დღეს, 20 ივლისს გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოში ალიმენტის გადაუხდელობის პრობლემის დარეგულირების შესახებ. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ქალთა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავროგო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები და დეპუტატები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე.
შეხვედრაზე “საფარის” მკვლევარებმა, გიორგი ურჩუხიშვილმა და ეკა ლომთათიძემ წარადგინეს კვლევები: “ალიმენტის გადაუხდელობა – კულტურული და საკანონმდებლო გამოწვევები საქართველოში” და “ალიმენტის განსაზღვრა და აღსრულება – საუკეთესო პრაქტიკის კვლევა”.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა განიხილეს საქართელოში არსებული ვითარება როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკული მიმართულებით. შეხვედრაზე იმსჯელეს, როგორ განისაზღვრება ალიმენტის ოდენობა დღეს და რა ხარვეზებია ამ მიმართულებით; რა ბერკეტები აქვს აღსრულების ბიუროს და რა მექანიზმებით ხდება აღსრულება ევროპის ქვეყნებსა თუ აშშ-ში; რა პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მშობელს ალიმენტის გადაუხელობის გამო და როგორ უნდა მოგვარდეს ალიმენტის გადახდის გაჭიანურების პარქტიკა. სამუშაო ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე, რომელიც უნდა დასრულდეს საკანონდმებლო ცვლილებების შესახებ კონკრეტული ინიციატივების შემუშავებით.
შეხვედრა გაიმართა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის UKAID-ს ფინანსრული ხელშეწყობით.