2017 წლიდან, მზია რ-სა და მის არასრულწლოვან შვილზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი სექსუალურ, ეკონომიკურ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდა.
რამდენიმე თვეა, დაზარალებულს იურიდიულ დახმარებას ორგანიზაცია „საფარი“ უწევს. იმის გამო, რომ მოძალადე ახალგაზრდა ქალზე არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ახორციელებდა, დაშინებული მსხვერპლი, მიუხედავად სურვილისა, მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისათვის, თავის დაცვას ვერ ახერხებდა. უფრო მეტიც: სუს-ის თანამშრომელი მას სიცოცხლის მოსპობის მუქარით აშინებდა, თუ გაბედავდა და სამართალდამცავ ორგანოში განაცხადებდა.
„საფარის“ დახმარებით, მზია რ-მ პოლიციას მიმართა და განაცხადა, რომ სისტემატურად იყო უკანონო თვალთვალის, არასასურველი კომუნიკაციის მსხვერპლი. აღნიშნული ვითარება იწვევდა მის ფსიქიკურ ტანჯვას და აიძულებდა ცხოვრების წესის შეცვლას. კერძოდ, ის გადაადგილდება მხოლოდ მეგობრების თანხლებით, რამდენიმეჯერ შეიცვალა კუთვნილი ტელეფონის ნომრები, საღამოს საათებში სახლიდან ვერ გამოდიოდა და ა .შ.
როდესაც ორგანიზაცია „საფარის“ დახმარებით, მზია რ-მ და მისმა არასრულწლოვანმა შვილმა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართეს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც მოიცავს გენდერული ნიშნით ქალის მიმართ ადევნებას.
„საფარის“ აქტიური ჩართვის შედეგად, 2017 წლის 19 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის თხოვნა დამცავი ორდერის თაობაზე როგორც მზია რ-ის, ასევე მისი არასრულწლოვანი შვილის, მარიამ მ-ის მიმართ. ბავშვზე, როგორც ძალადობის მოწმეზე, სასამართლომ ასევე დამცავი ორდერი გამოსცა.
სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად, სუს-ის თანამშრომელი აღიარებულ იქნა მოძალადედ და 6 თვით, მას აეკრძალა ნებისმიერი კომუნიკაცია მსხვერპლთან.
დამცავი ორდერის გამოცემიდან 2 დღეში, მოძალადემ დამცავი ორდერის პირობები დაარღვია. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 24 საათით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ამასთანავე, ვინაიდან იგი ზეგავლენას ახდენდა გამოძიების პროცესზე, დაკმაყოფილდა „საფარის“ მოთხოვნა მისი თანამდებობიდან მოხსნის თაობაზე.
ამჟამად, თბილისის პროკურატურის მიერ ინტესიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მისი ბრალეულობის დასადასტურებლად და პასუხისგებაში მისაცემად.
„საფარი“ კვლავ განაგრძობს მსხვერპლის ინტერესების დაცვას წინასწარ გამოძიების პროცესსა და სასამართლოში.