დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, პატიმრობიდან გათავისუფლებული, ბავშვზე მოძალადე პოლიციელი დამნაშავედ ცნო.
საქმე ეხება პოლიციელის მხრიდან არასრულწლოვანი გოგონას მუდმივ დევნას და არასასურველ კომუნიკაციას როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ სივრცეში, გოგონას ნების საწინააღმდეგოდ შეხებას გოგონას სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. მოძალადისთვის ცნობილი იყო დაზარალებულის ასაკი, თუმცა მასთან კონტაქტს მაინც ინტენსიურად ცდილობდა. მისი ამ ქმედებების შედეგად ბავშვმა მძიმე ფსიქოლოგიური ტანჯვა განიცადა, აღარ გადაადგილდებოდა იმ სივრცეებში, სადაც შეიძლებოდა მოძალადეს შეხვედროდა. ბავშვის ეს გამოცდილება ცნობილი იყო მისი მეგობრებისა და მასწავლებლისთვის, რომლებმაც, ასევე, სრული ინფორმაცია მიაწოდეს გამოძიებას.
საქმეს აწარმოებდა საფარის იურისტი მარი ვარამაშვილი. მისი მონაწილეობით ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოძიების ეტაპზევე მოპოვებულ იქნა უტყუარი მტკიცებულება — გოგოსა და პოლიციელს შორის შემდგარი მიმოწერა, რომელიც ჩადენილ დანაშაულს პირდაპირ ადასტურებდა.
გამოძიების მსვლელობისას პოლიციელი დააკავეს და სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა. იგი დაახლოებით 7 თვის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში, 2026 წლის 29 აპრილამდე, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლომ, მტკიცებულებების მიუხედავად, მოძალადე პოლიციელი გაამართლა და დარბაზიდან გაათავისუფლა. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ყველა ის შემთხვევა, რომელსაც გოგონა ყვებოდა, თუმცა მოსამართლის შეფასებით, ეს მხოლოდ “ამორალური ქმედებები” იყო და არა დანაშაული, რის შედეგადაც პოლიციელი დარბაზიდან გაათავისუფლა.
საფარმა ბავშვის უფლებებისთვის ბრძოლა სააპელაციო სასამართლოში გააგრძელა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და არასრულწლოვნის ადევნების ფაქტზე გამართლებული პოლიციელი დამნაშავედ ცნო. დღეს, 13 ივლისს მოსამართლემ ბავშვზე მოძალადე პოლიციელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.



