2018 წლის 8 ნოემბრიდან, „საფარი“ იცავს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გოგონას ინტერესებს. ბავშვი გამოკითხულ იქნა შსს ისანი-სამგორის განყოფილების მიერ, თუმცა, გამოკითხვა ჩატარდა არასენსიტიური და არამგრძნობიარე ენით, რის გამოც, მსხვერპლი იყო ძალიან დათრგუნული.
ვინაიდან, საქმე ეხებოდა არასრულწლოვანს (8 წლის ბავშვს) და სახეზე იყო სექსუალური ხასიათის დანაშაული, მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან ასაცილებლად, „საფარის“ იურისტის რეკომენდაციით, არასრულწლოვანი გოგონა მის მიმართ განხორციელებულ გარყვნილ ქმედებასთან დაკავშირებით გამოკითხულ იქნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდში – აშშ-ის ბავშვის ჯანმრთელობის და ადამიანის განვითარების ეროვნული ინსტიტუტის ბავშვის დაკითხვა-გამოკითხვის სტრუქტურული მეთოდით – NICHD პროტოკოლით.
საქმეში განსაკუთრებული როლი მიუძღვით წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის თანამშრომლებს მაია ცირამუას და ანი ჭიღვარიას, რომლებმაც პირისპირ იმუშავეს როგორც თავად მსხვერპლთან, ასევე მის დედასთან, და ყველაფერი გააკეთეს, რაც სექსუალური ძალადობის არასრულწლოვან მსხვერპლთან მუშაობისას იყო საჭირო, მსხვერპლის ფსიქიკისთვის ზიანის აცილების მიზნით.
შედეგად, მის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძლადობის თაობაზე, ბავშვისაგან მიღებულ იქნა ამომწურავი ინფორმაცია.
ელისო რუხაძე, „საფარის“ იურისტი: „საქმეში იყო ბევრი სირთულე. ამიტომ, მონიტორინგის მიზნით, მივმართეთ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, „საფარმა“ არაერთი შუამდგომლობა და საჩივარი მოამზადა. ასევე, გამოძიების პროცესში არსებული ბარიერების გასაჯაროება მოხდა არაერთ სატელევიზიო გადაცემაში. შეიძლება ითქვას, რომ „საფარმა“ შეძლო არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს».
გუშინ, 2019 წლის 3 ივლისს, სექსუალური მოძალადე დაკავებულ იქნა. მას წაეყენა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით (ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან). დასახელებული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.