სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების განცხადება: საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მოლოდინში

საქართველოს მოქალაქეებო, გილოცავთ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას!

სიმბოლურია, რომ დღეს, 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს, ჩვენ შევიკრიბეთ აკაკისა და ილიას ძეგლთან, რომ ვისაუბროთ მომავლის იმ გზაზე, რომელიც ილიამ დაგვისახა.

ჩვენს ევროპელ მეგობრებს ყოველთვის ესმოდათ ქართველი ხალხის ხმა, ჩვენი სურვილი და მისწრაფება, ვიყოთ ევროპული ოჯახის ნაწილი. ევროკომისიამ მხედველობაში მიიღო ჩვენი ურყევი, საერთო ბრძოლა ევროპული მომავლისთვის და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების რეკომენდაცია გასცა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, „ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპულ მისწრაფებას. ეს მისწრაფება ხელისუფლებამ მეტად უნდა გაითვალისწინოს. ხელისუფლებამ უნდა გააღრმავოს თანამშრომლობა ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, და ფოკუსირდეს 12 რეკომენდაციაზე“.

საერთო ეროვნული მიზანი – გავხდეთ ევროკავშირის წევრი – ყოველგვარ პოლიტიკურ თუ სხვა განსხვავებებზე მაღლა დგას. ეს მიზანი მთელ საზოგადოებას, ყველა მოქალაქეს გვაერთიანებს. ამას ელის ევროკავშირი ჩვენგან. დღეს, ჩვენი ხმა უნდა გავაერთიანოთ ჩვენი მომავლისთვის და მივაწვდინოთ ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ლიდერს. დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, ქართველი ხალხის ხმა გადამწყვეტი იქნება.

ჩვენ წინაშე ახალი ამოცანა დგას – დღეიდან, დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ჩვენი, ქართველი ხალხის მტკიცე ნება და ხმა კიდევ ერთხელ გავაგონოთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, ჩვენს ერთგულ და ძლიერ ევროპელ მეგობრებს.