"საფარის" საქმეები / იურიდიული დახმარება

თბილისის საქალაქო სასამართლომ მარიკა წივწივაძის დედის სარჩელი დააკმაყოფილა

დღეს, 25 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა თალიკო თხელიძის სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ. “საფარის” სარჩელი მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა მარიკა წივწივაძის დედისთვის და შვილისთვის. იმის გამო, რომ პოლიციამ არაჯეროვანი რეაგირება მოახდინა მოკლულის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე და გამოძახებების შემთხვევებში, სასამართლომ შსს-ს მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა როგორც თალიკო თხელიძისთვის, ასევე მოკლულის შვილისთვის, სრულწლოვანებამდე, ყოველთვიური სარჩოს სახით.

გადაწყვეტილება ძალაში ჯერ არაა შესული, მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილია გამოცხადებული. გაასაჩივრებს თუ არა მოპასუხე მხარე გადაწყვეტილებას, ჯერჯერობით უცნობია.

ამის პარალელურად, “საფარს” მარიკა წივწივაძის მკვლელობის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც მიჰყავს.

შეგახსენებთ მაკა წივწივაძის მკვლელობის ისტორიას.

2013 წლიდან მოყოლებული, მარიკა წივწივაძე ლაშა მაღრაძესთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა. თანაცხოვრების პერიოდში, წივიწვაძე მეუღლის მხრიდან ხშირად გამხდარა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. მუდმივი ეჭვიანობის ნიადაგზე, ლაშა მაღრაძე მარიკა წივწივაძეს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევდა, სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. გარდა ამისა, წივწივაძეს ქმარი სისტემატურად ემუქრებოდა მისი და მისი შვილის სიცოცხლის მოსპობით.

მსხვერპლმა პოლიციას ჯერ კიდევ ლაშა მაღრაძესთან თანაცხოვრების პერიოდში, 2014 წლის აპრილში მიმართა.

ქმრის მხრიდან წამოსული აუტანელი ძალადობის გამო, 2014 წლის სექტემბერში მარიკა წივწივაძემ ლაშა მაღრაძის სახლი დატოვა და საცხოვრებლად თბილისში, დედასთან გადავიდა. ამის შემდეგ, ყოფილი ქმარი მაკას მოკვლით ემუქრებოდა.

2014 წლის 26 სექტემბერს მაკა წივწივაძემ 112-ში დარეკა და მიუთითა, რომ ყოფილი მეუღლე მკვლელობის მუქარის შემცველ მესიჯებს უგზავნიდა.

მაღრაძემ შეტყობინებებით მუქარა არ იკმარა. იგი რეალურად მივიდა მარიკას სახლთან, მას კარებზე უბრახუნებდა, მისი კუთვნილი ავტომობილის განადგურებით ემუქრებოდა. მაკამ პატრული გამოიძახა, რის შესახებ ლაშასაც უთხრა. მაღრაძე მიიმალა. ადგილზე მოსულმა პოლიციელებმა განაცხადეს, რომ ვინაიდან მოძალადე ადგილზე არ იმყოფებოდა, შეუძლებელი იყო მისი დაკავება. მათი თქმით, ვინაიდან მოძალადე რუსთავში ცხოვრობდა, შემაკავებელი ორდერიც რუსთავში უნდა გამოწერილიყო, მათ კი რუსთავთან შეხება არ ჰქონდათ.

ორი დღის შემდეგ, ლაშა მაღრაძე მაკას საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან დაესხა თავს, თუმცა პატრულის მოსვლამდე გაქცევა მოახერხა. პატრულმა მაკას და დედამისს უთხრა, რომ მოძალადის დაჭერის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდათ, თუ მაღრაძე მაკას დაარტყამდა ან დაასახიჩრებდა. მაკას დედას, თალიკოს თხელიძეს, ერთ-ერთმა პატრულმა კონფლიქტის მოგვარებაში ვაჟიშვილების ჩარევა ურჩია.

მომდევნო დღეებში, მაკამ კიდევ ორჯერ გამოუძახა პატრულს. ერთ-ერთი შემთხვევის დროს, ლაშა მაკას ტაქსით დაედევნა. არც ერთ გამოძახებას კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება არ მოჰყოლია. პოლიციელების უმოქმედობის და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განუხორციელებლობის გამო, სულ მალე ტრაგედია დატრიალდა – 2014 წლის 17 ოქტომბერს ლაშა მაღრაძემ მარიკა წივწივაძეს სამსახურში, ილიაუნიში, მიაკითხა, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.