სექსუალობა / სტატიები

სასამართლო გადაწყვეტილება სქესობრივი მომწიფების დამბლოკავი პრეპარატების მიღებაზე გაუქმებულია

როგორც წესი, მკურნალობის საკითხები ექიმის კაბინეტებში წყდება და არა – ლონდონის უმაღლესი სასამართლოს ვიქტორიანულ დიდებულებაში. მაგრამ 2020 წელს სამმა მოსამართლემ დაადგინა, რომ 16 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებს არ შეუძლიათ ერთი კონკრეტული მკურნალობის – სქესობრივი მომწიფების დამბლოკავი პრეპარატების მიღების გადაწყვეტა. ეს ეხებათ მათ, ვისაც გენდერული დისფორია აქვს – თავის სქესთან დაკავშირებული ღრმა დისკომფორტი.

17 სექტემბერს სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა და განაცხადა, რომ ბლოკატორების დანიშვნის გადაწყვეტილებას ექიმები უნდა იღებდნენ. ეს გადაწყვეტილება საინტერესო იქნებოდა სპეციალისტი მედიკოსებისთვის, მაგრამ მსგავსი სამართლებრივი ეპოპეა მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება, რადგან გენდერული დისფორია – სწრაფად მზარდი დიაგნოზია და მისი მკურნალობის მეთოდები წინააღმდეგობრივია. გენდერული იდენტობის განვითარების მომსახურებაში (Gender Identity Development Service, GIDS), ინგლისის ერთადერთ სპეციალიზებულ ახალგაზრდულ კლინიკაში, 2009-10 წლებში არსებული კონტინგენტის რიცხვმა 77-ს, 2020-2021 წლებში კი 2383-ს მიაღწია. ანალოგიური მკვეთრი ზრდა აღინიშნება სხვა მდიდარ ქვეყნებშიც.

დასახელებული მკურნალობის მომხრეები მას “სიცოცხლის გადამრჩენს” უწოდებენ, სკეპტიკოსები კი მიუთითებენ იმის კლინიკური მტკიცებულებების არარსებობაზე, რომ იგი მართლაც მოქმედებს, და შეშფოთებას გამოთქვამენ გვიან ასაკში მოსალოდნელ სერიოზულ გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით. პირველი დადგენილების მიღების შემდეგ, GIDS-მ თავისი პაციენტების სქესობრივი მომწიფების ბლოკატორებით მკურნალობა შეაჩერა.

ორი ქეისი, რის საფუძველზეც სასამართლომ ზემოთხსენებული გადაწყვეტილება მიიღო, გვიამბობს, რომ GIDS-ში გენდერული დისფორიის მქონე პაციენტებს სქესობრივი მომწიფების ბლოკატორი პრეპარატები დაუნიშნეს. 16 წლის პაციენტი საწინააღმდეგო სქესის ჰორმონებს იღებდა, მას მკერდიც მოაცილეს, მაგრამ მოგვიანებით მან ინანა თავისი გადაწყვეტილება. სასამართლოს თავდაპირველი გადაწყვეტილება ეხებოდა იმის მტკიცებულების არარსებობას, მართლა ამსუბუქებს თუ არა გენდერულ დისფორიას სქესობრივი მომწიფების ბლოკატორები, და აღნიშნული იყო, რომ თითქმის ყველა პაციენტი, რომელისაც ეს მკურნალობა აქვს დანიშნული, საწინააღმდეგო სქესის ჰორმონებს იღებდა. ეს შეუქცევად ცვლილებებს იწვევს, მათ შორის – სხვადასხვა სქესის ნიშნების განვითარებას, მაგალითად წვერს და მკერდს, და ზრდის უნაყოფობის რისკს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ 16 წელზე უმცროს ბავშვებს არ შეუძლიათ ამ ყველაფრის შედეგების აწონ-დაწონა მთელი ცხოვრების მასშტაბით, რათა გააზრებული თანხმობა განაცხადონ.

მაგრამ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლო ამ გზით კლინიკურ პრაქტიკაში ჩაერია და თავისი კომპეტენციის ფარგლებს გასცდა. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მკურნალობის ეფექტიანობის თუ არაეფექტიანობის შესახებ დასკვნა, თუნდაც საკამათო, სჯობს, ექიმების კომპეტენციაში დარჩეს. იგი აღნიშნავს, რომ თავდაპირველ გადაწყვეტილებაში არაფერი იყო ნათქვამი იმის შესახებ, რომ GIDS-ის მფლობელებმა კანონი დაარღვიეს.

მოსარჩელეები დავის უმაღლეს სასამართლოში გაგრძელებას აპირებენ, მაგრამ იურისტების უმრავლესობა, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ შემდგომ აპელაციას წარმატების ნაკლები შანსი აქვს.

თუმცა, გადაწყვეტილების მიღების პრერგატივის ექიმებისთვის დაბრუნება იმას არ ნიშნავს, რომ სქესობრივი მომწიფების ბლოკატორების გამოყენების ირგვლივ გაშლილი კამათი დასრულდა. ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი ამ მკურნალობის გამოცდილების სამეცნიერო საფუძველს განიხილავს.

economist.com