დღეს, 5 დეკემბერს, სასტუმრო “რუმს თბილისში”, “კოალიცია თანასწორობისთვის” ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა, რომელზეც კოალიციაში შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს ე.წ. სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების აუცილებლობა შეახსენეს.
სტამბოლის კონვენციის ხელმომწერი ქვეყნები ვალდებულებას იღებენ, საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყონ ქალთა დაცულობა ოჯახში დანაშაულისაგან, აწარმოონ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის სტატისტიკა, ასევე იზრუნონ ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობაზე, ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციასა და დაცვაზე.
მიუხედავად იმისა, რომ “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ” ევროსაბჭოს კონვენციას, იგივე სტამბოლის კონვენციას საქართველო 2014 წელს შეუერთდა, მისი რატიფიცირება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება ამ დრომდე ჭიანურდება.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ სამინისტროს მზად აქვს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც მთავრობას მალე წარედგინება. ლორთქიფანიძის განმარტებით, კონვენციის რატიფიცირების გაჭიანურების მიზეზი ის იყო, რომ ხელისუფლება ცდილობდა, საკანონმდებლო ცვლილებებზე ფართო კონსესუსისთვის მიეღწია. თუმცა, თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ პროცესის გაჭიანურების მიზეზი მთავრობის წინა შემადგენლობის მხრიდან საარჩევნო სიის სავალდებულო გენდერული კვოტირების მიუღებლობა იყო.
კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ძალიან კარგია, თუმცა, არასრულყოფილი. ბაია პატარაიამ ხაზი გაუსვა, რომ სამინსიტროს მიერ მომზადებულ პაკეტში უნდა შევიდეს ჩანაწერი ქალებისთვის გენიტალიების დასახიჩრების შესახებ. “გენიტალიების დასახიჩრების მუხლი არ არის, რაც უნდა შედიოდეს. სექსუალური შევიწროება არ არის, რაც უნდა შედიოდეს. რაც შეეხება ფემიციდს, ამაზე დებატი უნდა განახლდეს. ეს შესაძლოა როგორც ცალკე მუხლად შევიდეს, ასევე დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვალოს. თუ იუსტიციის სამინისტრო არ გახნის ამ პაკეტს დამატებების შესატანად, პარლამენტში უნდა გაიხსნას”, – განაცხადა პატარაიამ.
ევროსაბჭოს კონვენცია “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ” ქ. სტამბოლში 2011 წელს მიიღეს. თუკი პარლამენტი სამინისტროს მომზადებულ ცვლილებათა პაკეტს დაამტკიცებს, დაისჯება ადევნება, სტერილიზაციის იძულება, შემაკავებელი ორდერის დასამტკიცებლად სასამართლო აღარ იქნება საჭირო და ამ მხრივ პოლიციის უფლებამოსილება გაიზრდება; მასწავლებლები ვალდებულები იქნებიან, რომ პოლიციას ინფორმაცია მიაწოდონ ოჯახში ძალადობის შესაძლო ფაქტის შესახებ და ა.შ.
ფოტო: 2030.news