"საფარის" საქმეები / იურიდიული დახმარება

საფარის საქმე: ძალადობის მსხვერპლი ქალი შვილთან ერთად საქართველოს დატოვებს

ა. მ.-ზე მეუღლე გამუდმებით ძალადობდა. მან დახმარებისთვის მიმართა პოლიციას, რის შედეგადაც, მცირეწლოვან შვილთან ერთად, გადაყვანილ იქნა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში.

ა. მ. არის სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე. მას საქართველოს ტერიტორიაზე არ ჰყავს ახლობლები. მისი ოჯახის წევრები და ნათესავები სომხეთის რესპუბლიკაში ცხოვრობენ. რადგან საქართველოში არ გააჩნდა სოციუმი, რომელიც მხარში ამოუდგებოდა, ქალი სრულიად მარტო აღმოჩნდა მოძალადე მეუღლის პირისპირ.

ა.-მ დახმარებისთვის მიმართა საფარს, რადგან სურდა, მცირეწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად წასულიყო სომხეთის რესპუბლიკაში. ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ბავშვის მამა. შესაბამისად, მისი თანხმობის გარეშე, ა. ვერ ახერხებდა ბავშვისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებას და ქვეყნის ტერიტორიის დატოვებას მასთან ერთად. ის იძულებული იყო, ეცხოვრა თავშესაფარში, რადგან სხვა საცხოვრებელი ადგილი საქართველოში არ გააჩნდა.

საფარის ადვოკატმა მას დახმარება გაუწია სამოქალაქო-სამართლებრივ დავაში. სასამართლოს მეშვეობით, მოთხოვნილ იქნა ა.-ს მცირეწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა დედასთან, მამის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების და საზღვრის გადაკვეთის ნაწილში. ასევე, რადგან ა. მ.-ს ეწურებოდა თავშესაფარში ყოფნის ვადა, მოთხოვნილ იქნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.

ბავშვის მამამ შეგებებული სარჩელით მოითხოვა, ბავშვის საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრულიყო მხოლოდ მასთან.

სასამართლოს წარედგინა არაერთი  მტკიცებულება, მათ შორის – სრულყოფილი ინფორმაცია იმ საცხოვრებელი პირობების შესახებ, რომელიც ექნებოდა არასრუწლოვანს დედასთან ცხოვრების დროს – სომხეთის რესპუბლიკაში. მოპასუხე არც ერთ სასარჩელო მოთხოვნას არ დაეთანხმა. იგი მოითხოვდა, რომ არასრუწლოვანს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, უნდა ეცხოვრა საქართველოში მამასთან, რომელსაც, მისივე თქმით, ჰქონდა უკეთესი მატერიალური მდგომარეობა და უკეთ შეძლებდა ბავშვზე ზრუნვას. თუმცა, აღნიშნულის დამდგენი მტკიცებულებები მან სასამართლოს ვერ წამოუდგინა.

არაერთი დაძაბული სასამართლო პროცესის შემდგომ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ა. მ.-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მიეცა დაუყონებლივ აღსასრულებლად. ა. შეძლებს, 11 თვის შემდეგ დატოვოს თავშესაფარი თავის არასრუწლოვან შვილთან ერთად  და წავიდეს საცხოვრებლად მშობლების სახლში, სადაც  მას ელოდებიან ოჯახის წევრები და საჭიროების შემთხვევაში, ყველანაირ თანადგომას გაუწევენ.