„მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების საჭიროების კვლევა“ – ასე ჰქვია დოკუმენტს, რომლის პრეზენტაცია გაიმართა დღეს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. კვლევა “საფარის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაია პატარაიამ და ორგანიზაციის პროექტების კოორდინატორმა, კვლევის ასისტენტმა, შალალა ამირჯანოვამ წარადგინეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მედია და კვლევაში მონაწილე ქალები. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც იმსჯელეს სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობაზე, ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტში აქტივიზმის შესაძლებლობებსა და მექანიზმებზე.
კვლევის ავტორია გენდერის მკვლევარი გიორგი ურჩუხიშვილი. საველე სამუშაოების ფარგლებში, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში გამოიკითხა მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 200-მდე ქალი. კვლევის მიზანი იყო გამოგვევლინა, რა ბარიერების გამო ვერ ახერხებენ მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები ადგილობრივ პოლიტიკაში ჩართვას.
“გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და სამოქალაქო მონიტორინგში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის ხარისხს ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ასეთი ხელისშემშლელი ფაქტორები შეიძლება იყოს ადგილობრივ დონეზე მოქალაქეებისა და სახელმწიფოს შორის ეფექტური ინსტიტუციონალიზებული საკონსულტაციო მექანიზმების არარსებობა; მოქალაქეთა დაბალი მზაობა და ინტერესი, ზეგავლენა მოახდინონ საჯარო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე და ა. შ. ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში კი, ამ ფაქტორებს ემატება სხვა დამატებითი ბარიერები”, – ვკითხულობთ კვლევაში.
კვლევის მიზანი სწორედ იმ დამატებითი ბარიერების გამოვლენა იყო, რომლებსაც სპეციფიკურად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები აწყდებიან. აღმოჩნდა, რომ რესპონდენტები რამდენიმე საერთო პრობლემის წინაშე დგანან, მათ შორისაა: ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო, კულტურული, ჯანდაცვასთან დაკავშირებული და სოციო-ეკონომიკური გამოწვევები.
“აღნიშნული კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემებისა და საჭიროებების მოგვარების შემდგომ, შესაძლოა, ადგილობრივი ქალების სამოქალაქო და ადგილობრივ პოლიტიკურ აქტივობებში ჩართულობა და მონაწილეობა გაიზარდოს”, – ვკითხულობთ კვლევაში, რომლის ელექტრონულ ვერსიას რამდენიმე დღეში გავასაჯაროვებთ.
კვლევის რეგიონული მხარდამჭერები არიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, “სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი” და რადიო მარნეული.
კვლევა ჩატარდა პროექტის – „მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის გაზრდა“ ფარგლებში. აღნიშნული პროექტის მიზანია ადგილობრივი პოლიტიკების შემუშავებასა და მონიტორინგში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების ჩართულობის ხელშეწყობა. სამომავლოდ, დაგეგმილია მათი გადამზადება, შესაბამისი უნარების გამომუშავება და ინფორმირება ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ.
პროექტს, „მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის გაზრდა“, ახორციელებს ორგანიზაცია „საფარი“ ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.