"საფარის" საქმეები / სიახლეები

ხანუმ ჯეირანოვას ორი შვილისთვის სახელმწიფოს ჯამში 100 000-ლარიანი კომპენსაცია დაეკისრა

ხანუმ ჯეირანოვას ორ შვილს სახელმწიფო, კომპენსაციის სახით, ჯამში 100 000 ლარს გადაუხდის. მათ ინტერესებს სასამართლოში “საფარის” იურისტი, ნინო ანდრიაშვილი წარმოადგენს, რომელიც განმარტავს, რომ კომპენსაცია იმ მორალური ტრამვისთვის მიიღეს, რისი მომსწრეებიც მცირეწლოვან ასაკში გახდნენ. საუბარია 2014 წელს 16 სექტემბერს, საგარეჯოს მუნიცილპალიტეტის სოფელ ლამბალოში განვითარებულ მოვლენებზე – 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას თანასოფლელი კაცები თავს დაესხნენ და საჯაროდ, მთელი სოფლის თვალწინ სასტიკად სცემეს. მომხდარიდან 2 დღის შემდეგ, 18 სექტემბერს, ხანუმ ჯეირანოვა გარდაიცვალა. პროკურატურის ვერსიით, მან თავი მოიკლა.

“საფარმა” კომპენსაციის საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას გაეროს ქალთა კომიტეტის (CEDAW) გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ მიმართა. კომიტეტმა დაადგინა, რომ “საქართველომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და სამართლებრივი დევნა ქალის მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით”. გადაწყვეტილების მიხედვით, სახელმწიფოს, ერთი მხრივ, სწორად და ეფექტიანად უნდა წარემართა გამოძიება, მეორე მხრივ კი ხანუმ ჯეირანოვას შვილებისთვის სამართლიანი კომპენსაცია გადაეხადა.

ნინო ანდრიაშვილის განმარტებით, ფინანსთა სამინისტრო, რომელიც იყო მოპასუხე მხარე, კომპენსაციის გადახდისგან თავის არიდებას ცდილობდა:

“ფინანსთა სამინისტრომ საერთოდ არ აღიარა ჩვენი წარდგენილი სარჩელი. ამბობდნენ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან CEDAW-მ მხოლოდ რეკომენდაცია გასცა და ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება, კომპენსაცია დავაკისროთ სახელმწიფოსო.”

ანდრიაშვილის თქმით, CEDAW-ის გადაწყვეტილების შემდეგ კომპენსაციის გადახდაზე სასამართლო დავა დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა და მოსამართლეს მხოლოდ თანხის ოდენობაზე უნდა ემსჯელა. იურისტი განმარტავს, რომ მსგავს შემთხვევებში გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღება, თუმცა, ამ შემთხვევაში სხდომა ჩაინიშნა, სადაც მოსამართლემ მხარეთა პოზიციები მოისმინა. საბოლოოდ, “საფარის” მიერ მოთხოვნილი ოდენობის – თითოეულ შვილზე 100 000 ლარის ნაცვლად, სასამართლომ თითოეულისთვის 50 000 ლარი განსაზღვრა.

პარალელურად, გამოძება სისხლის სამართლის მიმართულებითაც მიმდინაროებს, რომლის ფარგლებშიც, მომხდარიდან 8 წლის შემდეგ, 5 კაცი დააკავეს. მათ ბრალი გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ხანუმ ჯეირანოვას ღირსებისა და პატივის შესახვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის წარუდგინეს. ნინო ანდრიაშვილის ინფორმაციით, ჯეირანოვას შვილებისთვის, რომელთაგან ერთი ჯერ კიდევ არასრულწლოვანია, გამოკითხვა და სასამართლოსთვის ჩვენების მიცემა ემოციურად რთულია. იურისტის თქმით, ამ საბაბით, საუბარი იყო ბრალდებულებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე:

“სისხლის სამართლის ნაწილში, მიდიოდა საუბარი, რომ ბრალდებულები საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ციხიდან გამოსულიყვნენ. ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგები ვართ ამის. დაზარალებულები მათთვის მაქსიმალური სასჯელის დაკისრებას ითხოვენ”.

გაეროს ქალთა უფლებების კომიტეტს “საფარმა” და ადამიანის უფლებათა ცენტრმა, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) თანამშრომლობით 2018 წელს მიმართა.