"საფარის" საქმეები / ოჯახში ძალადობა / სიახლეები

ძალადობის მსხვერპლ ქალს ქმარი 4 თვის განმავლობაში შვილთან კომუნიკაციის საშუალებას არ აძლევდა

sapari

საფარი იცავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის ინტერესებს, რომელსაც თვეების განმავლობაში შვილის ნახვის საშუალებას არ აძლევდნენ. დაახლოებით 4 თვის წინ ქალმა ქმარს ძალადობის გამო უჩივლა და სახლიდან წავიდა, თუმცა შვილის წაყვანის უფლება არ  მისცეს. აღსანიშნავია, რომ ბავშვი მაშინ მხოლოდ 7 თვის იყო და ძუძუთი იკვებებოდა. ამ ხნის მანძილზე ქალი მივიდა პოლიციაში, სოციალური მომსახურების სააგენტოს როგორც რეგიონულ, ისე ცენტრალურ ოფისში, თუმცა შვილის ნახვა იქამდე ვერ მოახერხა, სანამ „საფარს“ არ დაუკავშირდა.

გუშინ, 13 მაისს, ქალი საფარის იურისტთან, ორ სოციალურ მუშაკთან, სოციალური სააგენტოს წარმომადგენელთან და პოლიციასთან ერთად მოძალადე კაცის საცხოვრებელში მივიდა და ბავშვი წამოიყვანა. ადგილზე მისულებს ძალიან რთული მდგომარეობა დაგვხვდა: სახლი, სადაც ოჯახი ცხოვრობდა, ბანკმა დააყადაღა, ახალმა მეპატრონემ კი მათ სახლის აივანზე დროებით ცხოვრების უფლება მისცა. აივნის კიდეები ხალიჩებითაა შემოსაზღვრული, შიდა სივრცეში კი ცხოვრობს 5 არასრულწლოვანი (მათგან 4 შვილი კაცს პირველი ქორწინებიდან ჰყავს) და ბავშვების ბებია – 70 წლამდე ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო გადაადგილება უჭირს. მათ არ აქვთ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები და ბანაობასაც კი პერიოდულად, მეზობელთან ახერხებენ. ყველაზე უფროსი ბავშვი 13 წლისაა და უმცროს ძმაზე ზრუნვის ტვირთი მთლიანად მასზე იყო დაკისრებული. ბავშების მამა სხვა რეგიონში მუშაობს და ოჯახში მხოლოდ კვირაში ერთხელ ბრუნდება. ის, ფაქტობრივად, არანაირად არ არის ჩართული შვილების აღზრდის პროცესში.

აღსანიშნავია, რომ ამ სიტუაციის შესახებ იცოდა სოციალური სააგენტოს სოციალურმა მუშაკმა, თუმცა მან სათანადოდ ვერ შეაფასა ვითარება და არ ჰქონია დროული და ადეკვატური რეაგირება. საგანგაშოდ რჩება იმ 4 არასრულწლოვნის მდგომარეობა, რომელთა ინტერესების დაცვის სამართლებრივი ბერკეტი „საფარს“ ამ ეტაპზე არ აქვს.

ჩვენ ვაგრძელებთ როგორც ქალის, ისე მისი შვილის ინტერესების დაცვას. ინფორმაციას როგორც მათი, ისე დანარჩენი არასრულწლოვნების მდგომაროების შესახებ პერიოდულად მოგაწვდით.