4 ნოემბერს, ორგანიზაცია საფარმა კვლევის – „სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა გამოცდილება მართლმსაჯულების სისტემაში“ პრეზენტაცია გამართა.
კვლევა შეისწავლის სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა გამოცდილებებს მართლმსაჯულების სისტემასთან ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპზე – დანაშაულის შეტყობინებიდან სასამართლო განაჩენამდე. მისი მიზანია, გამოავლინოს, რამდენად პასუხობს პოლიციის, პროკურატურისა და სასამართლოს რეაგირება მსხვერპლთა საჭიროებებს და რა ცვლილებებია აუცილებელი მსხვერპლზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემის შესაქმნელად.
კვლევა ეფუძნება ლიტერატურის მიმოხილვასა და 19 ჩაღრმავებულ ინტერვიუს, მათ შორის, სექსუალური ძალადობის 11 მსხვერპლთან და 8 პრაქტიკოს ექსპერტთან: იურისტებსა და ფსიქოლოგებთან. საქართველოში ეს პირველი კვლევაა, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა გამოცდილებებს იკვლევს.
კვლევის პრეზენტაცია საფარის დირექტორმა ბაია პატარაიამ წარადგინა, ლიტერატურის მიმოხილვის ნაწილზე კი ნინო დოლიძემ ისაუბრა.
კვლევის მიგნებები აჩვენებს, რომ მართლმსაჯულების სისტემა სათანადოდ არ არის მორგებული მსხვერპლთა საჭიროებებზე. პრობლემები იკვეთება როგორც დანაშაულის შეტყობინებისა და გამოძიების, ისე ექსპერტიზის, პროკურატურისა და სასამართლო განხილვის ეტაპებზე. კვლევა ასევე წარმოაჩენს მეორადი ვიქტიმიზაციის რისკებს და სისტემური ცვლილებების აუცილებლობას.
კვლევის საფუძველზე შემუშავებულია რვა რეკომენდაცია, რომლებიც მოიცავს საკანონმდებლო ცვლილებებს, სპეციალისტების გადამზადებას, ტრავმაზე ინფორმირებული მიდგომების დანერგვას, ექსპერტიზის სტანდარტების გაუმჯობესებასა და მსხვერპლთა მხარდამჭერი სერვისების გაძლიერებას.
გაეცანით სრულ კვლევას. პუბლიკაცია მომზადდა გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობისათვის” ფარგლებში პარტნიორის, საფარის მიერ. მასალა მომზადდა შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით. მისი შინაარსი წარმოადგენს საფარისპასუხისმგებლობას და შესაძლოა, არ ასახავდეს შვედეთისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხედვას.
კვლევის პრეზენტაციისთვის სივრცე ფაბრიკამ დაგვითმო, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით.



