"საფარის" აქტივობები / სიახლეები

საფარმა და საია-მ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინეს

2023 წლის 25 მაისს საფარმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით სასამართლო მეგობრის წერილობითი მოსაზრება წარუდგინა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეზე ბუდუ შეყილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. მოქალაქე ბუდუ შეყილაძე საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონის იმ ნორმას, რომელიც ქალებისათვის პენსიის მიღების ასაკად ადგენს 60 წელს, ხოლო მამაკაცებისათვის – 65 წელს. მოქალაქე ბუდუ შეყილაძე დავობს იმის თაობაზე, რომ ის, როგორც მამაკაცი ქალებთან შედარებით ის იმყოფება დისკრიმინაციულ მდგომარეობაში. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქალების საპენსიო ასაკი გაიზრდება 60-დან 65 წლამდე და გაუთანაბრდება მამაკაცების საპენსიო ასაკს.

საია და საფარი მათ მიერ წარდგენილ სასამართლო მეგობარში მიუთითებენ იმაზე, რომ მართალია, ქალი და მამაკაცი სამართლებრივი თვალსაზრისით არსებითად თანასწორნი არიან, თუმცა მატერიალურ რესურსებთან წვდომის თვალსაზრისით, ქალი და მამაკაცი ფაქტობრივად უთანასწორო მდგომარეობაში იმყოფებიან. საქმე იმაშია, რომ მშობიარობის და შვილის გაჩენის გამო ქალებს, მამაკაცებთან შედარებით, არა აქვთ უწყვეტი შრომითი კარიერა. ამასთან სახლის დალაგება, საჭმლის მომზადება, ჭურჭლის და სარეცხის დარეცხვა, ბავშვებზე და ოჯახის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და უფრო ასაკის წევრების მოვლა არის არაანაზღაურებადი შრომა, რასაც საქართველოში უფრო მეტი ქალი ასრულებს ვიდე მამაკაცი. სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში მითითებული სტატისტიკა აჩვენებს იმას, რომ ქალები თავისი დროის დიდ ნაწილს არაანაზღაურებად შრომაში ატარებენ, ხოლო მამაკაცები ძირითადად ანაზღაურებად შრომას ეწევიან. ოჯახის წევრებზე ზრუნვის მოტივით ქალები უარს ამბობენ სამუშაოზე, დაწინაურებაზე და შესაბამისად, სამსახურში გაზრდილ პასუხისმგებლობაზე, ირჩევენ სამსახურს ნახევარ განაკვეთზე, რაც ნიშნავს კაცებთან შედარებით, ქალების მიერ ნაკლები შემოსავლის მიღებას.

ამასთან სტატისტიკა მიუთითებს იმაზე, რომ ქალები მამაკაცებთან შედარებით ნაკლებად ხდებიან უძრავი ქონების მესაკუთრეები. ამის მიზეზია ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, ქონება მემკვიდრეობით გადადის „გვარის გამგრძელებელ“ მამაკაცებზე. ქალები ასევე წარმოდგენილნი არიან ძირითადად წვრილ ბიზნესში, ხოლო მსხვილ ბიზნესში ძირითადად მამაკაცები დომინირებენ. ამ გარემოების გათვალისწინებით, გამორიცხულია ქალს ჰქონდეს ფინანსური დანაზოგი, რითაც სიბერეში ის თავის რჩენას მოახერხებს. ქალები, მამაკაცებისაგან განსხვავებით სიბერის პირველ წლებს ხევდებიან სათანადო მატერიალური უზრუნველყოფის გარეშე. შესაბამებად, კაცებთან შედარებით ქალებისათვის ნაადრევი ასაკიდან პენსიის მიღების შესაძლებლობა ემსახურება ფაქტობრივი უთანასწორობის აღმოფხვრას, რაც გამოწვეულია მთელი ცხოვრების განმავლობაში ქალის მიერ საოჯახო არანაზღაურებადი შრომის შესრულებით.

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: „სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.“ სქესის ნიშნით განსხვავებული საპენსიო ასაკით სახელმწიფო მიზნად ისახავს აღმოფხვრას, ქალსა და მამაკაცს შორის არსებული ფაქტობრივი უთანასწორობა, რაც კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნას წარმოადგენს.

ქვეყნები, რომლებმაც გაათანაბრეს ქალების და კაცების საპენსიო ასაკი, ეს გააკეთეს მას შემდეგ, რაც გაიზარდა ეკონომიკურად აქტიური ქალების რიცხვი და მოგვარდა ქალებისა და მამაკაცების თანაბარი ანაზღაურების არარსებობის პრობლემა. იმავეს ვერ ვიტყვით საქართველოზე, შესაბამისად, კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი სპეციალური ღონისძიება, ქალებისათვის ნაადრევი საპენსიო ასაკის არსებობის სახით, კვლავაც აქტუალურია.