სტატიები

სვეტლანა ალექსიევიჩი ბელარუსის პროტესტებზე წიგნს დაწერს

ბელარუსი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აგორებულ პროტესტებზე წიგნის დაწერას აპირებს.

ალექსიევიჩს წიგნის დაწერა ანტონ ჩეხოვის ციტატამ გადააწყვეტინა, რომ “ლიტერატურის ამოცანა – დიაგნოზის დასმაა”.

“ჩვენ გვსურს, შევქმნათ დამოუკიდებელი, აყვავებული ქვეყანა. მაგრამ როგორ? მე მწერალი ვარ და არა – პოლიტიკოსი, ჩემს წიგნში ამ კითხვაზე პასუხს ვეძებ. ჩვენ ამის მიღწევა სისხლისღვრის გარეშე გვსურს, და ეს იდეალისტური გეგმაა”, – ამბობს სვეტლანა. ამ მომენტისთვის, იგი ადამიანების მოგონებებს აგროვებს მომხდარი მოვლენების შესახებ.

პროტესტების პერიოდში, სვეტლანა ალექსიევიჩი ბელარუსის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმში შედიოდა. სექტემბრის ბოლოს, მან ქვეყანა დატოვა და გერმანიაში წავიდა. ნოემბერში ასზე მეტი მწერლის ხელმოწერილ ღია წერილს შეუერთდა, რომელიც ხელისუფლებისგან ძალადობის ესკალაციის შეჩერებას მოითხოვდა. სვეტლანას აზრით, ბელარუსი ამჟამად ორი საფრთხის წინაშეა – ლუკაშენკოსა და რუსეთის.

მოგვიანებით, მწერალმა განაცხადა, რომ ბელარუსში არ დაბრუნდება, სანამ ხელისუფლების სათავეში ალექსანდრ ლუკაშენკო დარჩება.

sueddeutsche.de