სექსუალური ძალადობა / სტატიები / ქალზე ძალადობა

მითები გაუპატიურების შესახებ

Öèôðîâàÿ ðåïðîäóêöèÿ íàõîäèòñÿ â èíòåðíåò-ìóçåå Gallerix.ru

მითები გაუპატიურების შესახებ – სექსუალურ ძალადობაზე ის მცდარი წარმოდგენებია, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. ხშირად, ამგვარი მითები რაღაც კონკრეტული ვითარებიდან მოდის და სექსუალური ძალადობის შესახებ ადამიანების ზოგად წარმოდგენას განაპირობებს, რაც ხშირ შემთხვევაში, პატრიარქალური საზოგადოების წინასწარგანწყობებითაა ნაკვები.

მითი: გაუპატიურება – იგივე სექსია

ფაქტი: გაუპატიურების დროს, ხდება ძალადობის აქტი, ეს კი სიცოცხლისთვის საშიში სიტუაციაა. შესაძლოა, მსხვერპლის სექსუალური მიმზიდველობა მოძალადის მიერ გაუპატიურების გადაწყვეტილების მიღების წამახალისებელი ფაქტორი იყოს, მაგრამ მისი ქმედების უმთავრესი მოტივები დამორჩილება, ძალაუფლება, კონტროლი და აგრესიაა. მოძალადეების უმრავლესობას ხელმისაწვდომი სექსუალური პარტნიორი ჰყავს. მოძალადე სიამოვნებას კონტროლისა და დაქვემდებარებისგან იღებს. იმდენად, რამდენადაც ამგვარი სიამოვნება ძალზე ხანმოკლეა, მოძალადე უკვე ახალ მსხვერპლს უწყებს ძებნას. ძალზე ხშირად, გაუპატიურების აქტი მსხვერპლის სიკვდილითაც სრულდება, რადგან ეს უკანასკნელი ბოროტმოქმედს ბოლო მომენტამდე წინააღმდეგობას უწევს.

მითი: ქალები მოძალადე კაცებს პროვოკაციაზე აგებენ.

ფაქტი: კვლევები გვიჩვენებს, რომ გაუპატიურებების შემთხვევები უმეტესწილად ადრე დაგეგმილია. გაუპატიურების მსხვერპლნი ნებისმიერი გარეგნობისა და ასაკის ქალები, ბავშვები და კაცები არიან. ძალადობის შესაძლებლობა ერთადერთი ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს, გადაწყვეტს თუ არა მოძალადე დანაშაულის ჩადენას.

მითი: თუ გაუპატიურების საფრთხე არსებობს, „სწორად მოქცევის“ შემთხვევაში, მისი თავიდან აცილება შესაძლებელია.

ფაქტი: რადგან გაუპატიურება მსხვერპლის სიცოცხლეს ემუქრება, ერთადერთი, რაც მსხვერპლს შეუძლია გააკეთოს, – ეს საკუთარი ინსტინქტების მიხედვით მოქმედებაა. თუ მსხვერპლი ცოცხალი დარჩა, – ეს უკვე „სწორად მოქცევად“ შეიძლება ჩაითვალოს.

მითი: გაუპატიურების მსხვერპლმა მომხდარის შესახებ არ უნდა ილაპარაკოს, სჯობს, „უბრალოდ ყველაფერი დაივიწყოს“.

ფაქტი: ამ რჩევას ის ადამიანები იძლევიან, რომლებსაც საკუთარი ემოციური კომფორტი უფრო აღელვებთ, ვიდრე მსხვერპლის გრძნობები. ყველა, ვისაც გაუპატიურების შემთხვევა გამოუვლია, უნდა დაელაპარაკოს ამის შესახებ ახლობელ ადამიანებსა და პროფესიონალებს. მსხვერპლები, რომლებიც მომხდარის შესახებ არავის უმხელენ და ყველაფერს გულში იმარხავენ, ჩვეულებრივ ცხოვრებას გაცილებით ძნელად უბრუნდებიან.

მითი: გაუპატიურებისგან მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმა გამოგონილი პრობლემაა, ჯანმრთელი ადამიანების უმრავლესობა ცხოვრების ჩვეულ რითმს მომხდარიდან რამდენიმე თვეში უბრუნდება.

ფაქტი: გაუპატიურების გამოცდილება ადამიანის მთელს ცხოვრებას ცვლის. მან შესაძლოა ფსიქიკაზე დამანგრეველი ზემოქმედება იქონიოს. გაუპატიურების მსხვერპლთა ნაწილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ემართება. ეს სერიოზული ფსიქიკური აშლილობაა, რომელსაც შესაძლოა მთელი ცხოვრება არაფერი ეშველოს.

მითი: კაცებს არ აუპატიურებენ.

ფაქტი: აშშ-ში გაუპატიურების 10 შემთხვევიდან 1-ში მსხვერპლი კაცია.

მითი: ინცესტი ძალზე იშვიათი მოვლენაა.

ფაქტი: ინცესტი ნებისმიერ საზოგადოებაში ძალზე გავრცელებულია. ბავშვებზე სექსუალურად მოძალადეთა დაახლ. 77% მშობლები არიან (მათ შორის 57% ბიოლოგიური მშობელია), 16% – ნათესავები, 6% კი – უცხო ხალხი. შემთხვევათა 95%-ში მოძალადე კაცია.

მითი: სექსუალური ძალადობა იმდენად იშვიათი მოვლენაა, რომ საერთოდ არავის ვიცნობ, ვისაც ეს გამოუვლია.

ფაქტი: ყოველ 98 წამში, სექსუალურ ძალადობას ერთი ამერიკელი ექვემდებარება. სექსუალური ძალადობა ყველგანაა გავრცელებული. უფრო მეტიც: თქვენს ახლობლებში, მეგობრებსა თუ ნაცნობებში არიან ადამიანები, რომლებსაც იგი გამოუცდიათ. გაუპატიურების მსხვერპლები ძალადობაზე ძალზე იშვიათად საუბრობენ. ბევრი მათგანი მეხსიერებიდან ამ ყველაფრის უკვალოდ წაშლასაც ცდილობს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ტრავმა ტრავმად რჩება და მან ნებისმიერ მომენტში შესაძლოა ამოხეთქოს.

მითი: ქალები გაუპატიურების შესახებ ცრუ განგაშს ტეხენ.

ფაქტი: გამოძიების ფედერალური ბიუროს სტატისტიკის თანახმად, გაუპატიურებაზე პოლიციის გამოძახებების 2%-ზე ნაკლები არის ცრუ. ეს მაჩვენებელი სხვა ნებისმიერ დანაშაულზე ცრუ გამოძახების მაჩვენებელზე მეტი და ხშირი სულაც არაა.

მითი: მოძალადის გარეგნობით ამოცნობა შესაძლებელია.

ფაქტი: მოძალადეებს არანაირი სპეციფიკური გარეგნული ნიშნები არ გააჩნიათ. შესაძლოა, ისინი მეგობრულები, ნორმალურები და უწყინარებიც კი გვეჩვენონ, იყვნენ ახალგაზრდები, ჰყავდეთ ოჯახი და ბავშვები.

მითი: ქალებს მოსწონთ მოძალადე კაცები, მოსწონთ გაუპატიურება.

ფაქტი: გაუპატიურება ნამდვილად არავის სურს. ფანტაზიები აგრესიულ სექსზე სრულად კონტროლდება თავად კონკრეტული ადამიანის მიერ და ამის შეჩერება ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი. გაუპატიურების შემთხვევაში კი, მსხვერპლს ხელთ კონტროლის არანაირი ბერკეტი არ გააჩნია, რომ პროცესი შეაჩეროს.

მითი: ცოლის გაუპატიურება შეუძლებელია.

ფაქტი: იდეა იმის შესახებ, რომ კაცის მიერ ცოლის გაუპატიურება შეუძლებელია, მომდინარეობს იქიდან, რომ გათხოვილ ქალს პირადი უსაფრთხოების უფლება არ გააჩნია. იმ ქალების უმრავლესობა, რომლებსაც ქმრები სცემენ, ქორწინებაში გაუპატიურების ამა თუ იმ ფორმის მსხვერპლია. აგრეთვე, გვხვდება ყოფილი ან ცალკე მცხოვრები ცოლის გაუპატიურების შემთხვევები. ეს შურისძიების და დაქვემდებარების ერთ-ერთი გამოხატულებაა.

მითი: აუპატიურებენ მხოლოდ იმ ქალებს, ვინც „ღირსია“.

ფაქტი: არანაირი სხვა დანაშაულის დროს, მსხვერპლზე ამდენი წნეხი არ მოდის, როგორც გაუპატიურებისას. ამ დროს, მსხვერპლი თავის მართლების მუდმივ რეჟიმშია. ბევრი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ აძლევს ხელს საზოგადოებას გაუპატიურების მსხვერპლის დადანაშაულება. მთავარი მიზეზი საკუთარი დაცულობის გრძნობაა. თუ ვინმეს სჯერა, რომ ქალი „ღირსი იყო და თვითონაა დამნაშავე“, – ეს იმის წინაპირობაა, რომ თუ „ღირსი არ ხარ და მოძალადეს არ იწვევ“, გაუპატიურების მიზნით თავდასხმისგან სრულიად თავისუფალი ხარ. ასეთი მოსაზრება ძირისძირობაშივე მცდარია და საზიანოა პირველ რიგში მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ გაუპატიურების მიზნით ხელს არასოდეს ახლებენ. სინამდვილეში, „არა“ ნიშნავს „არას“, და სიტუაციას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

მითი: გაუპატიურება უკუნ ღამეში ხდება, უკაცრიელ შუკებში.

ფაქტი: გაუპატიურება შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროსა და ადგილას. გაუპატიურების ბევრი შემთხვევა დღისით ხდება, შესაძლოა მსხვერპლის სახლშიც კი.

მითი: როგორც წესი, მოძალადეები უცხო ადამიანები არიან.

ფაქტი: ზოგიერთი მონაცემის თანახმად, გაუპატიურების მსხვერპლთა 70% მოძალადეს ადრეც იცნობდა. მოძალადე შესაძლოა იყოს ნათესავი, მეგობარი, თანამშრომელი ან კაცი, რომელსაც პაემანზე შევხვდით.

მითი: გაუპატიურების საფრთხის ქვეშ მხოლოდ მიმზიდველი ახალგაზრდა ქალები არიან.

ფაქტი: გაუპატიურება შეიძლება დაემუქროს ნებისმიერს, ნებისმიერ დროს. ასაკი, სოციალური კლასი ან ეროვნება ის კრიტერიუმები არ არის, რომლის მიხედვითაც მოძალადე მსხვერპლს არჩევს. კვლევები გვიჩვენებს, რომ იმას, თუ რა აცვია ქალს, ან როგორ იქცევა იგი, აბსოლუტურად არანაირი გავლენა არ აქვს მსხვერპლის შერჩევის ფაქტზე. მოძალადის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად უსუსური და დაუცველი ჩანს მსხვერპლი; მოძალადეები სუსტ ადამიანებს ეძებენ.

აშშ-ში სექსუალური ძალადობის სტატისტიკის მონაცემებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.