Amnesty International-ის თანახმად, კანონები, რომლებშიც თანხმობის გარეშე სექსი გაუპატიურებად ითვლება, ევროკავშირის 31 ქვეყნიდან 9 ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის – დიდ ბრიტანეთში.
გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის გამო, ესპანეთში სოციალისტებმა დღემდე ვერ მოახერხეს სექსუალური ძალადობის შესახებ დაპირებული კანონის მიღება. კანონის ცვლილებას მხარს უჭერს ორი პარტია – სოციალისტები და მემარცხენეები. ადგილობრივ ფემინისტებს იმედი აქვთ, რომ 10 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად მუშათა სოციალისტური პარტიის მიერ პარლამენტში 120 მანდატის მოპოვების შემდეგ, კონსერვატორები კანონის მიღებას ხელს ვეღარ შეუშლიან.
წყარო: bbc.com