სექსუალური შევიწროება / სექსუალური ძალადობა

#ЯнеБоюсьСказать – ქალები გადატანილ ძალადობაზე საუბრობენ

გაეროს მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს ქალთა მესამედზე მეტი – დაახლოებით 35% – ძალადობისა და ზეწოლის ქვეშ ცხოვრობს. უფლებადამცველთა თქმით, ქალის მიმართ ძალადობა თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული უფლებადარღვევაა.

უკრაინელი ჟურნალისტის ანასტასია მელნიჩენკოს მიერ წამოწყებული ფლეშმობი #ЯНеБоюсьСказати (არ მეშინია, ვთქვა) მალე ფეისბუქის რუსულენოვანმა აუდიტორიამაც აიტაცა. ასე გაჩნდა კიდევ ერთი ჰეშთეგი – #ЯнеБоюсьСказать. პირადი ისტორიების გამოქვეყნების მეშვეობით, ქალებმა ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი დაიწყეს. „ძალადობა ყოველთვის ქუჩაში გამომხტარი მანიაკი არაა. იგი შესაძლოა სხვა – სიკეთის, ზრუნვის, ალერსის ფორმითაც გვესტუმროს, ახლობელი ადამიანის ხელით. რა უნდა ვიღონოთ, რომ ჩვენი შვილები ამისგან ვიხსნათ? – ამ თემაზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ. ეს პოსტები საუბრის ერთ-ერთი ფორმაა. დუმილი დაუშვებელია!“, – წერს დიანა ფარმაკოვსკაია.

რამდენიმე საათის განმავლობაში, სოციალურ ქსელებში განთავსდა ქალების მიერ ნაამბობი დრამატული ისტორიები გადატანილი ტრავმების, სამართალდამცავთა გულგრილობის, ახლობელთა გაკიცხვის შესახებ.

 „აღარ მინდა, რომ მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ვიცხოვრო. დღისით-მზისით მივდიოდი, სპორტულები მეცვა, თავს დამესხნენ. თავის მართლება არ უნდა მჭირდებოდეს, მე დამნაშავე არ ვარ, დამნაშავე მოძალადეა“, – ამბობს ანასტასია.

ბოლო დღეებში, დასახელებულ ჰეშთეგზე უამრავი მსგავსი ისტორიის წაკითხვა შეგვიძლია. მათი ავტორების უმრავლესობა ამ თემაზე საერთოდ პირველად საუბრობს.

 „ამ ისტორიების წაკითხვისგან თმა ყალყზე გიდგება და გიხარია, რომ მსგავსი რამ შენ არ დაგმართნია, მაგრამ თანდათან გახსენდება მეზობლის ბიჭი, რომელიც დაჟინებით გარწმუნებს, გაიხადო ტრუსები, ან პარკში სეირნობისას უცებ შემოფეთებული ონანისტი უცნობი“, – წერს Facebook-ზე ტატიანა გურალი.

ბევრი ისტორია მსგავს შემთხვევებზე ოჯახის წევრების რეაქციას ეძღვნება.

„როდესაც ამ თემაზე ოჯახში საუბარი ვცადე, მითხრეს, რომ ჩემს ასაკში სიტყვა „აკიდების“ მნიშვნელობა არ უნდა ვიცოდე, რომ ოჯახს ვარცხვენ და არასაკმარისად კდემამოსილი ვარ. ბაბუას არაფერს ვაბრალებ, საუბედუროდ, იგი ასეა აღზრდილი“, – წერს ოკსანა ოსმოლოვსკაია.

თითოეული ქალი, რომელსაც კაცის/კაცებისგან ძალადობა-შევიწროება გამოუვლია, შემდგომში კოლოსალურ ენერგიას ხარჯავს ამ ტრავმის მოსაშუშებლად. ტრავმა მთელი ცხოვრება რჩება და იგი მუდმივად გვახსენებს, რომ კაცების უნდა გვეშინოდეს, რომ შინ დაბრუნებისას უკან უნდა ვიხედებოდეთ, რომ გვიან მარტო ქუჩაში გასვლა სახიფათოა.

„ეს ტკივილი მუდმივად ჩემთანაა, არანაირი თერაპია არ შველის. მხოლოდ ახლაღა მომეცა ამის ბოლომდე ამოთქმის საშუალება“, – ვკითხულობთ ჰეშთეგის ერთ-ერთ კომენტარში.

მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტ ფლეშმობმა სტარტი სულ რამდენიმე დღის წინ აიღო, მასში მონაწილეობა უკვე ცნობილმა სახეებმაც მიიღეს. ერთ-ერთი მათგანია რუსი მომღერალი ლოლიტა მალიავსკაია, რომელმაც განაცხადა, რომ მოზარდობის ასაკში მისი გაუპატიურება სცადეს. „მეათე კლასში ჩემს გაუპატიურებას შეეცადნენ, მაგრამ ისე გააფთრებით ვიბრძოდი, რომ ჩემს ფრჩხილებში მოძალადის კანიც კი ჩამრჩა – მას სახე ძლიერად დავკაწრე, თავი დავაღწიე და გავიქეცი. ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო. მას შემდეგ, უკაცრიელ ადგილებში აღარ დავდივარ“, – იხსენებს ლოლიტა.

ანიტა ცოი 8 წლის იყო, როდესაც ეზოში მეგობარ ბავშვებთან თამაშისას ონანიზმით დაკავებულ კაცს შეეჩეხა. მას შემდეგ, რამდენიმე წლის მანძილზე, ანიტას კაცების პანიკური შიში დასჩემდა.

კაცის მხრიდან აგრესიის კიდევ ერთი მსხვერპლია მოდელი ანა კალაშნიკოვა. მას ვერც კი წარმოედგინა, რომ მისი იდეალური, რომანტიკოსი თაყვანისმცემელი ასეთ რამეს ჩაიდენდა.

 „მან ქალაქგარე ოტელში რომანტიკულ შეხვედრაზე დამპატიჟა. როგორც კი ნომრის ზღურბლს გადავაბიჯე, კარი ჩაკეტა და სხეულზე ხელების ფათური დამიწყო. როდესაც ჩემგან კატეგორიული წინააღმდეგობა შეხვდა, ამან უფრო გაახელა და დამემუქრა, თუ არ დავნებდებოდი, ფანჯრიდან გადამაგდებდა. უცაბედად მეცა და ისე დამარტყა, რომ რამდენიმე მეტრით შორს გადამაგდო. ამის გახსენება ჩემთვის უკიდურესად მტკივნეულია. ამ დროს მისმა ტელეფონმა დარეკა, როდესაც უპასუხა, მე დრო ვიხელთე და მეგობრებს დავურეკე საშველად“, – იხსენებს ანა.

ჰეშთეგის ქვეშ გაჩენილ გულახდილ მონოლოგებს გაუპატიურებასა და ძალადობაზე უკურეაქციებიც მოჰყვა. ზოგიერთ მომხმარებელს მიაჩნია, რომ „ასეთ სამარცხვინო თემებზე საუბარი სასურველი არაა, რადგან საზოგადოებაში მათი ავტორების რეპუტაცია ილახება“. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობენ კაცები. ჰეშთეგის ქვეშ ზოგიერთმა მათგანმა სალაზღანდარო შინაარსის ტექსტები და ფოტოებიც განათავსა. ზოგიერთი მათგანის აზრით კი, ქალები უმეტეს შემთხვევაში თავად არიან ძალადობის მაპროვოცირებელნი, რადგან გვიან ღამით არაფხიზელ მდგომარეობაში „დაეხეტებიან სახიფათო ადგილებში“.

თუმცა, ამგვარი კომენტარების მიუხედავად, ონლაინ ფლეშმობი კვლავ განაგრძობს პოპულარობის მოპოვებას. მედიამკვლევარი ვარვარა ჩუმაკოვა ამბობს, რომ ამგვარ აქციას საზოგადოების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია.

„ტელევიზია და მეინსტრიმ კინემატოგრაფი გადატანილი სექსუალური ძალადობის ტკივილის გაშიშვლებით სულაც არაა დაინტერესებული. მას მასების ინტერესების გათვალისწინება შეუძლია და არა ინდივიდების – ინდივიდებს იგი კლიშეებად და ეგზოტიკად აქცევს. ამჟამად ამგვარი რამ მხოლოდ სოციალურ მედიას ხელეწიფება – იგი კონკრეტულ ადამიანს პირად გამოცდილებებზე საუბრის საშუალებას აძლევს, და ეს იმის პარალელურად, რომ მისი ხმა საერთო ნაკადში ერთიანდება. ამით განცდილი ძალადობის პრივატული სამყარო ამ ტკივილზე დუმილის საჯარო სამყაროს უკავშირდება. ასე იქცევა ძალადობაგამოვლილთა გამოცდილება საჯარო სივრცის ნაწილად, რაც თავის მხრივ სხვა საჯარო დისკურსს აგებს“, – ვკითხულობთ სოციალური ქსელის გვერდზე.

ხვალ, კიევის საზოგადოებრივი თეატრი Q Playback Theatre ჰეშთეგზე ატვირთული ყველაზე დრამატული პოსტების სპექტაკლ-განხილვას აწყობს.