ადრეული ქორწინება

სახელმწიფოს მიდგომები ადრეული ქორწინებისადმი დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საქორწინო და საოჯახო კოდექსის თანახმად, საქორწინო ასაკად დაწესებული იყო 18 წელი. გამონაკლისის შემთხვევაში, „მშრომელთა დეპუტატების რაიონული და საქალაქო საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებს შეეძლოთ საქორწინო ასაკის შემცირება, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლით“ (საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საქორწინო და საოჯახო კოდექსი, 1971 წ).

საბჭოთა კავშირის დაშლამ და ეროვნული მოძრაობის აღზევებამ, ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემებისადმი ინტერესი გაამძაფრა. ამიტომაც, შობადობაზე, „ერის გამრავლებაზე“ ზრუნვა დამოუკიდებელი საქართველოს ახლადარჩეული მთავრობისთვის ლამის უპირველეს პრიორიტეტად იქცა. დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფოს პრიორიტეტად აცხადებს ადრეული ქორწინების პროპაგანდას მოსახლეობაში და ამის მეშვეობით, დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრის გზას ეძებს.

„გადავხედოთ ჩვენს სკოლებს, სადაც მერვე, მეცხრე და მეათე კლასელი გოგონები სიგარეტს წევენ (ზოგჯერ ნარკოტიზირებულს), ბიჭებთან ერთად, ბილწსიტყვაობენ და კიდევ სხვა უმსგავსობას სჩადიან. წარმოვიდგინოთ პერსპექტივაში მათ მიერ შექმნილი ოჯახები,  მათ მიერ აღზრდილი შვილები, მათ მიერ გახარებული დედ-მამა და სამშობლო, მათ მიერ გამრავლებული ერი“, – სწუხს საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ქართველი ერის დემოგრაფიულ პრობლემებზე მსჯელობისას (ზ. გამსახურდია: საქართველოს ყოფნა-არყოფნა (შობადობის პრობლემა).

საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრის 1991 წლის 30 აპრილით დათარიღებულ ბრძანებაში ვკითხულობთ:

უფროსკლასელთა საყოფაცხოვრებო პროფესიული დონის ამაღლებისა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს კანონის „ქალთათვის საქორწინო ასაკის 16 წლის დადგენის“ პროპაგანდის მიზნით ვბრძანებ:

ჩატარდეს პროფესიულ-შემეცნებითი, გასართობი კონკურსი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების X-XI კლასის გოგონებისთვის „საუკეთესო ახალგაზრდა დიასახლისის“ სახელის მოსაპოვებლად.

უფროსკლასელ გოგონათა პროფესიულ-შემეცნებითი, გასართობი კონკურსი „საუკეთესო ახალგაზრდა დიასახლისის“ სახელის მოსაპოვებლად ტარდება დევიზით „ოჯახი ერის ბურჯია“. სატელევიზიო გადაცემას ეწოდება „ქალიშვილი მზითვით“.

კონკურსის მიზანი

უფროსკლასელ გოგონათა საყოფაცხოვრებო პროფესიული დონის ამაღლება, მათი ყოველმხრივ მზადყოფნა ოჯახის შექმნისთვის და საქართველოს უზენაესი საბჭოს კანონის – ქალებისთვის საქორწინო ასაკის 16 წლის დადგენის პროპაგანდა“.

ადრეული ქორწინების წახალისების მხრივ მუშაობა საქართველოს ახლადარჩეულ ხელისუფლებას არ დასცალდა, თუმცა, იმ პერიოდში შობადობის სტიმულირების კუთხით ჩატარებული აქტიური კამპანიები მოსახლეობის განწყობაზე მაინც აისახა.

ეთერი, დიასახლისი: „იმ წლებში ყველანი აჟიტირებულები ვიყავით, საქართველოს დამოუკიდებლობასა და კეთილდღეობაში ჩვენი წვლილის შეტანა ყველას გვსურდა. დიდი პროპაგანდა მიდიოდა, ქართველი ერის გენოფონდის შევსებაზე ლაპარაკობდა ყველა. მე რა შემეძლო? – მხოლოდ შვილის გაჩენა. ორი ბიჭი მყავდა და 43 წლის ვიყავი, მაგრამ მაინც დავორსულდი და გოგო გავაჩინე. რომ მცოდნოდა, რა საშინელი წლები გველოდა – ომები, შიმშილი, მხედრიონის ტყვიების ზუზუნში დილიდან დაღამებამდე პურის და ნავთის რიგში დგომა, – რა თქმა უნდა, „ერის გამრავლებაზე“ ფიქრსაც კი არ გავივლებდი თავში. დღევანდელი გადასახედიდან, ეს ამბავი ძალიან სასაცილოდ მეჩვენება… ბავშვის გაჩენა ზრდასრული ადამიანის კარგად გააზრებული გადაწყვეტილება უნდა იყოს და არა – რაღაც აბსტრაქტული პროპაგანდის შედეგი…“.

თამარი, ბუღალტერი, 46 წლის: „დღევანდელ თინეიჯერებს ვერც კი წარმოუდგენიათ, როგორი იყო ჩემი თაობის თინეიჯერობა… ამ დროს არასრულწლოვანი გოგოს მოტაცება ისეთი ტრენდული იყო, რომ ლამის ყველა შეყვარებული დაქორწინებას „მოტაცება-გაპარვის“ სცენარით გეგმავდა. ჩემი მომავალი ქმარი ძალიან მომწონდა და ჩემი „მოტაცების“ გათამაშება თავიდან მომეწონა კიდეც, მაგრამ ამის შემდგომი ჩემი ცხოვრება არ აღმოჩნდა ისეთი მომხიბლავი, როგორც წარმომედგინა. ქორწილში თამადა იმ მომენტში ძალიან მოდურ „ეროვნულ“ სადღეგრძელოებს ისროდა – მეუბნებოდა, რომ ქართველი დედა, გმირი დედა უნდა ვყოფილიყავი და სამშობლოსთვის ბევრი ვაჟი, ბევრი შვილი გამეჩინა. მეც წარმოვიდგინე, რომ „ქართვლის დედა“ ვიყავი და ქვეყანას ბევრ და საამაყო შვილს ვუზრდიდი…

პირველი ორი ორსულობა თვითნებურად მომეშალა, შემდეგ კი აღარც დავორსულებულვარ. ჩემი ქმარი უნაყოფოს და ბერწს მეძახდა. ამ ყველაფერს ქვეყანაში არსებული გაუსაძლისი მდგომარეობა დაემატა და მოკლედ, იძულებული გავხდი, გუდა-ნაბადი ამეკრა და დედაჩემთან დავბრუნებულიყავი. იმ დროს საქართველოში ცხოვრება იმდენად ჯოჯოხეთურად გაძნელდა, რომ საბოლოოდ, ძალიან მიხაროდა, ამ მშიერ, უშუქო და უპატრონო ქვეყანაში ბავშვი რომ არ გავაჩინე… როგორ უნდა მქონოდა დედობის სურვილი მაშინ, როცა ჯერ თბილისის ომი მოხდა, შემდეგ კი მთელი ახალგაზრდობა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩაიხოცა? მაშინ ძალიან ბევრი ბავშვი დაობლდა და ბევრი ოჯახი გაუბედურდა…“.

*   *   *

1990-იან წლებში ადრეული ქორწინება, გოგონას განათლების შეწყვეტა და მოტაცება ხშირად ერთმანეთს უკავშირდებოდა. მოტაცების საშიშროების გასანეიტრალებლად, მშობლებს გოგონები სკოლიდან ნებაყოფლობით გაჰყავდათ და/ან გარიგებით მიათხოვებდნენ მათთვის სასურველ კანდიდატურას. მას შემდეგ, რაც მოტაცება სისხლის სამართლის დანაშაულად იქცა, ამგვარმა შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იკლო და ახლა იშვიათად ხდება.

თუმცა, არასწორი იქნებოდა იმის მტკიცება, რომ საქართველოში ადრეული ქორწინების პრობლემა წარსულს ჩაბარდა. სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „ადრეულ ასაკში ქორწინების და ნიშნობის პრაქტიკა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. პრობლემაა როგორც პრევენციის, ისე კონკრეტული შემთხვევების მართვის მხრივ. მიუხედავად იმისა, რომ 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაცია არ ხორციელდება, პრობლემად რჩება ფაქტობრივი თანაცხოვრების შემთხვევები. 2017 წლის მონაცემთან შედარებით (835 არასრულწლოვანი მშობელი), შემცირებულია, თუმცა კვლავ მაღალია ბავშვის დაბადებისას არასრულწლოვან მშობელთა რაოდენობა, კერძოდ, 2018 წელს მშობლად 715 არასრულწლოვანი დედა და 23 არასრულწლოვანი მამა დარეგისტრირდა“.

აღსანიშნავია, რომ სასოფლო დასახლებებში მცხოვრები 15­-17 წლის  გოგონების უფრო მაღალი პროცენტი (10,9 პროცენტი) იმყოფებოდა ქორწინებაში, ვიდრე საქალაქო დასახლებებში (4,4 პროცენტი). ამ ტიპის ქორწინებათა უმრავლესობა არ იყო  რეგისტრირებული (მოსახლეობის დინამიკა საქართველოში, 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაფუძნებული მიმოხილვა, UNFPA, თბილისი, 2017).

დღეს, ქალებისთვისაც და კაცებისთვისაც, საქორწინო ასაკი კანონით 18 წელია, თუმცა ზოგიერთ გამონაკლის შემთხვევაში, წინა წლებში დაშვებული იყო 16 წელიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1108 მუხლში, საქორწინო ასაკის შესახებ, მითითებული იყო: „16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მშობლების ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით, ხოლო შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სრულწლოვანი პირის ქორწინება – მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით. …. თანხმობაზე მშობლების ან მზრუნველის მიერ უარის თქმის ან თანხმობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში პატივსადები მიზეზების არსებობისას დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე დაქორწინების ნებართვის გაცემა შეუძლია სასამართლოს“.

2017 წლიდან, ძალაში შევიდა სისხლის სამართლის კოდექსის შესწორება, რითაც 18 წლამდე ასაკის პირის დაძალებით ქორწინებაში შეყვანა დასჯადი გახდა ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო 18 წლამდე მიუღწეველი პირებისთვის დაქორწინება სასამართლოს ნებართვითაც აიკრძალა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, სრულწლოვანი პირის სქესობრივი კავშირი თექვსმეტ წლამდე ასაკის პირთან ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 9 წლამდე ვადით.

როგორც ვხედავთ, სახელმწიფოს პოლიტიკამ ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით ბოლო 30 წლის მანძილზე მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. ქვეყნის წინაშე კვლავ მწვავედ დგას დემოგრაფიული პრობლემები, მაგრამ სახელმწიფო მათ გადაჭრას სხვა მეთოდებით და გზებით ცდილობს.

შორენა გაბუნია