"საფარის" საქმეები / იურიდიული დახმარება / ოჯახში ძალადობა

საფარის საქმე – ინგა კაპანაძე თავისუფალია!

საფარის ბენეფიციარმა ინგა კაპანაძემ დღეს სასჯელაღსრულებითი დაწესებულება დატოვა. მას 3 ინსტანცია და მძიმე გზა დასჭირდა იმისთვის, რათა დაემტკიცებინა, რომ ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით შვილებთან დაბრუნება მისი ბავშვების საუკეთესო ინტერესში შედიოდა.

ინგა კაპანაძის საქმე საფარის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ქეისია. მეოთხე წელია, რაც ქმრის ცრუ დასმენის გამო, ახალგაზრდა ქალი სასჯელს ბავშვებზე სისტემატიური ძალადობის მუხლით იხდიდა, ქალთა #5 დაწესებულებაში. სინამდვილეში, ბავშვებზე მისი მეუღლე ძალადობდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა, ბავშვებზე გაუსაძლისი ზეწოლის შედეგად, მათ დედის წინააღმდეგ მიაცემინა ჩვენება, რომლის თანახმადაც, მათ მიმართ სასტიკი ძალადობა დედის მიერ იყო ჩადენილი.

როდესაც ინგა კაპანაძემ დახმარებისთვის საფარს მიმართა, იგი უკვე პატიმრობაში იმყოფებოდა.

საფარის წინაშე რთული ამოცანა იდგა: მას უნდა დაემტკიცებინა როგორც ქალის უდანაშაულობა, ასევე – მისი მეუღლის მხრიდან ჩადენილი მძიმე დანაშაული – ბავშვებზე ფსიქოლოგიური მანიპულირების შედეგად, მათი დედის პატიმრობაში გაშვების პრეცედენტი.

არაერთი საჩივრის, საფარის ადვოკატების მიერ მოპოვებული ძალადობის მამხილებელი მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ, პროკურატურამ ბრალი რეალურ მოძალადეს, ინგა კაპანაძის ქმარს, წაუყენა, ცოლის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე.

სასამართლო პროცესებზე უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა არასრულწლოვანი შვილების ჩვენება, რომლის თანახმადაც, ქმარი პერმანენტულად ძალადობდა არამხოლოდ ინგა კაპანაძეზე, არამედ – მათზეც.

ეს გახდა მამის მხრიდან შვილებზე სისტემატური ძალადობის მუხლით გამოძიების დაწყების საფუძველი. მოძალადემ სრულად აღიარა ცოლისა და შვილების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ინგა კაპანაძე კვლავ რჩებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში.

პერიოდულად, იგი თხოვნით მიმართავდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველ ადგილობრივ საბჭოს, რომ სასჯელის მოუხდელი ნაწილი მისთვის შინაპატიმრობით შეეცვალათ; პატიმრობის პერიოდში, ინგა კაპანაძეს ინტენსიურად სტუმრობდნენ მისი არასრულწოვანი შვილები, რაც ძალზე სტრესული გამოცდილება იყო ბავშვებისთვის.

მიუხედავად შეცვლილი გარემოებებისა, მსჯავრდებულ ინგა კაპანაძეს ადგილობრივმა საბჭომ ამაზე 3-ჯერ უთხრა უარი და არ გამოიკვლია საქმის არსებითი გარემოებები.

საფარმა გაასაჩივრა ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებები. თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა არაერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა, რომ ინგა კაპანაძის მიმართ შინაპატიმრობის გამოყენება დროული და აუცილებელი იყო, მისივე არასრულწლოვანი შვილების საუკეთესო ინტერესებისათვის. დაიკითხა არასრულწლოვანი მოწმე, რომელმაც დაადასტურა, რომ მისთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი დედის შინ დაბრუნება იყო.

გასული წლის დეკემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა ბავშვის საუკეთესო ინტერესი და სრულად დააკმაყოფილა საფარის სარჩელი; ამ გადაწყვეტილებით, ინგა კაპანაძეს შესაძლებლობა ეძლეოდა, უახლოეს დღეებში დაბრუნებოდა შვილებს.

თუმცა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა სასამართლოს ზემოთხსენებული გადაწყვეტილება ჯერ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, შემდეგ კი – უზენაეს სასამართლოში. ამის შედეგად, უკიდურესად გაჭიანურდა ინგას გათავისუფლების ვადა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ შინაპატრიმრობით გათავისუფლების საქმის განხილვისას გამოიყენა საუკეთესო პრაქტიკა. იგი მსჯავრდებულის არასრულწლოვან შვილებთან თავად მივიდა და ძალიან დიდი სიფრთხილით, ფსიქოლოგის მონაწილეობით, გამოკითხა არასრულწლოვნები; უზენესი სასამართლო ბოლო ინსტანცია იყო, რომლის გადაწყვეტილების შემდეგ, ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველ ადგილობრივ საბჭოს დაევალა, გამოეცა ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, რათა ინგა კაპანაძეს შესაძლებლობა ჰქონოდა, შინაპატიმრობის ე. წ. ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით თავი დაეღწია ციხისათვის.

ელისო რუხაძე, საფარის ადვოკატი: “ძალადობის ეს საქმე არის ერთადერთი ქეისი, როდესაც სახელმწიფომ ძალადობის მუხლით ორივე მშობელი დააკავა, არ გამოარკვია სიმართლე და ბავშვებს გამოძიების პროცესში უდიდესი ტრავმა მიადგათ. ამ საქმეში სიმართლის გამოვლენაზე ქართული გამოძიება და სასამართლო უარს ამბობს და იძულებულნი ვართ, საქმე წავიღოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ინგას დროზე ადრე გათავისუფლება სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო პირველ რიგში მისი არასრულწლოვანი შვილებისათვის, რადგან პენიტენციურ დაწესებულებაში დედასთან შეხვედრა მათ ტრავმულ გამოცდილებას კიდევ უფრო ამძიმებდა. ეს საქმე არის შავი ლაქა ქართული გამოძიებისთვის. აუცილებლად დაამტკიცებს ინგა, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი და მას დანაშაული არ ჩაუდენია. სამწუხაროა, რომ ამაში მას ქართული მართლმსაჯულება არ ეხმარება“.

საფარი კვლავ განაგრძობს ინგა კაპანაძის დაცვას.

“საფარი” აღნიშნულ საქმეს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებს.