ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარების საქმეზე ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ განხილვა დაიწყო. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს, როგორც მოპასუხე მხარეს, უკვე გაუგზავნა შეკითხვები არაადამიანურ მოპყრობაზე, რასაც განიცდიდნენ ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელები.
საფარმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის მზურნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის 5 ყოფილი ბენეფიციარის სახელით 2023 წლის 13 აპრილს მივმართეთ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან ვითხოვთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამებისა და არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) და მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) მუხლების დარღვევის დადგენას. ჩვენი პოზიციაა, რომ ამ დაწესებულებაში არასრულწლოვნების უფლებები ირღვეოდა, რის შესახებაც სახელმწიფო ინფორმირებული იყო, თუმცა ეს მდგომარეობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ დაწესებულება ფუნქციონირებდა ლიცენზიისა და სახელმწიფოს ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე, რაც აღმზრდელებს საშუალებას აძლევდა ბოროტად გამოეყენებინათ თავიანთი პოზიცია და ეძალადათ აღსაზრდელებზე. გარდა ამისა, ამ სივრცეში ბავშვებს არ ჰქონდათ თვითგამორკვევის და განვითარების ხელშემწყობი გარემო. პანსიონის აღსაზრდელების მიმართ, წლების განმავლობაში, სისტემური არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მრავალი მტკიცებულების მიუხედავად, მიმდინარე გამოძიება არაეფექტურია – არ ჩატარებულა ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები, არავის მიმართ არ წარუდგენიათ ბრალი, ერთის გარდა არცერთ ბენეფიციარს არ აქვს დაზარალებულის სტატუსი და ა. შ.
საფარი ნინოწმინდის პანსიონის ყოფილ და მოქმედ აღსაზრდელებთან 2021-2022 წლებში ვმუშაობდით. ამ ხნის განმავლობაში მათ მივაწოდეთ როგორც იურიდიული, ისე სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისები.
ნინოწმინდის პანსიონმა ლიცენზია 2015 წელს მიიღო, თუმცა მას შემდეგ ორჯერ – 2017 და 2018 წლებში ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დარღვევის გამო დაჯარიმდა. 2015 და 2019 წლებში პანსიონის შესახებ სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიშები მოამზადა. დოკუმენტების მიხედვით, პანსიონში ირღვეოდა აღსაზრდელთა ფუნდამენტური უფლებები. 2020 წელს დაწესებულებაში არ შეუშვეს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკი, 2021 წელს (აპრილში) კი სახალხო დამცველის წარმომადგენელი. Ამავე წელს ორგანიზაციამ, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR) სასამართლოს მიმართა და დროებითი ზომების გატარება, მათ შორის სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის მონიტორინგის უფლების მიცემა მოითხოვა. Სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამის შემდეგ PHR-მა გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტს (CRC) მიმართა. CRC-მ დააკმაყოფილა PHR-ის მოთხოვნა და სახელმწიფო დაავალა, სახალხო დამცველისთვის პანსიონის მონიტორინგის საშუალება მიეცა, თუმცა უწყების წარმომადგენელი დაწესებულებაში ამის შემდეგაც არ შეუშვეს. Საბოლოოდ, სახალხო დამცველი პანსიონში 2021 წლის 28 ივნისს, მოგვიანებით კი 13 და 22 ნოემბერს შევიდა. 2021 წლის დეკემბერში სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა მორიგი ანგარიში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ, სადაც საუბარია დაწესებულებაში ბავშვთა მიმართ უფლებების დარღვევის არაერთ სავარაუდო შემთხვევაზე.
ნინოწმინდის, ასევე მარტვილის პანსიონის ყოფილი და მოქმედი აღსაზრდელების საჭიროებებისა შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დოკუმენტში 2022 წელს, „საფარის“ მიერ შემუშავებულ სარეკომენდაციო დოკუმენტში – „ბავშვთა პანსიონების ინსტიტუციური გამოწვევები და ბენეფიციართა საჭიროებები“.