"საფარის" აქტივობები / თანასწორობის პოლიტიკა

სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: 10 ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრების გზაზე

დღეს, 18 მარტს, საქართველოში მომუშავე ათობით არასამთავრობო ორგანიზაციამ წარვადგინეთ 10-პუნქტიანი გეგმა, რომლის შესრულებაც მნიშნელოვანია საქართელოს ევროპის კავშირში გაწევრების გზაზე. ინიციატივის ავტორი ორგანიზაციები მზად ვართ, სხვა აქტორებთან, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებთან ერთად აქტიურად ჩავერთოთ საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების განაცხადთან დაკავშირებული შეფასების მომზადების პროცესში.

მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 3 მარტს საქართველომ ევროპის კავშირში გაწევრებაზე განაცხადი გააკეთა. 10 მარტს, ევროპის კავშირის ლიდერთა სამიტზე ევროკომისიას ეთხოვა, საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით შეფასების მომზადება, რის საფუძველზეც შესაძლოა მას მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი. ხელმომწერ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ რომ ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოსთვის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სოციალური სიკეთეების და უსაფრთხოების გაძლიერების წინაპირობებს შექმნის.

“საფარი” სხვა 31 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად ხელისუფლებას ვთავაზობთ, გადადგას შემდეგი 10 ნაბიჯი:

    1. შეიმუშაოს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების ეროვნული სტრატეგია და შექმნას მისი მონიტორინგის ქმედითი მექანიზმი, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი;
    2. განახორციელოს 2021 წლის 19 აპრილს შეთანხმებით „მომავლის გზა საქართველოსთვის” (ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმება) გათვალისწინებული დემოკრატიული რეფორმები;
    3. გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან საქართველო-ევროპის კავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგის დროულად მისაღებად და დაიწყოს მისი ეფექტიანი იმპლემენტაცია;
    4. გაწიოს სათანადო დიპლომატიური ძალისხმევა, ევროკომისიის მხრიდან ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარის მიღების დასაჩქარებლად;
    5. მობილიზება გაუკეთოს შესაბამის ადამიანურ, ფინანსურ და ტექნიკურ რესურსს (მათ შორის შექმნას შესაბამისი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი და/ან შესაბამისი უწყება), რათა მოხდეს კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარის დროული და სრულყოფილი შევსება და ევროპის კავშირისთვის წარდგენა;
    6. ახალი რეალობის გათვალისწინებით ცვლილებები შეიტანოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის დებულებაში, გააქტიუროს და უფრო ეფექტიანი გახადოს მისი მუშაობა, რაც კითხვარზე პასუხების მომზადების პროცესში სამუშაო ჯგუფების აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს;
    7. გახადოს პროცესი გამჭვირვალე და ინკლუზიური. ჩამოაყალიბოს ევროპის კავშირში გაწევრების ეროვნული საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ სფეროს ექსპერტები და ექნება საკონსულტაციო ორგანოს სტატუსი. საბჭო ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესის კოორდინაციასა და მონიტორინგს;
    8. განიხილოს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, ადამიანის უფლებების, იურიდიულ და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეების, ასევე ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის პოსტების ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დაკავების შესაძლებლობა, რათა გაიზარდოს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესზე საპარლამენტო ზედამხედველობა;
    9. პეტრას ციხის (ასოცირების ტრიო – მოლდოვა, საქართველო, უკრაინა) დეკლარაციის შესაბამისად, ქმედითი ნაბიჯები გადადგას რათა ერთის მხრივ გაძლიერდეს ტრიოს თანამშრომლობის ფორმატი, დარეგულირდეს ურთიერთობები უკრაინასთან და მეორეს მხრივ, ჩამოყალიბდეს ტრიოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი სამიტი;
    10. უზრუნველყოს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესთან დაკავშირებული მოლოდინების მართვა და აწარმოოს შესაბამისი შიდა და საგარეო კომუნიკაცია.

     

ინიციატივას ხელს ვაწერთ შემდეგი ორგანიზაციები:

  • კავშირი “საფარი”;
  • ღია საზოგადოების ფონდი;
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
  • ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI);
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ასოციაცია (ISFED);
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო;
  • აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD);
  • უფლებები საქართველო;
  • საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (GISS);
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF);
  • მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის(WEG);
  • მშვიდობის, დამოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD);
  • რონდელის ფონდი;
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT);
  • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT);
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC);
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
  • ლიბერალური აკადემია თბილისი (LAT);
  • დემოკრატიის ინდექსი – საქართველო;
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი;
  • სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილია;
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
  • საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP);
  • ღია სივრცე კავკასია (COS);
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტა ასოციაცია (GYLA);
  • სამოქალაქო იდეა;
  • მწვანე ალტერნატივა;
  • მედიის ინსტიტუტი;