სექსუალური ძალადობა

ლიბანში მოძალადის ციხისგან დამხსნელი კანონი გააუქმეს

ოთხშაბათს, 16 აგვისტოს, ლიბანის პარლამენტმა 1940-იანი წლებიდან არსებული კანონი გააუქმა, რომელიც მოძალადეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებდა, იმ შემთხვევაში, თუ იგი მსხვერპლზე დაქორწინდებოდა.

პარლამენტის წევრმა იბრაჰიმ ქენაანმა (Ibrahim Kenaan) განაცხადა, რომ ეს ნორმა უკვე კარგა ხანია, დრომოჭმული და გასაუქმებელია, რადგან თანამედროვე სამყაროში, სადაც თავისუფლება, თანასწორობა და სამართლიანობა ფასობს, ქალს კაცის თანაბარი უფლებები აქვს.

ლიბანის კანონმდებლობით, გაუპატიურება შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება, ან უფრო მკაცრად, თუ მსხვერპლი შშმ პირია. მაგრამ, 522 მუხლი მოძალადეს ციხისგან იცავდა. ახლოაღმოსავლელი კონსერვატორები, რომლებიც ამ კანონს ემხრობოდნენ, ამტკიცებდნენ, რომ ამ შემთხვევაში, ქორწინება გამოსავალი იყო და იგი ქალსა და მის ოჯახს სირცხვილისგან იხსნიდა.

ქალთა უფლებდამცველებმა ბევრი კამპანია ჩაატარეს ამ მუხლის გაუქმების მოთხოვნით. მათი თქმით, ცვლილება კანონში ქვეყანაში სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების რიცხვს შეამცირებდა.

Human Rights Watch მიესალმება 522 მუხლის გაუქმებას, თუმცა, ორგანიზაციაში ლიბანის წარმომადგენელი ბასამ ხავაჯა (Bassam Khawaja) ამბობს, რომ ეს საკმარისი არაა, რომ პარლამენტმა წერტილი უნდა დაუსვას ადრეულ ქორწინებასა და ქორწინებაში გაუპატიურებას, რაც დღესდღეობით კანონიერად მიიჩნევა.

Human Rights Watch-ის ინფორმაციით, მსგავსი მუხლი ძალაში რჩება ალჟირში, ქუვეითში, ლიბიაში, ერაყში, პალესტინის ტერიტორიებზე, სირიაში, ასევე ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში, ფილიპინებსა და ტაჯიკეთში.

იორდანიაში, თურქეთში, ტუნისში, მაროკოსა და ეგვიპტეში მსგავსი ნორმატიული აქტები უკვე გაუქმებულია.