სექსუალობა / სტატიები

მენსტრუალური ჭიქა – ქალის ჰიგიენის მოსახერხებელი და ეკონომიური ატრიბუტი

Woman hands holding pink menstrual cup. Modern female intimate hygiene concept.

მენსტრუალური ჭიქა ქალის ჰიგიენის ერთ-ერთი თანამედროვე საშუალებაა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში მისი გამოყენება უკვე კარგა ხნის წინ დაინერგა, ჩვენში იგი პოპულარობით დიდად არ სარგებლობს.

რაღა თქმა უნდა, თითოეული ქალი თავად ირჩევს, ჰიგიენის რომელი საშუალება გამოიყენოს, იქნება ეს მენსტრუალური ჭიქა, საფენები თუ ტამპონები. ის ფაქტორი, რომ მენსტრუალური ჭიქის გამოყენებას ქალები დიდი ენთუზიაზმით არ ესწრაფვიან, ბევრი რამითაა განპირობებული. უპირველესად, აქ შესაძლოა კულტურულმა ტაბუმ იჩინოს თავი: მენსტრუალური სისხლი ბევრ კულტურაში ქალის „უწმინდურობას“, „სიბილწეს“, „სიბინძურეს“ უკავშირდება. სხვათა შორის, მენსტრუაციის დროს ეკლესიაში ქალისთვის დაწესებული შეზღუდვები მხოლოდ ქრისტიანული კულტურისთვის დამახასიათებელი მოვლენა სულაც არაა: ციკლის პერიოდში ქალს „უწმინდურად“ უამრავი პრიმიტიული კულტურა, აფრიკელებისა და ინდიელების წეს-ჩვეულებებიც მიიჩნევს. სიტყვა „ტაბუს“ კონტექსტიც, ყველაზე ხშირად, სწორედ მენსტრუაციის დროს აკრძალვებს უკავშირდება.

შესაბამისად, მსგავს ტრადიციულ კულტურებში აღზრდილი ქალებისთვის ხშირად მენტალურ დონეზე რთულდება მენსტრუაციის სისხლთან შეხების ამგვარი ფორმის გათავისება. თუმცა, თუ კარგად გავიაზრებთ, თუ რამდენად მოსახერხებელია თანამედროვე ქალისთვის მენსტრუალური ჭიქის გამოყენება, შესაძლოა, ჩვენში ამ კულტურული წინასწარგანწყობების გავლენა სრულიად გაქრეს.

მენსტრუალური ჭიქის მთავარი უპირატესობა მისი ეკონომიურობაა. იგი მრავალჯერადია და გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ჩვენ მიერ გამოყენებული ასეულობით ტამპონი ან საფენი. სხეულში მისი განთავსებისას, ქალი არანაირ დისკომფორტს არ განიცდის.

მენსტრუალური ჭიქა არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის საშიშ ქიმიკატებს, დანამატებსა და მათეთრებლებს. ტამპონები ბამბისა და ვისკოზის საგანგებოდ დამუშავებული და გათეთრებული ბოჭკოებისგან შედგება, რისი დამუშავების შემდეგაც, ბოჭკოებზე სახიფათო ქსენობიოტიკი დიოქსინი რჩება. გარდა ამისა, ტამპონები საშოს აშრობს. მისი გამოყენება შესაძლოა ინფექციითა და ტოქსიკური შოკის სინდრომით დასრულდეს. ტამპონებისგან განსხვავებით, მენსტრუალური ჭიქა მსგავს რისკებს არ შეიცავს.

ჭიქას გამოყენების ინსტრუქცია მოჰყვება, თუმცა, ქალების უმეტესობას, მასთან შესაგუებლად გარკვეული დრო სჭირდება. შესაძლოა, მოგვეჩვენოს, რომ ჭიქის კონსტრუქცია ზედმეტად დიდია, მაგრამ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ იგი დაკეცილ მდგომარეობაში შეგვყავს და მისი დიამეტრი ჩვენს ანატომიას ზუსტად იმეორებს. შესაბამისად, იგი ტამპონზე ოდნავ დიდია.

ჭიქაში ჩვენი გამონადენის გაცილებით დიდი რაოდენობა ეტევა, ვიდრე ტამპონსა ან საფენზე. საშუალოდ, ჭიქის თავსებადობა 25-37 მლ-ია. ბევრ ქალს ჰგონია, რომ მისი გამონადენი უხვია, მაგრამ, სინამდვილეში, საშუალოდ დღეში იგი 30-დან 120 მლ-ამდე გამონადენს კარგავს (2-8 სუფრის კოვზი). ამასთანავე, 60 მლ-ზე მეტი გამონადენი უკვე უხვად მიიჩნევა.

ჭიქის გამოყენების დასწავლა ძალზე ადვილია: თუ ამას არასწორად გავაკეთებთ, მაშინვე დისკომფორტს ვიგრძნობთ. იყიდება სხვადასხვა ზომების ჭიქები, რაც გამონადენის რაოდენობაზეა დამოკიდებული და ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. ჭიქები სხვადასხვა მასალებისგან მზადდება, მათ შორის, ანტიალერგიულისგან.

ჭიქის გამოყენებას უკუჩვენება არ აქვს, გარდა იმისა, რომ ქალწულებისთვის ეს შეუძლებელია. სხვა მხრივ, ყველაფერი დაახლოებით იმ სცენარით მიდის, რაც მენსტრუალური ჰიგიენის სხვა საშუალებების გამოყენებისას: პერიოდულად (ეს თქვენი გამონადენის ინტენსივობაზეა დამოკიდებული), ჭიქა უნდა გამოვიღოთ, დავცალოთ ჰიგიენურ პირობებში, და გავრეცხოთ.

პირველი გამოყენების წინ, სასურველია მისი სტერილიზაცია. ამისათვის, ჭიქა მთლიანად უნდა მოვათავსოთ წყლიან ჯამში და 3-5 წუთი ვადუღოთ.

მენსტრუალური ჭიქის გამოყენების წინ, საგულდაგულოდ უნდა დავიბანოთ ხელები. შემდეგ, ჭიქა ორჯერ უნდა მოვკეცოთ და ამ ფორმით, უნდა შევიყვანოთ საშოში. სწორი გამოყენების შემთხვევაში, იგი თავად გაიშლება და სასურველ ფორმას მიიღებს.

მნიშვნელოვანია, რომ ჭიქის მოთავსების დროს, მოდუნებულ მდგომარეობაში ვიყოთ. რეკომენდებულია, რომ ჭიქა პირველად მაშინ მოვისინჯოთ, როდესაც მენსტრუაცია არ გვექნება. ეს მეთოდი იმისთვისაა საჭირო, რომ ჭიქის მოთავსების ჩვენთვის მოსახერხებელ ფორმას ადვილად მივაგნოთ და მომავალში ნაკლებად განვიცადოთ დისკომფორტი.

ჭიქის გამოღებაც სულაც არაა რთული პროცედურა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ოდესმე ჰიგიენური ტამპონები გამოუყენებია. თითით უნდა მოვსინჯოთ ჭიქის ფსკერი და ვაკუუმის გამოსადევნად ოდნავ მივაწვეთ, შემდეგ ცერა და საჩვენებელი თითით ჭიქა გამოვიღოთ. ვაკუუმის ეფექტის გაქრობის შემდეგ, ჭიქა ადვილად გამოდის გარეთ.

ჭიქის დაცლის შემდგომ, იგი გამდინარე ცივი წყლით უნდა გავრეცხოთ, უსაპნოდ (ცივი წყალი კარგად გამორეცხავს შიგთავსს). ამ დროს, უკვე შეიძლება ნეიტრალური, სურნელოვანი დამატებების გარეშე საპნის გამოყენება, კვლავ გასტერილებაც (ეს უკანასკნელი, ყოველი დაცლის შემდგომ, აუცილებლად რეკომენდებული არ არის და შეგვიძლია, სიტუაციის შესაბამისად მოვიქცეთ).

ციკლის სრულად დამთავრების შემდეგ, ჭიქის დეზინფიცირება ზუსტად ისევე შეგვიძლია, როგორც გამოყენებამდე. მისი შენახვა რეკომენდებულია ბამბის ქსოვილისგან დამზადებულ პატარა ზომის ქისაში, რომელიც, როგორც წესი, მას შეძენისას მოჰყვება. ჭიქის პოლიეთილენის ან ჰერმეტულად დახურულ სათავსოში შენახვა დაუშვებელია. ასევე, იგი მზის პირდაპირ სხივებსაც უნდა მოვარიდოთ.

მენსტრუალური ჭიქის გამოყენებასთან დაკავშირებით, ყველაზე გავრცელებული კითხვა მისი გარეცხვის ინტენსივობას უკავშირდება. ეს პირდაპირ დამოკიდებულია მისი დაცლის სიხშირეზე. როგორც წესი, მწარმოებლები მის დაცლას არა უადრეს ორ საათში ერთხელ გვირჩევენ. მნიშვნელოვანია, რომ გამონადენის სიმცირის მიუხედავად, მისი დაცლის გარეშე გამოყენება 12 საათზე მეტ ხანს დაუშვებელია.

იმის გამო, რომ სილიკონს გამოყენების საკმაოდ ხანგრძლივი ვადა აქვს, ექსპლუატაციის წესების დაცვის შემთხვევაში, იგი დაახლოებით 10 წლით გვემსახურება. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენმა ორგანიზმმა ფიზიოლოგიური ცვლილებები განიცადა, მაგალითად, ვიმშობიარეთ, – შეგვიძლია, სხვა ზომის ჭიქა შევიძინოთ.

საშუალოდ, ცხოვრების მანძილზე, ქალი დაახლოებით 16800 ერთჯერად საფენს ან ტამპონს მოიხმარს. მენსტრუალური ჭიქა ამ მხრივ ეკოლოგიურად უაღრესად მომგებიანი პროდუქტია. ტამპონებსა და საფენებს არაორგანული ბამბისგან, სინთეტიკური მასალებისგან ამზადებენ. შემდეგში, ეს მასალა ქიმიურად გადამუშავდება და გარემოს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. ასე რომ, ეკოლოგიის თვალსაზრისით, მენსტრუალური ჭიქის გამოყენება უდიდესი შვებაა ჩვენი პლანეტისთვისაც.