"საფარის" საქმეები / ბლოგები / სიახლეები

“მომეცით საშუალება ვირწმუნო, რომ სამართალი არსებობს” – ძალადობაგამოვლილი ქალის წერილი მოსამართლეს

წერილის ავტორი ქალი 4 დღეში, 28 თებერვალს სააპელაციო სასამართლოს სხომას ელოდება. მის ყოფილ ქმარს ბრალი მუქარის მუხლით აქვს წარდგენილი. გასულ წელს, საქალაქო სასამართლომ კაცი გაამართლა. მოსამართლე დავით მგელიაშვილმა განაჩენის გამოცხადებისას თქვა, რომ ვერ წარმოიდგინა, განათლებული და კარიერულად რეალიზებული ქალი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, რატომ აიტანდა ძალადობას წლების განმავლობაში. ვერ წარმოიდგინა, ამიტომ, ჩათვალა, რომ ძალადობა არც ყოფილა.
აღსანიშნავია, რომ კაცი ქალზე ძალადობისთვის ერთხელ უკვე იყო ნასამართლევი. 2017 წელს სასამართლომ მუქარისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის პირობითი მსჯავრი მიუსაჯა და 15 300 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ქალის ინტერესებს „საფარი“ იცავს.

 

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძეს,

პატივცემულო მოსამართლევ, მე 45 წლის ძალადობაგამოვლილი ქალი ვარ. ძალადობაგამოვლილი და ფიზიკურად გადარჩენილი. ფიზიკურად გადარჩენილი, მაგრამ არა მორალურად, ფსიქიკურად, ემოციურად, ან ცხოვრების ხარისხით.

მოძალადე რომ ფიზიკურად ან ფსიქოლოგიურად მოგერევა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს შენ განადგურებას, თუ, რა თქმა უნდა, ცოცხალი გადარჩი. ძალადობაგამოვლილი ქალის განადგურება სწორედ მაშინ იწყება, როცა ის მხარდაჭერას ვერ იღებს საზოგადოებისგან, პოლიციისგან, სასამართლოსგან

თქვენო ღირსებავ, მე 17 წელი ვიცხოვრე მოძალადესთან, მიუხედავად იმისა, რომ პირველივე დღეებიდან მივხვდი, უნდა გავქცეულიყავი. ინგლისურად ვაწარმოებდი დღიურს, რომ მოძალადეს არ წაეკითხა და ვგეგმავდი, როგორ დამეღწია მისგან თავი (ეს დღიური საქმის მასალებშია). დიახ, 17 წელი დამჭირდა, რომ საბოლოოდ მომეკრიბა ძალა და გავქცეულიყავი ისე, რომ აღარ დავბრუნებულიყავი. ყოველ ჯერზე, როცა წასვლას დავაპირებდი, იყო მუქარა: „ხო იცი, რომ გაგანადგურებ, არ გაცოცხლებ, სპასობნი ვარ, შენი დედა … “. სწორედ ამიტომ, შეიძლება ფიზიკურად გადავრჩი, მაგრამ აღარ ვარ ის ადამიანი, ვისაც ბრძოლის ძალა შერჩა. ამ დღეებში ვიპოვე 2008 წლის ექსპერტიზის დასკვნაც და აქვე გირთავთ. ვიცი, რომ ამის გათვალისწინებას ახლა ვერ შეძლებთ, მაგრამ გთხოვთ, დაფიქრდით – მომავალში რა გარანტიაა, რომ ასეთი დაუსჯელობის სინდრომით იმედმოცემული მოძალადე იგივეს არ გაიმეორებს?

დარწმუნებული ვარ, მამა ან ძმა ხართ, ან მეუღლე და გაიგებთ, რას ნიშნავს, როცა ქალი პოლიციას უხმობს და პოლიციელები ეუბნებიან – „მამა ან ძმა არ გყავს, პატრონი არ გყავს, შვილო, რომ ამას საკადრისი პასუხი გასცეს?“

არ მყავდა არც მამა გვერდით, – 26 წელი უგზო-უკვლოდ იყო დაკარგული – არც ძმა მყავს, მაგრამ განა სწორი იქნებოდა მათი ჩართვა ამ უბედურებაში? განა ეს უარესი უბედურების საწყისი არ იქნებოდა ყველასთვის?

მაშინ, როცა ვიფიქრე, რომ თავი დავაღწიე მას, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი და სხვებთან ერთად ვემსახურებოდი საქართველოს, აღმოვჩნდი კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში – თმებამოგლეჯილი, ტვინის შერყევით, შეშუპებების, სისხლჩაქცევებისგან დეფორმირებული სხეულით და ძალიან მცირე იმედით, რომ ამ ყველაფერს გავუძლებდი.

2017 წელს, საავადმყოფოდან ჩემ გამოწერამდე მოსამართლემ მოძალადე საპროცესო გარიგებით გაათავისუფლა. მაშინ მე ნამდვილად მინდოდა სიკვდილი, რადგან დავკარგე რწმენა, რომ ოდესმე იმ მონსტრისგან თავს დავაღწევდი. ეს რწმენა თქვენმა კოლეგა მოსამართლემ დამაკარგვინა.

დღესაც, როცა მოძალადე ჩემი სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ამჯერად მოსამართლე [დავით] მგელიაშვილმა ის გაამართლა, რადგან ვერ წარმოიდგინა, წარმატებული და მით უმეტეს, ძალოვან სტრუქტურაში ნამუშევარი ქალი რატომ არ მიმართავდა სამართალდამცავებს, თუ ის დევნის, თვალთვალის და მუქარის ქვეშ იყო.

დაავიწყდა ან დაივიწყა მოსამართლე მგელიაშვილმა, რომ მაშინ, როცა მოძალადის მიმართ გამამტყუნებელი (ოღონდ, მაინც შეუსაბამოდ მსუბუქი) განაჩენი დადგა, მე სწორედ ძალოვან უწყებაში ვმუშაობდი და თუ ვინმემ სამართლიანობის რწმენა დამიკარგა, ეს სწორედ ის  მოსამართლე იყო, ჩემი საავადმყოფოდან გამოწერამდე მოძალადე რომ სახლში გაუშვა.

დაავიწყდა ან დაივიწყა მოსამართლე მგელიაშვილმა, რომ ამ ფაქტის შემდეგ, ისევ დევნის და თვალთვალის ობიექტი გავხდი და თან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს – მაშინაც კი, როცა ძალოვან უწყებაში ვმუშაობდი და სწორედ ასეთი სასამართლო გადაწყვეტილების გამო არ მივმართე სამართალდამცავებს.

უიმედობა, რომ სამართალი არ არსებობს, საკონტროლო გასროლასავითაა ძალადობის მსხვერპლისთვის.  მოძალადე თუ ვერა, აი ასეთი გადაწყვეტილებები ნამდვილად უღებს ბოლოს ქალს.

თქვენო ღირსებავ, მომეცით საშუალება, ვირწმუნო, რომ სამართალი არსებობს. თქვენ მაინც იმოქმედეთ თქვენი სინდისის, სამართლის და ღირსების პრინციპების დაცვით. ნუ გამიმეტებთ მორალური სიკვდილისთვის კიდევ ერთხელ და ნუ აიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ადამიანი, რომელიც მემუქრება, რომ „მილიონს გადაიხდის, ყველას და ყველაფერს იყიდის და აუცილებლად გამამწარებს“,  უსაფრთხოა ჩემთვის.

მომეცით საშუალება, მშვიდად ვიცხოვრო საკუთარ ქვეყანაში, მშვიდად ვაკეთო საკუთარი საქმე და ვიზრუნო შვილებზე, რომლებიც ძალიან დაზარალდნენ ამ ყველაფრით.

ცუდად ნუ გამოიყენებთ მოსამართლე მგელიაშვილივით იმ ფაქტს, რომ წარმატებული და ძლიერი ქალი ვარ – ეს ყველაფერი ჩემი შერყეული ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობის და გაუსაძლისი ტკივილების ხარჯზეა.  ძალადობის მსხვერპლი ყველგან შეიძლება იყოს. ვის, თუ არა მოსამართლეს, კარგად უნდა ესმოდეს ეს.

არ მინდა, ვიყო საცოდავი და უსუსური იმისთვის, რომ ირწმუნოთ ჩემი. შესაძლოა, ჩემი წილი სიმართლე კიდევ უფრო მეტად ყოფილიყო წარმოჩენილი, რომ მე, როგორც დედას, არ დამეზოგა ჩემი შვილები. ამის გაგებასაც, იმედი მაქვს, შეძლებთ. ხელფეხშეკრული ვარ დღესაც, ვიმოქმედო ჩემი სიმართლის და სინდისის შესაბამისად; ვიბრძოლო ღიად, საზოგადოებრივ ასპარეზზე; დაუფარავად და ყველა კანონიერ საშუალებას მივმართო, როგორც იმსახურებს მოძალადე, იმიტომ, რომ ჩემი შვილები არ დაზარალდნენ კიდევ უფრო მეტად… განსაკუთრებით სენსიტიურია ეს ჩემი 15 წლის შვილისთვის, გიორგისთვის, რომლის ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას, არ გავითვალისწინო ეს ყოველივე. თუმცა, აბსოლუტურად არ ითვალისწინებდა შვილებს მოძალადე, როცა მათ თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი.

თქვენო ღირსებავ, გთხოვთ სამართლიან გადაწყვეტილებას, რომ ვირწმუნო, მოძალადეები აუცილებლად იქნებიან დასჯილნი და ძალადობის მსხვერპლის უსაფრთხოება იქნება მთავარი ამოსავალი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას.

გთხოვთ, დაარწმუნეთ სამართლიანი გადაწყვეტილების რწმენადაკარგული, დამცირებული და განადგურებული ქალი, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობენ ისეთი მოსამართლეებიც, რომელთაც კარგად აქვს გააზრებული, რომ ყველა მოძალადემ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა ნებისმიერი სახის ძალადობაზე. თუნდაც ეს პასუხისმგბელობა იყოს არა ფიზიკური ფორმით, არამედ პირობითი მსჯავრით ან ჯარიმით. დაე იცოდნენ, რომ დანაშაული დაუსჯელი არასოდეს დარჩება და ყველა თანაბარ პასუხს ვაგებთ, მიუხედავად სქესისა ან ფინანსური უძლეველობისა.

გთხოვთ,  მომცეთ რწმენა,  რომ მოძალადემ სამართალი ვერ „იყიდა“ და ბოლოსდაბოლოს გაიგებს, რომ არ შეუძლია, მომექცეს, როგორც ნივთს, როგორც მას სურს და ამისთვის პასუხი არ აგოს.

მომეცით საშუალება, დაცულად ვიგრძნო თავი – ამით თქვენ ათასობით სხვა ძალადობის მსხვერპლ ქალს მისცემთ იმედს, რომ შეიძლება გადარჩეს და წარმატებასაც მიაღწიოს. იყოს არა ძალადობის მსხვერპლი, არამედ ძალადობაგამოვლილი, ღირსეული, ძლიერი და ამაყი, რომელმაც იბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის.