სექსუალური ძალადობა

ინდოეთში ადამიანებით ვაჭრობასთან მებრძოლი აქტივისტი ქალები გააუპატიურეს

ინდოეთის ჯარხანდის შტატში, შეიარაღებულმა კაცებმა მოიტაცეს და გააუპატიურეს არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივისტი ქალები, რომლებიც ქუჩაში ტრეფიკინგის წინააღმდეგ აქციაში მონაწილეობდნენ.

გოგონები მანქანებში ჩატენეს და „განცალკევებულ ადგილას“ წაიყვანეს. შემთხვევას შტატის პოლიცია იძიებს, თუმცა ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

დანაშაულის მსხვერპლნი ქუჩაში აქციას ტრეფიკინგის შესახებ პერფორმანსის სახით ხუნთის შორეულ ოლქში ატარებდნენ.

„აქციის დასრულების შემდეგ, ისინი ადგილობრივი კათოლიკური მისიის სკოლისკენ გაემართნენ. დაახლოებით იმავე დროს, სკოლას შეიარაღებული ადამიანები მიუახლოვდნენ. მათ ჯგუფიდან ხუთი გოგონა მოიტაცეს, ისინი ჯუნგლებში წაიყვანეს და იქ გააუპატიურეს“, – აცხადებენ პოლიციაში.

გოგონები უკვე პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფებიან და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ელიან.

გამოძიების ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, შესაძლოა, დამნაშავეები ადგილობრივი დაჯგუფების მომხრეები იყვნენ, რომელიც რეგიონში „უცხოების“ მიმართ აგრესიულია. ეს დაჯგუფება მხარდაჭერილია ხუნთის ოლქში მცხოვრები ტომების მიერ. მან ირგვლივ მომხვდურთათვის გამაფრთხილებელი ნიშნებიც კი დაკიდა.

ხუნთი ინდოეთის ერთ-ერთი ის რაიონია, სადაც ტრეფიკინგი ყვავის. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ამ და ჯარხანდის შტატის კიდევ ოთხ რეგიონში, ადამიანებს განუკითხავად იტაცებენ. მოტაცებულთა შორის, ძირითადად გოგონები არიან: მათ ადამიანებით მოვაჭრეებზე ჰყიდიან. ყველაზე ხშირად, გაყიდულ გოგონებს შინამოსამსახურეებად გზავნიან დელისა და სხვა მსხვილი ქალაქების მდიდარ სახლებში.

ინდოეთის პოლიციის შეფასებით, 2005-დან 2015 წლის ჩათვლით, ამ ხუთ ოლქში რამდენიმე ათასი ბავშვი მოიტაცეს, 2016 წელს კი ინდოეთში გაუპატიურების 40 000 შემთხვევა დაფიქსირდა. მხოლოდ მაისში, ჯარხანდის შტატში მოზარდი გოგონების გაუპატიურების სამი შემთხვევა მოხდა, რის შემდეგაც მათი ცოცხლად დაწვა სცადეს. ჯარხანდის შტატის მოსახლეობის 28%-ს ტომები შეადგენს.

ინდოეთის მთავრობას ბოლო წლების მანძილზე სექსუალური ძალადობის შესახებ არსებული კანონის გამკაცრებამ მოუწია, რადგან რამდენიმე გახმაურებული თავდასხმის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა მასობრივ პროტესტში ჩაება.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საქმე 2012 წელს დელის სარეისო ავტობუსში სტუდენტი გოგონას ჯგუფური გაუპატიურება გახდა. თავდასხმის შედეგად, გოგონა გარდაიცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ ტრაგედიასთან დაკავშირებით, კანონი მნიშვნელოვნად გამკაცრდა, ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის დონე ინდოეთის ღრმად პატრიარქალურ საზოგადოებაში კვლავ მაღალი რჩება.

წყარო: bbc.com