გუშინ, 15 დეკემბერს, ისრაელის პარლამენტის სპიკერი იული ედელშტაინი (Yuli Edelstein) იძულებული გახდა, ეროვნული რადიოთი გამოსულიყო, რათა მოკლე კაბის ჩაცმასთან დაკავშირებული სკანდალი ოდნავ მაინც ჩაეცხრო. სპიკერმა განაცხადა, რომ საზოგადოების მღელვარება უსაფუძვლოა და ქნესეთს ირანად და თალიბანად გადაქცევა არ ემუქრება. მან ახალი დრეს-კოდის გადახედვის პირობა დადო.
სკანდალი კი დაახლოებით ათი დღის წინ დაიწყო, როდესაც ქნესეთის დაცვამ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში „არაკეთილგონივრულად“ ჩაცმული თანამშრომელი ქალების დაშვებაზე უარი განაცხადა. ქნესეთის ქალი თანამშრომლები აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ საკანონმდებლო ორგანოს დრეს-კოდში ცვლილებები ისე შევიდა, რომ მათ ამის შესახებ არც კი შეატყობინეს.
ოთხშაბათს, 14 დეკემბერს, ქნესეთის შესასვლელთან 30-მა ქალმა საპროტესტო აქცია გამართა. აქციის ყველა მონაწილეს მუხლს ზემოთ სიგრძის კაბა ეცვა.
კრიტიკოსებმა მომხდარი ფაქტი ქვეყანაში მზარდ სოციალურ და პოლიტიკურ კონსერვატიზმს დაუკავშირეს, რაც, პირველ რიგში, ქალებთან დამოკიდებულებებში აისახა.
მათ აქციას შეუერთდა ქნესეთის კაცი დეპუტატიც – თელ-ავივის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი ემანუელ ტრახტენბერგი (Emanuel Trachtenberg). აღშფოთებულმა პროფესორმა განაცხადა, თუ ამ მოვლენას უყურადღებოდ დავტოვებთ, ჩვენს ქალებს მალე ბურკას ტარებას აიძულებენო. ტრახტენბერგმა ქნესეთის შესასვლელში ერთგვარი პერფორმანსი მოაწყო: წელს ზემოთ გაიხადა, მაგრამ იგი ქნესეთში ამ მდგომარეობაშიც კი შეუშვეს.