ადრეული ქორწინება

ჯეიხუნ ნარზალოვი: ერთმა ბიჭმა მითხრა, თქვენი საუბრის მერე მივხდი, რომ თურმე ჩვენი სოფლის იქითაც არსებობს ცხოვრებაო…

როგორც მოგეხსენებათ, „საფარის“ პროექტი „ადრეული ქორწინების პრევენცია ქვემო ქართლში“, ნოემბერში წარმატებით დაიხურა. საგანმანათლებლო პროექტის მიზანი იყო ქვემო ქართლში ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის პრევენციის ხელშეწყობა, ასევე ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოება ქვემო ქართლის 90 სკოლაში, ეთნიკური აზერბაიჯანელი ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის პირობებში. ჯეიხუნ ნარზალოვი 20 ახალგაზრდას შორის ერთ-ერთი ტრენერი იყო, რომელმაც საინფორმაციო შეხვედრები გამართა ქვემო ქართლის მოსწავლეებთან.

რა ამპლუაში იყავით ჩართული პროექტში და მსგავს პროექტებში თუ მიგიღია მონაწილეობა?

ამ ხსენებულ პროექტში მე, როგორც ტრენერი, ისე ვიღებდი მონაწილეობას. ანუ, ეთნიკური აზერბაიჯანელების სკოლებში მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასელებს ნაადრევი ქორწინების პრობლემის შესახებ და ასევე გენდერულ თანასწორობის შესახებ საჭირო ინფორმაციას ვაწვდიდი. მინდა აღვნიშნო, რომ მსგავს პროექტში პირველად ვიღებდი მონაწილეობას და რომ პირადად ჩემთვის ეს პროექტი დიდი გამოცდილებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ნაადრევი ქორწინების პრობლემებისა და ეთნიკური უმცირესობების სკოლებში არსებული პრობლემების შესახებ სულ ზეპირად ვისმენდი, მაგრამ, ამ პროექტის ფარგლებში ყველაფრის მოწმე გავხდი. შესაბამისად, ანალიზიც გავაკეთეთ, თუ რა, რისთვის და როგორ უნდა გაკეთდეს.

რა მდგომარეობაა განათლების მიღების პრობლემებისა და ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირების თვალსაზრისით ქვემო ქართლის აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში?

განათლების მიღებისა და ინტეგრაციის თვალსაზრისით, შემიძლია გითხრათ, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს შორის სახარბიელო მდგომარეობა არაა. მართალია 2010 წლის მერე ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა, მაგრამ ეს საკმარისი არ გახდა, რომ არსებული პრობლემა მოგვარებულიყო. დღესდღეობით, ზემოთ აღნიშნულ სკოლებში საბჭოთადროინდელი კადრები ასწავლიან ბავშვებს. ასეთ ვითარებაში, როგორი მენტალიტეტიც უნდა იყოს სკოლებში, ეს უკვე ნათელია. სკოლის მოსწავლეები თითქმის (რომ არ ჩავთვალოთ რამდენიმე ერთეული სკოლა) გარესამყაროს მოწყვეტილნი არიან. ქართული ენის არცოდნა და სკოლის ბავშვების აქტივობებში ნაკლებად ჩართულობა მათ გარე სამყაროსგან წყვეტს. ასეთ პირობებში, ინტეგრაციაზე საუბარი ზედმეტია. ჩემი აზრით, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მომავალმა თაობამ თავი სრულყოფილი მოქალაქედ იგრძნოს. საქართველოს სხვა კუთხეებში, ზოგადად ყველგან, განათლების სისტემაში ბევრი სისუსტეა. მაგრამ, ეთნიკურ უმცირესობებში ეს პრობლემა ორმაგია, რადგან მას, სუსტ განათლებასთან ერთად, სახელმწიფო ენის არცოდნაც ემატება.

ენის არცოდნა, გინდა თუ არა, ადამიანს იზოლაციაში ამყოფებს. სკოლებში ჩვეულებრივი ფიზიკის ოთახი და ნორმალური სპორტული სივრცეც არ არსებობს. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ნაადრევი ქორწინება ერთადერთ გამოსავლად ეჩვენებათ მოსწავლეებს. მიმაჩნია, რომ ინტეგრაციის პროცესი ორმხრივი უნდა იყოს. ანუ, მე როცა მოვდივარ შენკენ, ასევე შენ მზად უნდა იყო ჩემს მისაღებად. სირცხვილია, დიდი სირცხვილია, რომ არაჩამოსული ადამიანები ჯერ კიდევ სახლმწიფო ენას არ ფლობენ და წლებია, ენის არცოდნა და ინტეგრაციის პრობლემა დღის წესრიგშია. ეს პატარა საქართველო ჩვენი სამშობლოა და აქ ქართველმა აზერბაიჯანელის, აზერბაიჯანელმა კი ქართველის ეროვნული ტრადიციები და კულტურა უნდა ისწავლოს და როგორც საკუთარი, ისე მიიღოს. რა თქმა უნდა, თუ ამ პატარა ოჯახში, საქართველოში, გვინდა სიყვარულით და ერთიანად ვიცხოვროთ და საერთო სამშობლოს განვითარებაში წვლილი ერთად შევიტანოთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ახალგაზრდები სამშობლოს დასაყრდენი ძალაა და ამიტომაც ახალგაზრდებს, განსაკუთრებით თითქმის გარიყულ აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. სხვა შემთხვევაში, ეს ახალგაზრდები თავს უცხოდ ჩათვლიან მუდამ და სხვა ქვეყნებში მოძებნიან ნუგეშს ან სითბოს. ეს კი ჩემს სამშობლოს არ გამოადგება, რადგან მტერი ყოველთვის ასეთი მომენტებით სარგებლობს და ეთნიკურ შუღლს აღვივებს.

როგორ ფიქრობთ, გამოიღებს თუ არა გრძელვადიან შედეგს საფარის დასახელებული პროექტი?

ვფიქრობ, რომ „საფარის“ ეს პროექტი გრძელვადიან პერიოდში დიდ შედეგს გამოიტანს. პირადად მე ამ პროექტის ფარგლებში სკოლებში რომ დავდიოდი, იქ მოსწავლეებს ნაადრევი ქორწინების პრობლემებთან ერთად ,განათლების შედეგებზე და აუცილებლობაზე ვესაუბრებოდი, ასევე იმაზე, თუ როგორ უნდა იყო კარგი მოქალაქე. ბავშვებს ძალიან უხაროდათ.

არ დამავიწყდება ის მომენტი, როდესაც ერთ სკოლაში ტრენინგის ბოლოს ვიკითხე, ვინ რა მიიღო-მეთქი ამ ტრენინგიდან? ერთი ბიჭი ადგა და მითხრა, თქვენი საუბრის მერე მივხდი, რომ თურმე ჩვენი სოფლის იქითაც არსებობს ცხოვრებაო… ახლა იქ არსებული მდგომარეობა წარმოიდგინეთ. ერთი სიტყვით ასეთი აქტივობები მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აღიშნული პროექტის ფარგლებში, ესსების, ნახატებისა და ფოტოების კონკურსიც ჩავატარეთ, სადაც ბევრმა მოსწავლემ თავისი თავის აღმოჩენა შეძლო. ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები დღეს ქვეყნის მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებში ვერ იღებენ მონაწილეობას. ნახევარ მილიონამდე ქართველი აზერბაიჯანელის არც ერთი წარმომადგენელი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში არ ჩანს, და არა მხოლოდ საფეხბურთო ნაკრებში. ბევრ სხვა ასეთ მნიშნელოვან სფეროებში ვერ ვნახავთ ამ ახალგაზრდებს. რატომ? ამის ნიჭი არ აქვთ თუ საჭირო პირობები და გარემო არ იქმნება? რა თქმა უნდა, საჭირო პირობები და გარემო არ იქმნება…

სამიზნე აუდიტორიას, ანუ სკოლის მოსწავლეებს, ყველაზე მეტად ამ პროექტის რა ნაწილი მოეწონათ?

მოკლედ გეტყვით, რომ სამიზნე აუდიტორიას პროექტის ფარგლებში ყველაზე მეტად თავიანთი უფლებებისა და ნაადრევი ქორწინების შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღება მოეწონათ. მაგრამ, არანაკლებ დაინტერესდნენ განათლებისა და კარგი მოქალაქის ფუნქციების შესახებ თემებით.

როგორ ფიქრობთ, ადრეული ქორწინების პრევენციისა და გოგონებისთვის განათლების მიღებისთვის ბრძოლა შედეგიანი რა შემთხვევაში იქნება?

დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მოზარდებისთვის საჭირო პირობების და გარემოს არარსებობის შემთხვევაში, არაფერს არანაირი შედეგები არ ექნება. აუცილებელია, რომ მოზარდი გოგონებისთვის სოფლებში საინტერესო გარემო შეიქმნას, სადაც ისინი თავიანთ თავს განავითარებენ. ამის შემდეგ იგრძნობენ ისინი, რომ საზოგადოებისთვის საჭირონი არიან და არა – მხოლოდ სუსტი არსებანი. უფლებების შესახებ მშრალი ინფორმაციის მიცემა წყალში გადაყრილი ენერგიაა. თუ გვინდა, ამ ყველაფერს საჭირო შედეგი მოჰყვეს, მაშინ უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოც უნდა  ჩაერთოს და გოგონებმაც სრულფასოვნად მიიღონ სამოქალაქო აქტივობებში მონაწილეობა. ამისთვის კი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, საჭირო პირობებისა და გარემოს შექმნა აუცილებელია.

ახლა რას საქმიანობთ?

ამჟამად საზოგადოებრივ მაუწყებელში 18:00- და 21:00-საათიან მოამბეს სინქრონულად ვთარგმნი. პროფესიით ჟურნალისტი ვარ. ასევე, სამოქალაქო აქტივობებით ვარ დაკავებული. სამწუხაროდ, როგორც ჟურნალისტს, რომელიმე ტელევიზიაში მუშაობის დაწყება დიდ პრობლემად მაქვს ქცეული. რა ვქნათ, ასეთ სივრცეში ვმუშაობთ, მაგრამ მჯერა, რომ ჩემს ოცნებას ავიხდენ და დასახულ მიზანს მივაღწევ.

ესაუბრა შორენა გაბუნია