საფარის ბენეფიციარს, რომელიც ქმართან გაცილებულია, ბავშვის ნახვის დღეებში ყოფილმა მეუღლემ პოლიციაში იმის გამო უჩივლა, რომ ტელეფონზე საუბრისას მან თავის მცირეწლოვან შვილს შენიშვნა მისცა ჩაცმულობის გამო, რომლითაც ბავშვი იმყოფებოდა სკოლაში/ექსკურსიაზე.
ამ ინციდენტის გამო, მცირეწლოვანი ბავშვის მამამ დედის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერის გამოწერის მოთხოვნით პოლიციას მიმართა. შედეგად, პოლიციის თანამშრომლებმა დედას შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.
შემაკავებელი ორდერის თანახმად, დედას აეკრძალა შვილთან ურთიერთობა 15 დღის ვადით.
ბავშვის დედამ დახმარებისთვის კავშირ „საფარს“ მიმართა. „საფარის“ იურისტმა თეა თადაშვილმა დედის მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი სასამართლოში გაასაჩივრა.
2019 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სარჩელი დააკმაყოფილა და დედის წინააღმდეგ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი გააუქმა. სასამართლომ მოუსმინა შემაკავებელი ორდერის გამოწერის პროცესში ჩართულ ყველა პირს, მათ შორის – პოლიციის მუშაკს, ბავშვის მშობლებს, სოციალურ მუშაკს და ფსიქოლოგს. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადაო შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია დედის მხრიდან შვილის მიმართ ძალადობას. შესაბამისად, ბავშვის საუკეთესო ინტერსების დასაცავად, არ იყო აუცილებელი დედის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა და ამ გზით დედის და შვილის ერთმანეთთან დაშორება, მათი ერთმანეთისგან იზოლაციაში ყოფნა.