სექსუალობა

ახალ ზელანდიაში ანაზღაურებადი შვებულება ეკუთვნის ქალს, რომელსაც თვითნებური აბორტი ჰქონდა

ოთხშაბათს ახალი ზელანდიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, დედებს და მათ პარტნიორებს, ვისაც თვითნებური აბორტი ჰქონდა ან მკვდარი ახალშობილი გააჩინა, სამდღიანი ანაზღაურებადი შვებულება ეკუთვნით. ამჟამად, ახალზელანდიელი, ისევე, როგორც ზოგიერთი სხვა ქვეყნის დამსაქმებელი, უკვე ვალდებულია, დასაქმებული ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვას, თუ ორსულობა 20 კვირაზე მეტისაა, მაგრამ ახალი კანონპროექტი ორსულობის ვადებს აღარ ზღუდავს.

“მე ვგრძნობ, რომ ეს ქალებს გაამხნევებს და დაარწმუნებს იმაში, რომ საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ, პატარა შვებულება აიღონ, და უბრალოდ არ იყვნენ იძულებულნი, სტოიკურად ითმინონ და ცხოვრება ასე განაგრძონ, როცა იციან, რომ მწუხარების ფიზიკურად ან ფსიქოლოგიურად გადასალახად დრო სჭირდებათ”, – განაცხადა ჯინი ანდერსენმა (Ginny Andersen), პარლამენტის წევრმა ლეიბორისტული პარტიიდან, კანონპროექტის ავტორმა.

“ორსულობისას ბავშვის დაკარგვა ან მკვდარი ბავშვის გაჩენა სრულიად ნორმალური გამოცდილებაა, მაგრამ ნორმალური არ ნიშნავს ადვილს; რა თქმა უნდა, იგი ძალზე მტკივნეულია. მაგრამ, დიდი ხნის მანძილზე დუმილითა და სტიგმატიზაციით, პირველ რიგში ქალებს ვაიძულებდით, ისე განეგრძოთ ცხოვრება, თითქოს არაფერი მომხდარიყოს”, – დასძინა ასევე პარლამენტის წევრმა მწვანეთა პარტიიდან ჯენ ლოგიმ.

ჯინი ანდერსენი დასძენს, რომ კანონპროექტი აბორტებს არ ეხება, თუმცა, ზოგიერთმა პარლამენტარმა ეს საკითხიც სადაოდ მიიჩნია. “ის მწუხარება, ტკივილი და ტრავმა, რასაც ქალი აბორტის დროს განიცდის, და ის ფაქტი, რომ ამ კანონპროექტში ეს ქალი არაა მოხსენიებული, პირადად მე გაუგებრობაში მაგდებს”, – განაცხადა პარლამენტარმა ერიკა სტენფორდმა.

ანდერსენის თქმით, ეს კანონპროექტი, შესაძლოა, თავისი შინაარსით მსოფლიოში პირველია. ინდოეთში არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც, თვითნებური აბორტის შემდეგ ქალს ანაზღაურებადი შვებულება ეკუთვნის, მაგრამ ამ ქვეყანაში დამსაქმებელი შრომით კონტრაქტს იშვიათად აფორმებს და ამის გამო, ქალები თითქმის ვერასოდეს იყენებენ ამ კანონს.

ახალ ზელანდიაში ყოველწლიურად 5 900-დან 11 800-მდე თვითნებური აბორტი ან მკვდარშობადობა ხდება, ორსულობის მოშლის შემთხვევების 95% კი ორსულობის მე-12-მე-14 კვირებზე მოდის.

nytimes.com