თანასწორობის პოლიტიკა

ბიორკი შოუბიზნესში არსებულ სექსიზმზე საუბრობს

ბიორკმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც პრესას მუსიკალურ ინდუსტრიაში ქალების მიმართ სექსისტურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.

„ქალებისთვის მხოლოდ თავიანთ კაცებზე სიმღერაა ნებადართული. თუ ისინი ატომების, გალაქტიკის, აქტივიზმის, მათემატიკის ან კიდევ რაიმე სხვა თემას შეეხებიან, მაშინვე კრიტიკის ქარცეცხლი ატყდებათ თავს – ჟურნალისტებს მუდმივად ეჩვენებათ, რომ ამგვარი მუსიკა არასრულფასოვანია“, – ამბობს მუსიკოსი.

ბიორკის თქმით, კაცებს ნებისმიერ თემაზე სიმღერების შესრულების შესაძლებლობა აქვთ და ამის გამო მათ არავინ გაკიცხავს, რისი ფუფუნებაც ქალებს არ გააჩნიათ. ამიტომაც, მისი ალბომები Volta და Biophilia, სადაც „არაქალური“ თემა დომინირებს, ისეთი წარმატებული არ იყო, როგორც  Vulnicura, რომელიც განშორებისგან მიღებულ მძიმე განცდებს ასახავს. „მიიჩნევა, რომ თუ ჩვენს ცხოვრებაში არსებულ კაცებზე ან ბავშვებზე თვალცრემლიანნი არ ვმღერით, ე. ი. მსმენელს ვატყუებთ“, – განმარტავს ბიორკი.

ისლანდიელი მუსიკოსის ეს რემარკა მუსიკალური კრიტიკოსების ბოსტანში ნასროლი ქვაა, რომლებმაც 16 დეკემბერს ტეხასში მისი გამოსვლა უარყოფითად შეაფასეს.

შოუბიზნესში სექსიზმის შესახებ მუსიკოსს ადრეც უსაუბრია. საკუთარი გამოფენის გახსნაზე წარმოთქმულ სიტყვაში, ბიორკმა მუსიკალური ჟურნალისტიკა „კაცების კლუბად“ მოიხსენია და დასძინა, რომ კინოინდუსტრია მოწიფული ასაკის მსახიობ ქალებს ცუდად ექცევა.

პირველი დისკი ბიორკმა 11 წლის ასაკში ჩაწერა. ადრეულ ასაკში, იგი ჯგუფ Sugarcubes-ში გამოდიოდა. 1993 წელს მისი პირველი სოლო ინგლისურენოვანი ალბომი Debut გამოვიდა. 2015 წელს შემსრულებელმა ახალი დისკი გამოუშვა, სახელწოდებით Vulnicura.